Swiss Re Institute-ი გლობალურ ეკონომიკაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ უახლეს კვლევას აქვეყნებს. პროგნოზის მიხედვით, 2050 წლის ბოლოსთვის კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო ეკონომიკის 10%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კლიმატური პრობლემების სავარაუდო გამწვავებისა და ტემპერატურის 3.2°С-ით მატების გამო, შესაძლოა ეს მაჩვენებელი 18%-მდეც კი გაიზარდოს.
ამას გარდა, განხილულია მეტად პოზიტიური სცენარებიც. იმ შემთხვევაში, თუ პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზნამდე შემცირდება ტემპერატურის ზრდა, კლიმატის ცვლილება ეკონომიკას მხოლოდ 4%-ით შეამცირებს. ხოლო თუ ტემპერატურის ზრდა 2°С-ს შეადგენს, მსოფლიო ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი 14%-ს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილებები განსაკუთრებით აზიის ქვეყნებს დააზიანებს. მოსალოდნელია, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში ჩინეთი მშპ-ის თითქმის 24%-ს დაკარგავს, როდესაც იგივე მაჩვენებელი აშშ-ისთვის – 10%-ს, ხოლო დიდი ბრიტანეთისა და კანადისთვის 11%-ს შეადგენს.
გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური კატაკლიზმები განსაკუთრებით დააზიანებს ისეთ აზიურ ქვეყნებს, როგორიცაა მალაიზია, ტაილანდი, ინდოეთი, ფილიპინები და ინდონეზია. განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა აშშ, კანადა, შვეიცარია და გერმანია კი ნაკლებად დაზარალდებიან კლიმატის ცვლილებით.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური რისკების 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი გამოწვევაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მილიარდობით ადამიანი აღმოჩნდეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების წინაშე.
დატოვე კომენტარი