2050 წლისთვის მხედველობის დაკარგვის შემთხვევები 55%-ით გაიზრდება - IAPB

2050 წლისთვის მხედველობის დაკარგვის შემთხვევები 55%-ით გაიზრდება - IAPB

სიბრმავის პრევენციის საერთაშორისო სააგენტოს (IAPB) ანგარიშის თანახმად, მომდევნო 30 წლის განმავლობაში მხედველობის დაკარგვის შემთხვევების რაოდენობა 55%-ით გაიზრდება და, შესაბამისად, გავლენას 600 მილიონ ადამიანზე მოახდენს.

2020 წელს მხედველობის გართულება 1.1 მილიარდ ადამიანს აღენიშნებოდა, 2050 წლისთვის კი ამ რიცხვის 1.8 მილიარდამდე ზრდაა მოსალოდნელი.

ამ მხრივ სტატისტიკური მონაცემების მკვეთრ გაუარესებას უმთავრესად სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა და ცხოვრების წესის ცვლილებები იწვევს. მონაცემები აჩვენებს, რომ მხედველობის დაკარგვის გამოვლინებების, კატარაქტის, მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისა თუ გლაუკომის რისკი ასაკის მატებასთან ერთად საგრძნობლად იზრდება.

IAPB-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 25%-ით, 9.7 მილიარდამდე გაიზრდება, 65-ზე მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობა თითქმის გაორმაგდება, ხოლო 80-ზე მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობა გასამმაგდება და 140 მილიონიდან 420 მილიონამდე გაიზრდება.

რაც შეეხება ცხოვრების წესის ცვლილებებს, IAPB-ი ასახელებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა „მჯდომარე ცხოვრების წესი, ნაკლებად ნოყიერი საკვები და ჭარბწონიანობა“, რაც ხელს უწყობს მიოპიისა და დიაბეტის გავრცელებას.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ყველას ერთნაირად არ შეეხება. მაგალითად, 2020 წელს მთლიანი რაოდენობის 55 პროცენტს ქალები შეადგენდნენ, 45 პროცენტს კი კაცები და მოსალოდნელია, რომ ეს დისბალანსი სამომავლოდაც გაგრძელდება. ამავდროულად, 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მხედველობის გართულებების მქონე ადამიანების 90 პროცენტი დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს.

ამ უთანასწორობის ერთ-ერთი მიზეზი სამედიცინო სერვისზე წვდომის განსხვავებული დონეა. IAPB-ში მიიჩნევენ, რომ მხედველობის დაკარგვის შემთხვევების 90 პროცენტის თავიდან აცილება ან განკურნება შესაძლებელია.