სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.7 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2,542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39,207).
საქართველოს მოსახლეობის 61% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2%-ს.
2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1.8 მლნ შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1.9 მლნ. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია.
წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი.
საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 38 წელს შეადგენს.
ამავდროულად, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245,064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5%-ით გაიზარდა და 205,857 კაცი შეადგინა.
იმიგრანტების 75.9% და ემიგრანტების 62.2%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. ამასთან, იმიგრანტების 44.6%, ხოლო ემიგრანტების 66.7% საქართველოს მოქალაქეები არიან.