2024 წლის კლიმატის სამიტს აზერბაიჯანი უმასპინძლებს

2024 წლის კლიმატის სამიტს აზერბაიჯანი უმასპინძლებს

მომავალ წელს გაეროს კლიმატის სამიტს – COP29-ს აზერბაიჯანი უმასპინძლებს. ყოველწლიური ღონისძიებისთვის მასპინძლად აზერბაიჯანის არჩევა მალევე განხილვის საგნად იქცა, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის ნავთობმოპოვებითი საქმიანობის გამო.

2024 წელს სამიტის როტაციული თავმჯდომარეობა აღმოსავლეთ ევროპაში გადადის, გაეროს კლიმატის ცვლილების საკითხებზე მომუშავე ორგანოს განცხადებით კი, დუბაიში მიმდინარე COP28-ზე მონაწილეები ბაქოს კანდიდატურის  მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აზერბაიჯანში, ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის კრიტიკისთვის დაპატიმრებული ანტიკორუფციული მკვლევრის, გუბად იბადოღლუს ქალიშვილი ჟალა ბაირამოვა და მას „გონიერ აზრს მოკლებული“ უწოდა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი ნავთობისა და გაზის მწარმოებელი და OPEC+-ის წევრი სახელმწიფოა.

მომავალი წლის სამიტის მასპინძელ ქვეყანაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეჩერებული იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებდა ევროკავშირის ნებისმიერი სახელმწიფოს არჩევას. აზერბაიჯანის, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მასპინძლობის დამტკიცებას COP28-ზე მონაწილე 200-მდე ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდა.

ტენდერში გასამარჯვებლად აზერბაიჯანმა შეთანხმებას სომხეთთანაც მიაღწია, რომელმაც მეზობელ სახელმწიფოს პირობა მისცა, რომ ვეტოს მის წინადადებას არ დაადებდა. თუმცა, ბოლო პერიოდში, ბაქოს ურთიერთობა დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანასთანაც დაეძაბა, მას შემდეგ რაც ქვეყანამ სრულად აიღო კონტროლი მთიანი ყარაბაღის რეგიონზე, რაც ტერიტორიიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის გადასახლების მიზეზი გახდა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში COP28-ის სამიტი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. გაეროს ყოველწლიურ ღონისძიებაზე მონაწილეობის მოსაღებად 90,000-ზე მეტი დელეგატი დარეგისტრირდა. ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის არჩევა რამდენიმე წლით ადრე ხდება, რათა ქვეყანას მოსამზადებლად საკმარისი დრო მიეცეს, თუმცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ბაქო ყოველმხრივ მზადაა სამიტის ხელმძღვანელობისთვის.