საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $1.59 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული წინასწარი მაჩვენებელი 24%-ით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, კლების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სავალო ვალდებულებების შემცირებაა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კომპონენტების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია: მთლიანი მოცულობიდან $1.17 მილიარდი სააქციო კაპიტალმა შეადგინა, $1.27 მილიარდი კი – რეინვესტიციამ. სააქციო კაპიტალის მოცულობა წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 68.3%-ით აღემატება.
ანგარიშის მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით პირდაპირი ინვესტიციები 2023 წელს დიდი ბრიტანეთიდან განხორციელდა და მან $392 მილიონი შეადგინა. ის მთლიანი მოცულობის 24.6%-ს შეადგენს. ამ რეიტინგის მიხედვით მეორე ადგილს $360 მილიონით ნიდერლანდები იკავებს, მესამეზე კი თურქეთი იმყოფება ($168.8 მილიონი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 57.8%-ია. გასულ წელს $153.5 მილიონის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა აშშ-დან. მეხუთე ადგილზე კი $87.6 მილიონი დოლარით რუსეთია წარმოდგენილი. ათეულში ასევე შედიან მალტა, აზერბაიჯანი, ჩინეთი, იაპონია და ყაზახეთი.
ეკონომიკის სექტორების განაწილების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიცია საფინანსო-სადაზღვევო სექტორში განხორციელდა. მეორე ადგილზე დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი, მესამეზე კი სატრანსპორტო სექტორი იმყოფება. სხვა სექტორებთან შედარებით დიდი მოცულობით ინვესტიცია განხორციელდა ვაჭრობისა და ენერგეტიკის სექტორებშიც.