2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (227 მლნ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება გადარიცხვებს, დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34 მლნ დოლარი (91.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბრის (33.8 მლნ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით მეტია.
დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
- რუსეთი – 70.6 მლნ დოლარი (-77.8%);
- იტალია – 49.7 მლნ დოლარი (+15%);
- აშშ – 46.2 მლნ დოლარი (+34.7%);
- საბერძნეთი – 22.7 მლნ დოლარი (+9.6%);
- გერმანია – 21.6 მლნ დოლარი (+27.2%).
ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წელს საქართველოში სულ 4.1 მლრდ დოლარი გადმოიგზავნა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან, 4.4 მლრდ დოლართან შედარებით, 300 მლნ დოლარით, 6.8%-ით ნაკლებია.
წელსაც უმსხვილესი ჩამრიცხავი რუსეთის ფედერაცია იყო 1.5 მლრდ დოლარით, თუმცა მაჩვენებელი წლიურად 28.5%-ითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების სიდიდის მიხედვით ქვეყნების ათეულიდან რუსეთი ერთადერთია, საიდანაც გასულ წელს ჩარიცხვები შემცირდა.
2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ამ ქვეყნებიდან გადმორიცხეს:
- რუსეთი – 1.5 მლრდ დოლარი (-28.5%);
- იტალია – 518.6 მლნ დოლარი (+20.2%);
- აშშ – 456.4 მლნ დოლარი (+39.6%);
- საბერძნეთი – 242.3 მლნ დოლარი (+8.2%);
- გერმანია – 228.6 მლნ დოლარი (+39.1%);
- ისრაელი – 215.2 მლნ დოლარი (+8.1%);
- ყაზახეთი – 198.7 მლნ დოლარი (+32.4%);
- თურქეთი – 112.8 მლნ დოლარი (+11.7%);
- ესპანეთი – 62 მლნ დოლარი (+8.8%);
- საფრანგეთი – 53.4 მლნ დოლარი (+18.1%).
ამავდროულად, გასულ წელს, საქართველოდან უცხოეთში 355.9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც წლიურად 3.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ყველაზე მეტი ქვეყნიდან თურქეთში ($76.5 მლნ), რუსეთში ($44 მლნ), აზერბაიჯანში ($36.6 მლნ), უკრაინასა ($33.4 მლნ) და საბერძნეთში ($18.2 მლნ) გადარიცხეს.