რამდენად გაუძლო საქართველოს ჯანდაცვის სექტორმა კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეულ დატვირთვას? – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა Forbes Health-ში ისაუბრა.
მან გასული ერთი წელი შეაჯამა და იმაზეც ისაუბრა, თუ რა შეიძლებოდა, უკეთ გაკეთებულიყო. როგორც გამყრელიძე მიიჩნევს, სისტემურ მართვაში ბევრი რამ უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ ამისთვის გასული 30-წლიანი პერიოდი უნდა ყოფიყო ერთგვარი საფუძველი. „სამწუხაროდ, ამ 30 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემა 3-4-ჯერ შევცვალეთ და თანამიმდევრობა ყოველთვის გვაკლდა. ამიტომ ამის გარკვეულ შედეგებს ვიმკით. ვფიქრობ, რომ მაინც ყველაფერი სისტემურ ცვლილებებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მაშინ როდესაც საქართველოში დაახლოებით 30 000 აქტიური კოვიდშემთხვევა იყო, ჯანდაცვის სექტორმა ამ დატვირთვას გაუძლო და ეს პერიოდი გადააგორა. „ასეთი გამოცდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას არ ჰქონია არასდროს. ასეთი ზეწოლა სისტემაზე არც აფხაზეთის ომის, არც გალის კონფლიქტის ან 2008 წლის ომის დროს არ მახსოვს“, – აღნიშნა გამყრელიძემ და დასძინა, რომ შეცდომები და ხარვეზები იყო, თუმცა „სექტემბრამდე არსებული ხაზი ჩვენს პირობებში ადეკვატური იყო“.
ხოლო კითხვაზე, დრო რომ უკან დაგვებრუნებინა, რას შეცვლიდა, NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ “ალბათ უფრო მთავარი ცვლილებები სისტემურ მართვაში იქნებოდა, არა მარტო ჯანდაცვის სფეროში, არამედ მთლიანად. ვინაიდან პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ჯანდაცვის სფერო არ არის. ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელობა ძალიან დიდია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა სფეროები. ამიტომ სისტემურ მართვაში შეიძლებოდა ბევრი კორექტირების შეტანა“.
დატოვე კომენტარი