საქართველოს მთავრობა და ქვეყნის კერძო სექტორი მომდევნო 9 წლის განმავლობაში „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების“ ახალი პროგრამის ფარგლებში 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას გეგმავს.
„ჩვენ მუშაობა უფრო გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე დავიწყეთ. გასული რვა წლის განმავლობაში აგროსფეროში ინვესტიციების რაოდენობამ 2 მილიარდი ლარი შეადგინა“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმება და აგროსფეროში ჩართვა უნდა იყოს. გარდა ამისა, გეგმა ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებას. პრემიერის თქმით, 9-წლიანი პროგრამის ფარგლებში გაიზრდება ქვეყნის შიდა წარმოება და საქართველოს საექსპორტო პოტენციალი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, განცხადებით, ამ მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაოდენობის გაზრდა. გარდა ამისა, 2030 წლისათვის საქართველო ხორცისა და რძის პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანაც უნდა გახდეს.
სიმინდის, ხორბლის, ბოსტნეულის, გაყინული თევზის, ღორის ხორცის, ახალი ან გაყინული ხილისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტით ქვეყანას დაახლოებით3 მილიარდი აშშ დოლარის მიღების პოტენციალი აქვს.
მინისტრის განცხადებით, ასევე იგეგმება ფერმერების აგროდანადგარებით უფრო მასშტაბური აღჭურვა და მიწის სამელიორაციო სამუშაოების ინტენსიური გაზრდა. მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო და მსოფლიო ბანკი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 80 მილიონ ლარს გამოყოფენ.
დატოვე კომენტარი