დღევანდელ სწრაფ ციფრულ ეპოქაში სიმდიდრის გაგება ღრუბლების დევნას ჰგავს. კი, აქტივების გაციფრულებამ ინვესტირება ხელმისაწვდომი გახადა, მაგრამ ამასთანავე გაართულა „ღირებულების” განმარტება. მაგალითად, ოდესმე გიცდიათ არაციფრული ადამიანისთვის – ვთქვათ, ბაბუისთვის – ბიტკოინის ღირებულების ახსნა? ან NFT-ების? ალბათ, კი – მაგრამ წარმატებულად?
დღეს უკვე ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც ადამიანთა მცირე ნაწილი ციფრული მაიმუნის სურათების გაყიდვით მილიონებს შოულობს, უმეტესობა კი კვირაში 40 საათი მხოლოდ იმისთვის შრომობს, რომ შემდეგ თვემდე არსებობა შეძლოს. უცნაური შეუსაბამობაა – გაწეულ შრომასა და ანაზღაურებას შორის ურთიერთშედეგობრივი კავშირი იკარგება. ამბობდნენ, „წარმატება შრომისმოყვარეობის გარეშე არ მიიღწევაო” – თითქოს სწორად ჟღერს, რომ გაწეულ შრომასა და ანაზღაურებას შორის მკაფიო კავშირი უნდა იყოს. თუმცა ეს კავშირი უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება.
აი, დაფიქრდით, ერთ მხარეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე მშენებლობაზე ფიზიკურად ირჯება და რომლისთვისაც ყოველი გამომუშავებული ლარი ხელშესახები და ღირებულია. მეორე მხარეს კი ციფრული აქტივებით მოვაჭრე ადამიანები დგანან, იქნება ეს კრიპტოვალუტებით ვაჭრობა თუ NFT „ბოტასებით” სირბილი (STEPN გახსოვთ?), რომლებიც არანაირ ღირებულებას არ ქმნიან – მათთვის ფული ეფემერულია და, აღქმის დონეზე, ვიდეოთამაშების ქულებს უფრო ჰგავს, ვიდრე საბანკო ამონაწერს.
ოდესმე Reddit-ზე კრიპტოტრეიდინგის ჯგუფებში თუ შესულხართ ან, ქართულ რეალობაში, მსგავს Facebook-ჯგუფებში თუ შეგიხედავთ, ორი ტიპის ადამიანს აუცილებლად გამოარჩევთ – ერთი ნაწილი (უმცირესობა) წარმატებული ვაჭრობის შედეგებს პოსტავს, მეორე კი თავიანთ წაგებებზე კომენტარებში სახეს იხოკავს. მაგრამ ეს მოგების პოსტები ისევე სანდოა, როგორც მთავრობის პრესკონფერენციები – მხოლოდ კარგ ამბებს რომ იუწყებიან. რეალურად ტრეიდერების მხოლოდ 5% გადის გრძელვადიან მოგებაზე, დანარჩენი 95% უბრალოდ წაგებაში კი არ მიდის, არამედ ხშირად ინვესტირებულ თანხას მთლიანად კარგავს. პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს წარმატების გაზიარება უფრო გვიყვარს, ვიდრე წარუმატებლობის. ამიტომ სოციალურ მედიაში ძირითადად კარგ ამბებს შეხვდებით. შედეგად კი ყალიბდება ნახევრად-ილუზია, რომ ამ, თითქმისდა კაზინოსეული, გზებით მარტივად იშოვება ფული. ნახევრად-ილუზია იმიტომ, რომ, კი, ამით ფულის სწრაფად შოვნა შეიძლება, მაგრამ კიდევ უფრო მეტის დაკარგვა შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად.
ფულის სწრაფად შოვნა-დაკარგვის შედეგად ფულის გაეფემერულება და შრომასა და სიმდიდრეს შორის დისონანსი სწორედ ის ორი პრობლემაა, რაც ფინანსურ ნიჰილიზმს იწვევს. ჩნდება კითხვა. როგორ ავირიდოთ თავიდან ეს? პირველი ნაბიჯი – სიმდიდრის სწორი განმარტებაა. ქართული ენა ამ მხრივ დიდად არ გვეხმარება. ქართულად wealthy-იც და rich-იც ორივე მდიდარს ნიშნავს. თუმცა, მე მგონი, პრაქტიკული იქნება, თუ ამ ორ სიტყვას განვაცალკევებთ. ფინანსური ნიჰილიზმი ნაწილობრივ ზუსტად ამის შედეგიცაა – ფულსა და სიმდიდრეს სწორად რომ ვერ ვასხვავებთ. სიმდიდრე, როგორც ლეგენდარული ინვესტორი, პოლ გრაჰამი ამბობს, არის ის, რაც გვინდა: საჭმელი, ტანსაცმელი, სახლი, გამოცდილებები, გართობა, ურთიერთობები და ა.შ. ფული კი მექანიზმია, რომელიც ამ რაღაცების მოპოვებაში, გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაში გვეხმარება. სიმდიდრე იზომება ბედნიერებაში, ფული კი რიცხვებში. იზოლირებულად ფულზე ორიენტირებას ფინანსურ ნიჰილიზმამდე მივყავართ, ამიტომ რაღაც სხვა გზაა საჭირო.
