2023 წელს ოქროზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა

2023 წელს ოქროზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა

World Gold Council-ის (WGC) თანახმად, 2023 წელს მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა. ინვესტორებს უსაფრთხო აქტივად მიჩნეული ოქროს შეძენისკენ გეოპოლიტიკურმა რისკებმა და ჩინეთის ეკონომიკის არასტაბილურობამ უბიძგა.

გასულ წელს 4,899 ტონა ოქროს ტრანზაქციები განხორციელდა, 2022-ში კი მაჩვენებელი 4,741 ტონა იყო.

მოთხოვნის ზრდის მთავარი განმაპირობებელი, რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-ჰამასის ომებთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება გახდა, რამაც 2024 წელს ფასები შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს.

2023 წლის დეკემბერში ბირჟებზე ერთი უნცია ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2,100 დოლარს გადააჭარბა. ცენტრალური ბანკების შესყიდვები კი ზედიზედ მეორე წლის განმავლობაში გადასცდა 1,000 ტონას. ყველაზე მეტი ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ინვესტიციები ოქროს ზოდებში 28%-ით, 280 ტონამდე გაიზარდა. მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ოქროს სამკაულების შესყიდვებიც ყველაზე მეტი იყო და 603 ტონას შეადგენდა.

WGC-ის პროგნოზით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ოქროს შესყიდვები წინა წლის მაჩვენებელს გაუტოლდეს, თუმცა ინფლაციის პოტენციურმა კლებამ მოთხოვნის მკვეთრად შემცირების თავიდან არიდებას შეიძლება შეუწყოს ხელი.