პოლონეთის სოციალური პოლიტიკის მინისტრ მარლენა მალაგის განცხადებით, 2024 წელს ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ორჯერ გაიზრდება. მინიმალური ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მოსახლეობას მაღალ ინფლაციასთან გამკლავებაში დაეხმარება.
პოლონეთში საცხოვრებელი ხარჯები ბოლო თვეებში რადიკალურად გაიზარდა. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ საუკუნის მეოთხედზე მეტის განმავლობაში მაქსიმუმს, 18.4%-ს მიაღწია. აპრილის მონაცემებით, ინფლაციამ პოლონეთში 14.7% შეადგინა. მალაგის განცხადებით, მინიმალური ხელფასი მომავალ წელს 4,200 ზლოტის ($1,015) გადააჭარბებს.
2023 წლის მსგავსად, მომავალ წელსაც მინიმალური ხელფასი ორ ეტაპად, 1-ელი იანვრიდან და 1-ელ ივლისიდან გაიზრდება. ცნობისთვის, პოლონეთში მინიმალური ხელფასი 2023 წლის იანვრიდან, 3490 ზლოტიმდე ($826) გაიზარდა, ივლისიდან კი 3600 ზლოტიმდე ($853) გაიზრდება.
პარალელურად პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წელს, ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში გაიმართება, ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.