სიმდიდრის ალგებრა
საბედნიეროდ, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა, პროფესორმა სკოტ გალოვეიმ, 21-ე საუკუნის სიმდიდრის განტოლება შეიმუშავა, რომელსაც ახლა მოკლედ აღვწერ. მისი თქმით, ამ განტოლებას 4 ცვლადი აქვს: სიმდიდრე = ფოკუსი + (სტოიციზმი x დრო x დივერსიფიკაცია)
ფოკუსი – ხშირად ერთ ძალიან ცუდ რჩევას გვაძლევენ ხოლმე – „აკეთე ის, რაც გიყვარს” – ამას ძირითადად ის ხალხი ამბობს, ვინც უკვე წარმატებულია. სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ რაც გვიყვარს და რაც კარგად გამოგვდის, ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ უკეთესი რჩევა იქნება – „აკეთე ის, რისი ნიჭიც გაქვს”, მაგრამ მარტო ნიჭიც არაა საკმარისი. წარმატების მთავარი ინდიკატორი არც ნიჭია და არც ინტელექტი, არამედ შეუპოვრობა და გამძლეობა, სხვანაირად რომ ვთქვათ – ფოკუსი, რომ მოკლევადიანი ცდუნებებისკენ თვალი არ გაგვექცეს (მაგ. ტრეიდინგი). ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ბაზრის ტრენდების გაანალიზება და სწორი კარიერული მატარებლის შერჩევა – რაც უნდა ნიჭიერი და მშრომელი მარკეტერი იყო, თუ მომაკვდავ ინდუსტრიაში მუშაობ, ვერ განვითარდები.
სტოიციზმი – კონტროლის საზღვრების დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, ვაკონტროლოთ ჩვენი რეაქციები, მაგრამ ძალიან მცირე გავლენა თუ გვაქვს გარემოზე. დღეს ყოველწლიურად მილიარდობით ლარი იხარჯება ისეთ მარკეტინგულ სქემებზე, რომლებიც ჩვენი ბუნებრივი იმპულსებით მანიპულირებენ და მეტი ფულის დახარჯვისკენ გვიბიძგებენ. შედეგად ჩვენც ყოველთვის მეტი, მეტი და მეტი გვინდა, არასდროს ვკმაყოფილდებით. ეს დაუოკებელი მოთხოვნილება გვაიძულებს, მოკლევადიან კმაყოფილებაზე ვორიენტირდეთ. ფინანსური უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი ინდიკატორი არის არა ის, თუ რამდენს გამოიმუშავებ, არამედ რამდენს ხარჯავ. ამას კი დისციპლინა, ანუ სტოიციზმი სჭირდება – რომ ბაზრის ცდუნებებს არ ავყვეთ. მაგალითად, ტრეიდინგი (და არა ინვესტირება) ისე გაგრძნობინებს თავს, თითქოს მართლა პროდუქტიულად მუშაობ. სინამდვილეში ის კაზინოსთან უფრო ახლოსაა, თანაც უარესი ალბათობებით და ლუდომანიის მსგავსი დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკით.
დრო – „დრო ის ცეცხლია, რომელშიც ვიწვით”. ეს არის ჩვენი ყველაზე მოუქნელი და ღირებული რესურსი, ერთადერთი, რითაც არ უნდა ვიყოთ გულუხვი. გაფლანგული ფულის დაბრუნება შეიძლება, დრო კი სამუდამოდ ქრება. ეს ძალიან კარგად ჩანს ეგრეთ წოდებულ Compounding Effect-ში, რაც ქართულად, ძალიან არასწორად, რთულ პროცენტად ითარგმნება, ამიტომ ხანდახან უბრალოდ რეინვესტირება დავუძახოთ. აინშტაინი ამბობდა, რომ „რთული პროცენტი სამყაროს მერვე საოცრებაა. მართლაც საოცარი რაღაცაა. ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რაღაცები ზუსტად რეინვესტირების შედეგად მოდის, იქნება ეს ურთიერთობები, ფული, ჰობიები, კარიერა თუ სხვა. როგორც კი ცხოვრების ცოტა უფრო დიდ სკალაზე შევხედავთ და გრძელვადიანად დავიწყებთ ფიქრს, მაშინვე მეტად დაცული ვხდებით მოკლევადიანი ცდუნებებისგან.
დივერსიფიკაცია – კი, სტაბილურობისთვის ფოკუსი მთავარია, მაგრამ როდესაც ინვესტირებაზე ვსაუბრობთ, აქ ცოტა სხვანაირადაა საქმე. ინვესტირების დროს, იქნება ეს აქციებში, უძრავ ქონებასა თუ რაიმე სხვაში, ყოველთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია. ყველა ბაზარს აქვს თავისი რისკი, მაგრამ თუ ათ სხვადასხვა აქტივში გაქვს ინვესტიცია ჩადებული, მეტად დაზღვეული ხარ. ეს არა მხოლოდ აქტივებში ინვესტიციას, არამედ პროფესიულ განვითარებასაც ეხება. კი, მნიშვნელოვანია, ფოკუსი შევინარჩუნოთ და გვქონდეს იმის დისციპლინა, რომ გზას არ გადავუხვიოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შესაძლებლობების დივერსიფიკაციაზე არ უნდა ვზრუნავდეთ.
საბოლოოდ კი ეს განტოლება აქამდე დადის: ფოკუსირდი იმაზე, რაც კარგად გამოგდის და არა იმაზე, რისი კეთებაც გიყვარს; გქონდეს იმის დისციპლინა, რომ მოკლევადიანმა ცდუნებებმა ფოკუსი არ დაგაკარგვინოს; ინვესტირებისას რთული პროცენტის პრინციპი არ დაგავიწყდეს და გრძელვადიანი თამაში ითამაშე; დივერსიფიკაცია ყველაფერში – უნარებში, აქტივებსა და შემოსავლებში.