2500 პოსტი, 300 პლატფორმა და 6 წელი: დეზინფორმატორთა დიდი, თუმცა, მისტიკური პრორუსული კამპანია გამოაშკარავდა

2500 პოსტი, 300 პლატფორმა და 6 წელი: დეზინფორმატორთა დიდი, თუმცა, მისტიკური პრორუსული კამპანია გამოაშკარავდა

დეზინფორმაციის გამავრცელებელი ცალკეული ჯგუფები დაბალი აქტივობით, თუმცა, მაღალი გავლენით გამოირჩევიან. სწორედ ასეთია რუსეთთან კავშირში მყოფი ოპერატორების ჯგუფი, რომლებმაც 2019 წლის ბოლოს მაგალითად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების დოკუმენტები გაავრცელეს და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს. ამის შესახებ Graphika-ს მკვლევარები ახალ ანგარიშში წერენ. სტატიას კი საკითხზე Forbes-ი აქვეყნებს.

მკვლევარების მიგნებით, ექვსი წლის განმავლობაში დეზინფორმაციის სპეციალისტები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციებს, გაყალბებულ დოკუმენტებს სოციალურ მედიასა და ვებ-ფორუმებზე, ეს ყველაფერი კი მიზნად ისახავდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში არჩევნებისადმი უნდობლობის გაზრდას. დეზინფორმატორების ამ ტექნიკას „Secondary Infektion“-ს უწოდებენ.

ერთ-ერთი მათ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ თითქოს ექსტრემისტები გეგმავდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის  მკვლელობას და რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ალკოჰოლიკი იყო. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ჰილარი კლინტონს შეუტიეს და ცალკეულ ინფორმაციებში მას „მკვლელს“ უწოდებდნენ, შემდეგ უკვე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იგივე ხერხს იყენებდნენ.

Graphika-ს ანალიტიკოსების თქმით, იმის გამო რომ მათი მუშაობა ნამდვილად უპრეცედენტოდ ნაყოფიერი იყო, ისინი თანდათან გადავიდნენ ე.წ ვირუსული ამბების გავრცელებაზე.

“იმ შინაარსის შემცველი პოსტების გათვალისწინებით, რასაც ისინი ავრცელებდნენ, როგორც ჩანს, მათ მიზანს წარმოადგენდა ქვეყნებს შორის კავშირებისთვის ძირის გამოთხრა, რუსული საინფორმაციო ქმედებების მხარდაჭერა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს და უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ და ასევე კრემლის კრიტიკოსებისთვის ხელის შეშლა“, – აღნიშნა Graphika-ს ინოვაციების მთავარმა ოფიცერმა კამილ ფრანსუაზმა.

თუმცა, მისივე თქმით, იმის გამო, რომ ოპერატორების ვინაობა კვლავ საიდუმლოებითაა მოცული, კვლავ კითხვითი ნიშნის ქვეშ რჩება თუ რა იყო მათი მთავარი მიზანი.

როგორ ვრცელდებოდა Secondary Infektion?

Facebook-მა ამ ტიპის დეზინფორმაციის ტექნიკის გამოყენება 2019 წლის მაისში რუს აქტორებს მიაწერა. შემდეგ 2019 წლის დეკემბერში Reddit-მა აშშ-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კავშირების შესახებ ინფორმაციების გავრცელება მიაწერა მათ. მას შემდეგ Graphika მიყვებოდა დეზინფორმატორების კვალს, რომლის ფესვებიც 2014 წელში აღმოაჩინა. პატარა ვებ-ფორუმებიდან დაწყებული დიდ პლატფორმებზე Facebook-ზე, Twitter-ზე, YouTube-ზე, Medium-სა და Reddit-ზე, ამ ტიპის დეზინფორმატორების მოქმედება საკმაოდ ფართო იყო. მათი გავრცელების მთავარი თემა იყო უკრაინა დაეხატათ როგორც წარუმატებელი ქვეყანა, არასანდო პარტნიორი, ასევე ისინი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მსოფლიო, რომ აშშ-ი და NATO აგრესიულები არიან.

ევროპაც იყო მათი სამიზნე, რომელსაც ხშირად წარმოადგენდნენ როგორც დანაწევრებულ და სუსტ რეგიონს. სხვა თემები იყო მაგალითად შოტლანდიის და კატალონიის დამოუკიდებლობა და ა.შ.

მათი ბევრი პოსტი მოიცავდა უარყოფით შინაარს იმიგრაციასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მუსლიმ ლტოლვილებთან დაკავშირებით, რომელსაც ტერორიზმისა და სექსუალურ ძალადობის კონტექსტში ახსენებდნენ. მკვლევარების თქმით, მათი მიზანი სავარაუდოდ იყო რასობრივი და რელიგიური კონფლიქტების გამოწვევა სამიზნე ქვეყნებში.

მათ შექმნილი ჰქონდათ ანგარიშები ისეთი მაღალჩინოსნების სახელით, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, სენატორი მარკო რუბიო. მაგალითად, ერთ-ერთ რუბიოს ყალბ გვერდზე „ტვიტერში“ მათ დაწერეს სენატორის სახელით, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დიდი ბრიტანეთი ცდილობდა ჩარევას.

ბოლო თვეების განმავლობაში კი დეზინფორმატორები ცდილობდნენ აშშ-ი დაედანაშაულებინათ კორონავირუსის გავრცელებაში.

როგორც Forbes-ი წერს, ამ კამპანიის ფარგლებში პოსტებს 6 წლის განმავლობაში არ ჰქონია დიდი ნახვადობა და გამოხმაურება სოციალურ ქსელებში ე.წ მოწონების, რეაქციების ან გაზიარების კუთხით. ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა მათ შედეგის მიღწევის სხვა საზომი ჰქონდათ.

Secondary Infektion ჯერ არ გამოჩენილა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების განხილვებში, თუმცა, მოლოდინია რომ რუსული დეზინფორმაციის და კიბერ ჯაშუშობის ჯგუფები დაბრუნდებიან და ქვეყანაში ქაოსის გამოწვევას შეეცდებიან.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *