საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს, 2019 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს თითქმის გაუთანაბრდა. როგორც სააგენტო იტყობინება, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქართული აეროპორტები 2,485,263 მგზავრს მოემსახურა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,566,251 მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-იან ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, მისი დახმარებით 667,305 მგზავრი გადაადგილდა. 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით ამ შემთხვევაში ზრდამ 103% შეადგინა. შედარებით ნაკლებ, 236,444 მგზავრს მოემსახურა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით ეს 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებშიც შეინიშნება. კონკრეტულად კი, მესტია, 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, 5,127 მგზავრს მოემსახურა, რაც 60%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტი 841 მგზავრს მოემსახურა, რაც 5%-ით ნაკლებია გასული წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე. ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადმა 9,295 ადამიანი შეადგინა. 2022 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებაში ზრდა 86%-ია.
სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტებში მთლიანობაში 8,556 რეისი შესრულდა. ეს გასული წლის პირველი ექვსი თვის ჯამურ მაჩვენებელს 29%-ით აჭარბებს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში 48 ავიაკომპანია 88 მიმართულებით ოპერირებს.