გლობალურმა ტურისტულმა სააგენტო Booking.com-მა 2024 წლის ტრენდული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სია კონკრეტული ლოკაციების პოპულარობის ზრდაზეა დაფუძნებული და ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან არის შედარებული.
- ბეპუ, იაპონია
Booking.com-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ყველაზე დიდი პოპულარობით 2024-ში იაპონიის მიმართულება, ქალაქი ბეპუ სარგებლობს. იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით, კუნძულ კიუშუზე მდებარე ქალაქი გეოთერმული წყლებითაა ცნობილი, სადაც მრავალი გეიზერი გვხვდება. მოგზაურთა 75% მიიჩნევს, რომ წყალთან ახლოს ყოფნა დასვენების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ 2024 წლის მთავარ ტენდენციად წყლის კურორტები მიიჩნევა.
- ვლორე, ალბანეთი
ვლორე ბალკანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპიროა. მოგზაურებისთვის ის ზღვის პირას დასვენების ბიუჯეტური მიმართულება გახლავთ. დამსვენებლებს ვლორეში დღისით ზღვის გასართობებით სარგებლობა, ღამით კი ისტორიული ქალაქის სანახაობების დათვალიერება შეუძლიათ. ვლორე ცნობილია ადგილობრივი სამზარეულოთიც.
- მერიდა, მექსიკა
ტროპიკული ტყეებით გარშემორტყმული მერიდა ჰოლისტიკური დასვენების მაძიებელი მოგზაურებისთვის პოპულარული მიმართულებაა. მოგზაურებს აქ ანტიკური სიბრძნის შეცნობისა და მაიას ტომის კულტურის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ.
- პორტლენდი, აშშ
თანამედროვე სანახაობების მსურველებისათვის ორეგონი და მისი უდიდესი ქალაქი პორტლენდი ტრენდული მიმართულებაა. ეს უკანასკნელი აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქად მიიჩნევა. პორტლენდი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის მდგრადი განვითარება.
- ვალკენბურგი, ნიდერლანდები
ცივი კლიმატის მოყვარული მოგზაურებისათვის, ლიმბურგის პროვინციის ნაკლებად ცნობილი ქალაქი ვალკენბურგი საუკეთესო მიმართულებაა. მარმარილოს მღვიმეებითა და შუა საუკუნეების არქიტექტურით ცნობილი ქალაქი ზამთრის მიმართულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპული ქალაქია.
- ბუენოს-აირესი, არგენტინა
არგენტინის დედაქალაქი ათ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის ყველაზე ცნობილია. ის კულინარიული ტურიზმით დაინტერესებული მოგზაურებისათვის საუკეთესო არჩევანია. კარგი საკვები, კარგი ღვინო და მაღალი ხელოვნება ბუენოს-აირესის სავიზიტო ბარათია.
- კემნიცი, გერმანია
კემნიცი ძველებური ციხესიმაგრეებითა და ბაროკოს სტილის სასახლეებით ცნობილი ქალაქია გერმანიაში. აქ შეხვდებით სხვადასხვა ეპოქის ამსახველ სახელოვნებო გამოფენებს, ქანდაკებებს, რომანტიზმის პერიოდის სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, ტექსტილსა და ნაკეთობებს, ასევე მუსიკალურ და სახელოვნებო ფესტივალებსაც. კემნიცი სანახაობებს თეატრის, ოპერისა და ბალეტის მოყვარულებსაც სთავაზობს.
- როტორუა, ახალი ზელანდია
როტორუა მოგზაურების ყურადღებას ტბებით, მდინარეებით და ვულკანური ლანდშაფტით იპყრობს. ტურისტები როტორუაზე მაორის კულტურას ეცნობიან და გეიზერების ყურებით ტკბებიან.
- პანგლაო, ფილიპინები
პანგლაო პატარა ზომის ტროპიკული კუნძულია ბოჰოლის ზღვაში, რომელიც თეთრი ქვიშის სანაპიროებითა და დაივინგ-ლოკაციებითაა ცნობილი. ფილიპინების ეს კუნძული განსაკუთრებულად იმ მოგზაურების ყურადღებას იპყრობს, ვინც დასვენებისას ადამიანისაგან ხელუხლებელ ბუნებას ანიჭებს უპირატესობას.
- კერნზი, ავსტრალია
ტროპიკული კლიმატის მოყვარულ მოგზაურებს კერნზი დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს. კერნზში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ორი ადგილიც გვხვდება. ლოკაციაზე მოგზაურებს წყლისქვეშა სამყაროს დათვალიერების შესაძლებლობაც აქვთ.