2023 წელს თურქეთის მოსახლეობას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ივნისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მეზობლებმა უნდა გადაწყვიტონ, გაუხანგრძლივონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მმართველობა თუ ქვეყნის სადავეები ახალ ლიდერს გადააბარონ. საინტერესოა, რომ არჩევნებით არა მხოლოდ ის გადაწყდება თუ ვინ იქნება თურქეთის ლიდერი მომდევნო წლების განმავლობაში, არამედ ისიც თუ რა მიმართულებით განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა და რა როლს დაიკავებს თურქეთი თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურაში როგორც უკრაინასთან მიმართებით, ისე ახლო აღმოსავლეთში.
ივნისში დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერდოღანის რელიგიურ პრინციპებზე დაფუძნებულ, სამხედრო დიპლომატიური ვექტორის მქონე პოლიტიკასა და დაბალი საპროცენტო განაკვეთით პოზიციონირებად ეკონომიკას დიდ გამოცდას მოუწყობს.
მიუხედავად ნებისმიერი მოცემულობისა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანამედროვე თურქეთის ისტორიაში უდიდეს ადგილს დაიკავებს. მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაარსებული თანამედროვე თურქული რესპუბლიკის, სეკულარული სახელმწიფოს კვალი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პან-ისლამური ანდაც ნეო-ოსმალური მიმართულებით წაიყვანა. ამან კი მოსახლეობის განწყობები სხვადასხვაგვარად შეცვალა. შესაბამისად, სწორედ ივნისში დაგეგმილ არჩევნებზე გაირკვევა თურქეთის მოქალაქეების დამოკიდებულება ქვეყნის კურსთან მიმართებით.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკის კრიტიკოსები და ოპოზიციონერი კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებენ. კრიტიკის მთავარი მიმართულება ერდოღანის ცენტრალიზებული მართვის სტილი და უფლებრივი შეზღუდვებია. 2016 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის მიზეზით განხორციელებული რეფორმების შედეგები, კრიტიკოსთა აზრით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ამას ემატება ეკონომისტთა მოწოდებები არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებაც. ერდოღანის მიერ მხარდაჭერილი დაბალი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკამ თურქული ლირის ნიშნული 24-წლიან მინიმუმამდე დაიყვანა. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში თურქეთის ეროვნული ვალუტა 85%-ით გაუფასურდა. ოპოზიციური კანდიდატები კი ამ პრობლემებიდან გამოსავალს სისტემურ ცვლილებებში ხედავენ. მათი დაპირებები ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას, საპარლამენტო წყობაზე დაბრუნებასა და კონსტიტუციის განახლებას უკავშირდება.
საინტერესოა, რომ ერდოღანის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების კონტრიბუცია ექსპანსიური ხასიათის იყო. მისი პრეზიდენტობისას თურქეთმა სირიაში 4 სხვადასხვა მსხვილმასშტაბიანი სპეცოპერაცია წამოიწყო, იდლიბის პროვინციაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტთან ერთად პატრულირების ფორმატში ჩაერთო, განახორციელა რამდენიმე საჰაერო იერიში ქურთების პოზიციების წინააღმდეგ ერაყში, გაგზავნა სამხედრო დახმარება ლიბიაში, მხარი დაუჭირა აზერბაიჯანს ყარაბაღის მეორე ომში და მიაღწია ამ ტერიტორიებზე საკუთარი კონტინგენტის განთავსების „ნანატრ“ მიზანსაც.
გარდა ამისა, გაატარა საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა. დიპლომატიური დაძაბულობა ჰქონდა საუდის არაბეთთან ჟურნალისტ ჯამალ ხაშოჯის მკვლელობის საქმეზე, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საზღვაო საზღვრის საკითხებზე სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე გაიარა საბერძნეთთან, კვიპროსის საკითხზე კი კვიპროსთან საკუთარი პოზიციების განმტკიცებას მუდმივად ცდილობდა.
ამ პერიოდის განმავლობაში ერდოღანს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთანაც დაეძაბა. რუსეთისაგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების, S-400-ების ყიდვის შემდეგ თურქეთი მეხუთე თაობის გამანადგურებლების, F-35-ების პროგრამიდან ჩაიხსნა. ბოლო თვეების განმავლობაში მის პოზიციას დიდი მნიშვნელობა მიენიჭა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებითაც.
მიუხედავად მყარი საგარეო-პოლიტიკური იმიჯისა, ქვეყნის შიგნით შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ერდოღანისათვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მისი პარტია ქვეყანაში კვლავ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებაა, თუმცა საკუთრივ ერდოღანის რეიტინგი გამოკითხვების მიხედვით სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან მიმართებით სულ უფრო მცირდება.
