Forbes-ის პროექტი „30-წლამდელთა სია 2024“ დაიწყო. შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს – გახდით გაბედული საზოგადოების წევრი.
უკვე მეექვსე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი „30 UNDER 30“ სწორედ იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.
დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით, სპორტული მიღწევებითა თუ შემოქმედებით საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.
30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგიერთი მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის, ზოგიც თავისი იდეით ხვალინდელ მოთხოვნებს დღეს უპასუხებს. თუმცა ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია – ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.
30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს:
- ანტრეპრენიორები და მეწარმეები;
- ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია;
- ფინანსები;
- განათლება და მეცნიერება;
- ხელოვნება და სტილი;
- სპორტი.
„ახალი, უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე მყოფ თანამედროვე მსოფლიოში Forbes-ის 30-წლამდელები იმედსა და შთაგონებას ასხივებენ. მათ შორის არიან ქართველი ახალგაზრდებიც, რომელთა მიღწევები მეტია, ვიდრე ინდივიდუალური წარმატების ამბავი. მათი ინოვაციური და ტრანსფორმაციული სულისკვეთება ქვეყნის მომავლისადმი ოპტიმიზმით განგვაწყობს. Forbes Under 30-ის სიის ახალგაზრდა ლიდერები საქმით ამტკიცებენ, რომ ყველაზე რთულ დროშიც ახალგაზრდული ხედვა და შემართება მნიშვნელოვანი პროგრესის საწინდარია“ – Შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი.
განაცხადები მიიღება 2024 წლის 31 მარტამდე.
წესები
თუ გსურთ 2024 წლის სიაში მოხვედრა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრისათვის კვლავ 30 წლის იქნებით, შეგიძლიათ საკუთარი თავი ან სხვა კანდიდატურა წარადგინოთ. ამისთვის საჭიროა:
- შეავსოთ ონლაინ განაცხადი;
- მოხვდეთ ფორბსის ე.წ „მოკლე სიაში“, საიდანაც ჟიური და Forbes Georgia-ს რედაქცია გამარჯვებულებს აარჩევს;
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის აპრილში.
ნომინანტის ასაკი
2024 წლის სიაში მოსახვედრად, აუცილებელია კანდიდატი იყოს 30 წლამდე, უფრო ზუსტად კი, 2024 წლის 31 დეკემბრისათვის უნდა იყოს არა უმეტეს 30 წლისა (დაბადების წელი 1994 და შემდეგ).
აპლიკაციასთან ერთად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია
სარეკომენდაციო წერილი:
- უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ დეტალურ ინფორმაციას კანდიდატის საქმიანობის, მისი კონკრეტული მიღწევებისა და წვლილის შესახებ შერჩეულ კატეგორიაში;
- გაცემული უნდა იყოს კომპანიის ხელმძღვანელის, ინვესტორის, დარგის ექსპერტის მიერ, რომელიც უშუალო შეხებაშია კანდიდატის მიღწევებთან;
- სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ უნდა იქნას რეკომენდაციის გამცემის სრული საკონტაქტო ინფორმაცია;
- სარეკომენდაციო წერილის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება.
დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთი (პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათი):
- დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე: 30 UNDER 30 | Facebook
დატოვე კომენტარი