ნახშირორჟანგის გლობალური ემისიების შემცირების საერთო ხედვას კიდევ ერთი ქვეყანა, კანადა შეუერთდა – ქვეყანაში „ემისიების შემცირების გეგმა“ დაამტკიცეს, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2035 წლისთვის, ქვეყანაში გაყიდული ყველა სამომხმარებლო ავტომობილი ნულოვანი ემისიისა უნდა იყოს. თავისთავად ცხადია, რომ უგამონაბოლქვო მანქანებზე გადასვლა მდგრადად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება: ამგვარი მანქანების წილმა საერთო გაყიდვებში 2026 წლისთვის, სულ მცირე 20%, ხოლო 2030 წლისთვის – 60% უნდა შეადგინოს.
აღსანიშნავია, რომ ამ წამოწყების სისრულეში მოსაყვანად და კანადელების წასახალისებლად ქვეყნის ხელისუფლება $1.36 მილიარდს დახარჯავს. დღეს ფედერალური ხელისუფლება $4010-მდე ფასდაკლებას სთავაზობს იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული მონაცემების მქონე ელექტრომობილებს, პლაგ-ინ ჰიბრიდებსა და წყალბადზე მომუშავე მანქანებს შეიძენენ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-სთან შედარებით, კანადის საავტომობილო ბაზარი საკმაოდ მცირე ზომისაა – 2021 წელს, კანადაში 1.64 მილიონი სამომხმარებლო ავტომობილი გაიყიდა, მაშინ როცა ამერიკაში ამ მაჩვენებელმა 15 მილიონი შეადგინა.
საინტერესოა, რომ უგამონაბოლქვო ავტომობილებზე გადასვლის გარდა, კანადის ხელისუფლებას უფრო ზოგადი გეგმაც აქვს – ქვეყნის ხელისუფლებას სურს, 2030 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიათა დონე, 2005 წლის მონაცემების 40-45%-მდე შეამციროს, ხოლო 2050 წლისთვის, ემისიის ნულოვან მაჩვენებელს მიაღწიოს.
დატოვე კომენტარი