გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკული კვლევითი ცენტრ Ember-ის მონაცემებით, 2023 წელს, ევროკავშირის მასშტაბით, წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა შემცირდება. ბლოკის ქვეყნები, რუსეთის ენერგომიწოდებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, უკრაინის ომის შემდეგ, განახლებად ენერგიაზე გადასვლას უფრო მეტად აჩქარებენ.
Ember-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს წიაღისეული საწვავის მთლიანი წარმოება 20%-ით შემცირდება, ხოლო შედარებით ძვირად ღირებული ბუნებრივი აირის გამომუშავება ყველაზე სწრაფი ტემპით დაეცემა. რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერებას ენერგოხარჯების მკვეთრი ზრდა მოჰყვა, რის შემდეგაც ევროპამ ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება დაიწყო და უფრო მეტად დამოკიდებული გახდა წიაღისეული საწვავზე, რამაც ხელი შეუწყო ემისიების ზრდას.
მიუხედავად წიაღისეული საწვავის მოხმარებისა, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა მზისა და ქარის წყაროებიდან მიღებული ენერგიის სიმძლავრეც. ცნობისთვის, 2022 წელს, ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავებით ევროკავშირმა ელექტროენერგიის რეკორდულ 22%-ს მიაღწია, რაც პირველადაა მეტი ბუნებრივი აირის გამომუშავებაზე.
Ember-ის მოლოდინით, ბირთვული ენერგიის წარმოება 2023 წელს შედარებით უცვლელად შენარჩუნდება, რადგან გერმანული რეაქტორების მუშაობის შეჩერებას საფრანგეთის ბირთვული რეაქტორები აანაზღაურებენ. გარდა ამისა, ანალიტიკური ცენტრი მიმდინარე წელს, 2022 წლის გვალვის შემდეგ, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის 40-ტერავატ/საათით ზრდას ვარაუდობს.
ფაქტია, ელექტროენერგიის მაღალი ხარჯების გავლენით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ენერგომოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 8%-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ენერგიაზე მოთხოვნის კლებამ შესაძლოა, 2023 წელს წიაღისეული საწვავის გამოყენების საგრძნობი შემცირება გამოიწვიოს.
დატოვე კომენტარი