მეცნიერებმა სამშაბათს დაადასტურეს, რომ გასული თვე იყო რეკორდულად ყველაზე ცხელი მარტი, რომელიც ტემპერატურის აღრიცხვის დაწყების შემდეგ მსოფლიოში დაფიქსირებულა. შედეგად, გაგრძელდა რეკორდულად მაღალი ტემპერატურების უკვე 10-თვიანი სერია, რომელიც ისტორიულად ასევე ყველაზე ცხელ წელს მოჰყვა.
ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის მონაცემებით, მარტში საშუალო ტემპერატურა 14.14 გრადუსი ცელსიუსი იყო. სააგენტოს განცხადებით, გასულ თვეში ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალოს 1.68°C-ით, ხოლო 2016 წელს დაფიქსირებულ რეკორდს – 0.10 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა.
რეკორდულად მაღალი ყოველთვიური ტემპერატურების სერია ზედიზედ უკვე მეათე თვეა, გრძელდება. ეს თვეები ყველაზე ცხელი 1-წლიანი პერიოდის ნაწილია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის მარტამდე საშუალო ტემპერატურა 1991-2020 წლების იმავე მაჩვენებელს 0.70°C-ით აღემატებოდა.
სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურები ფიქსირდება როგორც ჰაერში, ასევე ოკეანის ზედაპირზე. გლობალური დათბობის პროცესის შეჩერება კი სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის აქტიურ მუშაობას საჭიროებს.
საინტერესოა, რომ ტემპერატურა წყალში გაცილებით ნელა იმატებს, ვიდრე ხმელეთზე, თუმცა ეს ხელს არ უშლის მის შემაშფოთებელ დონემდე ზრდას. პოლუსებს გარეთ, მარტში, გლობალური ზღვის ზედაპირის ტემპერატურამ 21.07 გრადუსს მიაღწია. სააგენტოს შეფასებით, ასეთი სიცხე „წარმოუდგენლად უჩვეულოა“.