ამერიკული Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Warner Bros. Games-ის მონაცემებით, 7 თებერვალს თამაშის გამოშვებიდან ორ კვირაში, „Hogwarts Legacy“-ის 12 მილიონი ასლი გაიყიდა და კომპანიის შემოსავალმა $850 მილიონი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 256%-ით აღემატება პროგნოზირებულ მონაცემებს. ნაჩვენები შედეგით „Hogwarts Legacy“ 2023 წლის პირველი ნახევრისთვის ყველაზე გაყიდვად თამაშად გვევლინება.
„Hogwarts Legacy“ ჯეი ქეი როულინგის ნაწარმოებზე, „ჰარი პოტერზეა“ დაფუძნებული და მომხმარებელს მის სამყაროში თამაშის შესაძლებლობას აძლევს.
Forbes-ისვე ინფორმაციით, ყველაზე გაყიდვადი თამაშის სტატუსთან ძალიან ახლოსაა „The Legend of Zelda“-ც. დღევანდელი მონაცემებით, თამაშის 10 მილიონი ასლია გაყიდული. აღნიშნული რაოდენობა 3 მარტს თამაშის გამოშვებიდან 3 დღის განმავლობაში Nintendo Switch-ის სათამაშოზე კონსოლზე გაიყიდა და კომპანიას $700 მილიონი მოუტანა. „The Legend of Zelda: Tears of the Kingdom“-ი თამაშების სერიის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდული თამაშია.
გარდა ამისა, 2023 წლის ყველაზე გაყიდვადი თამაშების სიაში კიდევ რამდენიმე სახელი გვხვდება. მესამე პოზიციას დღევანდელი მონაცემებით Electronic Arts-ის „Star Wars Jedi: Survivor“-ი იკავებს, მეოთხე პოზიციას კი Capcom-ის „Resident Evil 4“, რომელიც 2005 წელს გამოშვებული თამაშის განახლებული ვერსიაა. ამ უკანასკნელმა გამოსვლიდან ორი კვირის ვადაში 4 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა.
მე-5 პოზიციაზე San Diego Studio-ს „MLB the Show 23“ მოხვდა. საინტერესოა, რომ Circana-ის მიერ გავრცელებულ ამ მონაცემებში რეიტინგი მხოლოდ ფიზიკურად გაყიდული ასლების რაოდენობებითაა შედგენილი და არ ითვალისწინებს ციფრული ვერსიების გაყიდვებს.