შესაბამისად, ერდოღანი გარკვეული ღონისძიებების დახმარებით, რეიტინგის შენარჩუნებას ცდილობს. სწორედ ამას ემსახურებოდა ცოტა ხნის წინ მის მიერ მინიმალური ხელფასის გაორმაგების შესახებ გადაწყვეტილებაც.
საინტერესოა, რას სთავაზობს თურქეთის მოსახლეობას ოპოზიცია. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ნიშანდობლივი პოლიტიკის წინააღმდეგ 2 მთავარი და 4 შედარებით ნაკლებად პოპულარული ოპოზიციური პარტია გაერთიანდა. ოპოზიციურ ალიანსში მთავარ მოთამაშეებს სეკულარული „რესპუბლიკელ ხალხთა პარტია“ და ცენტრისტულ-მემარჯვენე ნაციონალისტური „IYI“ პარტია წარმოადგენენ. ალიანსის მთავარ დაპირებას სწორედ ცენტრალური ბანკისათვის დამოუკიდებლობის დაბრუნება და ერდოღანის ეკონომიკური პოლიტიკის სრულად საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება წარმოადგენს. მათი მიზანი ქვეყნის კვლავ საპარლამენტო მოწყობაზე გადაყვანა და ლტოლვილების სირიაში დაბრუნებაა. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი თურქეთის მოსახლეობის განწყობებზე დიდ გავლენას ახდენს. უკანასკნელი წლების განმავლობაში სირიიდან თურქეთში რამდენიმე მილიონი ლტოლვილი შევიდა.
დამასკოსთან ურთიერთობების გადახედვასა და ლტოლვილების უკან დაბრუნების საკითხზე ოპოზიციასთან ერთად, თავად პრეზიდენტიც აქტიურად საუბრობდა. თუმცა, ამის უსაფრთხოდ გაკეთების კონკრეტული გეგმა არცერთ მხარეს არ წარმოუდგენია.
ოპოზიციის მთავარ სისუსტეს კოორდინაციის მიუღწევლობა წარმოადგენს. 6 პარტიისაგან შემდგარი ალიანსი გაერთიანებული პლატფორმის ჩამოყალიბებას ცდილობს, თუმცა ვინ გაუწევს ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში წინააღმდეგობას, კვლავაც არ გადაწყვეტილა.
შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად არსებული ყველა პოტენციური კანდიდატი ერდოღანისათვის სუსტ მეტოქეს წარმოადგენს. „რესპუბლიკელ ხალხთა პარტიის“ ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ არასასურველ კანდიდატად მიიჩნევა. ამავე პარტიის კიდევ ერთი კანდიდატი, სტამბოლის მერი დეკემბერში საარჩევნო კანდიდატებისათვის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ამის პარალელურად, თურქეთის უზენაესი სასამართლო სიდიდით მესამე საპარლამენტო პარტიის, პროქურთული „ხალხთა დემოკრატიული პარტიისათვის“ საქმიანობის უფლების ჩამორთმევას განიხილავს და ანგარიშებიც გაუყინა. ამავე პარტიის ყოფილი ლიდერი კი 2016 წლიდან ციხეში იმყოფება პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის.
ოპოზიციური კანდიდატებისათვის საქმეს ართულებს პროსამთავრობო ტელევიზიების არსებობაც. ცნობისათვის, 2018 წელს ერდოღანისადმი დადებითად განწყობილი თურქული ტელევიზიების უმრავლესობამ, ოპოზიციურ კანდიდატებს საეთერო დრო თითქმის არ მისცა.
გამოდის, რომ მიუხედავად ერდოღანის არაეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკისა და არასეკულარული რეფორმებისა, ცვლილების მომხრე საზოგადოებას არ ჰყავს ის გამოკვეთილი ლიდერი, ვინც ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში ოპონირებას გაუწევს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მსგავსი მოცემულობა კი გარკვეულ მოლოდინებს ქმნის. ამას ისიც ემატება, რომ თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის პარტიას ივნისში დაგეგმილი არჩევნების თარიღის გადმოწევა სურს. პოლიტიკური მიმომხილველების მოსაზრებით, ოპოზიციური ალიანსის მიერ კანდიდატის სწორად შერჩევა გამარჯვების შანსებს პირდაპირპროპორციულად განაპირობებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პარტიას ამ შეუთანხმებლობით დროის მოგება და არჩევნების დაჩქარება სურს.
გარდა ამისა, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან სამიტის ჩატარებისა და ლტოლვილების საკითხის წინ წამოწევის შესაძლებლობა გააჟღერა. ამან კი შესაძლოა, ერდოღანის რეიტინგზე დადებითად იმოქმედოს.
დატოვე კომენტარი