Amazon-ის დამფუძნებელი და ამერიკელი მილიარდერი, ჯეფ ბეზოსი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, 2025 წლის 31 იანვრამდე საკუთარი კომპანიის 50 მილიონ აქციას გაასხვისებს. ამის შესახებ განაცხადი აშშ-ის ფასიანი ქაღალდების სააგენტოში ამერიკელმა მილიარდერმა უკვე შეიტანა.
ამერიკული ტექგიგანტის აქციების ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, 50 მილიონი აქციის ჯამური ღირებულება $8.6 მილიარდს შეადგენს. ცნობისთვის, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე Amazon-ის ერთი აქციის ღირებულება დღეს $171.8-ს უტოლდება.
კომპანიის უკანასკნელი წლიური ანგარიშის თანახმად, აქციების გასხვისების აღნიშნული გეგმა Amazon-ის დამფუძნებელმა გასული წლის 8 ნოემბერს დაამტკიცა.
გასულ კვირას Amazon-მა გასული წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. მოსალოდნელზე მაღალი გაყიდვების დაფიქსირების წყალობით კომპანიის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე, პარასკევს, სავაჭრო დღის ბოლოს 8%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში კომპანიის აქციათა ფასი და, შესაბამისად, საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 80%-ით გაიზარდა, რაც ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის მატების დამსახურებაა.
შეგახსენებთ, ჯეფ ბეზოსმა ელექტრონული კომერციის გიგანტი Amazon-ი 1994 წელს დააარსა, 2021 წელს კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა. ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, ის ამჟამად მსოფლიოს მე-3 ყველაზე მდიდარი ადამიანია და მისი ქონება $193.8 მილიარდს შეადგენს.