სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 228.7 მილიონ ლარს მიაღწია. საქსტატის ცნობით, მისი უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია – 68.0%, დარჩენილი 32.0% კი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებულ
შემოსავლებზე მოდის.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 80.2% ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული, რომლის 72.6% საერთაშორისო გზავნილებზე მოდიოდა, 27.4 პროცენტი კი – ადგილობრივ გზავნილებზე.
2024 წელს ამ საწარმოების შემოსავლების 11.7% წერილობით კორესპოდენციებზე მოდიოდა. აქედან 44.0% საერთაშორისო იყო, ხოლო 56.0% – ადგილობრივი. საანგარიშო პერიოდში მათ მთლიანობაში 13.3 მილიონი ამანათი და 5.9 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია გაგზავნეს.
საქსტატის ცნობით, გასული წლის მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა 4 ათასს აღწევდა, საიდანაც 1.5 ათასი კურიერი, ფოსტალიონი ან ფელდიეგერი იყო.