სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80.2 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 10.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.5%-ით განისაზღვრა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.6%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2%). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.5%), მშენებლობა (7.9%), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა.
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.6%), მშენებლობა (17.2%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.4%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.7%), ტრანსპორტი და დასაწყობება (13.3%), განათლება (18.9%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (19.1%), დამამუშავებელი მრეწველობა (3.3%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.1%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-15.4%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.5%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.8%).
აღსანიშნავია, რომ საქსტატმა გამოაქვეყნა 2023 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებიც, რომელთა თანახმადაც, ამ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 22.3 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 6.9% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება IV კვარტალში 0.7%-ით განისაზღვრა.