Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი რომ პოსტს ტოვებს, ეს რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, როდესაც მან თავის თანამშრომლებს შესაბამისი შინაარსის წერილი მისწერა. წერილშივე გაირკვა, რომ ბეზოსს 53 წლის ენდი ჯესი ჩაანაცვლებს, რომელსაც ჯეფ ბეზოსის სრული ნდობა აქვს გამოცხადებული.
BBC გვთავაზობს 5 ფაქტს, რაც შეიძლება ახალი ხელმძღვანელის შესახებ დაგვაინტერესოს:
1. ენდი ჯესი Amazon-ში თითქმის კომპანიის დაარსებიდან მუშაობს
ჯესი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ სკარსდეილში დაიბადა, Amazon-ს კი 1997 წელს შეუერთდა, ანუ კომპანიის დაარსებიდან სამი წლის შემდეგ. „მე ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა დავამთავრე 1997 წლის მაისის პირველ პარაკევს და მომდევნო ორშაბათსვე დავიწყე Amazon-ში მუშაობა“, – განაცხადა სექტემბერში ჯესიმ HBS-ის პოდკასტრში, – “არ ვიცოდი, რა იქნებოდა ჩემი საქმე კომპანიაში და ასევე რა პოზიციაზე ვიქნებოდი“, – დასძინა მან.
ბეზოსის ტექნიკურ ასისტენტად მუშაობის შემდეგ, ჯესიმ კომპანიის ქლაუდ მიმართულება შექმნა, საუბარია Amazon Web Services-ზე. ეს იყო 2006 წელს, რაც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სუპერ წარმატებული გახდა.
2. ის მხარს უჭერდა სოციალურ საკითხებს
ბეზოსისგან განსხვავებით, ჯესი ხშირად საუბრობდა სოციალურ პრობლემებზე. სექტემბერში მან „ტვიტერზეც“ კი დაწერა, რომ საჭირო იყო პოლიციელის პასუხისგებაში მიცემა მას შემდეგ, რაც ფერადკანიანი ქალი ბრეონა ტეილორი საკუთარ სახლში თეთრკანიანმა პოლიციელმა მოკლა. „თუ პოლიციას პასუხისმგებლობას არ ვაგრძნობინებთ ფერადკანიანი ადამიანის მკვლელობის გამო, არასოდეს გვექნება ცვლილება და სამართალი“, – განაცხადა ენდი ჯესიმ მაშინ.
ის ასევე LGBTQ თემის უფლებების და ასევე საიმიგრაციო რეფორმის მხარდამჭერია. თუმცა, ის ასევე მხარს უჭერდა Amazon-ის სახის ამომცნობი მოწყობილობის მიყიდვას პოლიციისა და უცხოური მთავრობებისთვის. „ადამიანები, რომლებიც იყენებენ ტექნოლოგიებს, უნდა იყვნენ პასუხისმგელიანები, თუ უპასუხისმგებლოდ იყენებენ, მაშინ პასუხიც უნდა აგონ“, – განაცხადა მან.
3. ის დაეხმარა Amazon-ის ქლაუდ-მიმართულებას უზარმაზარ გოლიათად ქცეულიყო
საიდუმლო არაა, რომ Amazon-ის ვებ-სერვისები, რომელიც კომპანიის ქლაუდ-მიმართულებაა, Amazon-ის შემოსავლების მთავარი ძრავია. ამის ავტორი კი სწორედ ენდი ჯესია. Amazon-ის ვებ-სერვისები ახლა ქლაუდ-ბაზრის 30%-ს იკავებს. თუმცა, მის მთავარ კონკურენტებს Alphabet-ი და Microsoft-ი წარმოადგენენ.
4. მას უყვარს მუსიკა და სპორტი
ენდი ჯესი, რომელიც დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი, მუსიკის დიდი გულშემატკივარიცაა. ის ბოსტონში ბენდსაც კი მართავდა მანამ, ვიდრე Amazon-ს შეუერთდებოდა. როგორც ჯესი ამბობს ხოლმე, მას განსაკუთრებული მისწრაფება აქვს რომ ახალი ხელოვანები აღმოაჩინოს.
„როცა ახალგაზრდა ვიყავი, უამრავ კონცერტს ვესწრებოდი. სკოლაში ძალიან მიყვარდა როლინგ სტიუნზი, ბრიუს სპრინგსტინი, ელვის კასტელო და Traffic-ი“, – განუცხადა ჯესიმ CRN-ს 2019 წელს.
„კოლეჯში განს ენროუზი და Cult-ი მიყვარდა. კოლეჯის შემდეგ კი Black Crowes-ი, Alice in Chains-ი, Soundgarden-ი, ნირვანა, Pearl Jam-ი, შონ მალინსი, უილი პორტერი და შონ კოლვინი დაემატნენ სიას“, – დასძინა მან.
გარდა მუსიკისა, ენდი ჯესის უყვარს სპორტიც. მას ადგილობრივ ჰოკეის გუნდში, Seattle Kraken-ში მცირედი წილიც აქვს.
5. მისი ქონება დაახლოებით $394 მლნ-ია.
ენდი ჯესის დიდმა შრომამ Amazon-ში შედეგი გამოიღო, 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, მისი ქონება $394 მილიონადაა შეფასებული. ჯერ უცნობია, რამდენი იქნება მისი ხელფასი Amazon-ის ხელმძღვანელის პოსტზე, თუმცა, ის იმაზე გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ამ დრომდე ჰქონდა.
როგორც Business Insider-ი გასულ წელს წერდა, ჯესი თანამშრომლებს ძალიან უყვართ, ის ურთიერთობაში საკმაოდ კომფორტული ადამიანია. „თუმცა, თუ არ ხარ მომზადებული მასთან შესახვედრად, და მით უმეტეს თუ ცდილობ შენიღბო შენი მოუმზადებლობა, ამას ის მიხვდება“, – აღნიშნა AWS-ის ყოფილმა დირექტორმა, სკოტ ჩანსლერმა.
ცნობისთვის, ენდი ჯესი Amazon-ის ხელმძღვანელის პოსტს ოფიციალურად მარტიდან დაიკავებს.
დატოვე კომენტარი