5 ფაქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის შესახებ

5 ფაქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეირაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის ადგილს კი 2019 წლიდან უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი დაიკავებს. წარმოგიდგენთ 5 ფაქტს უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდლის შესახებ.

ადრეული წლები

ოლექსანდრ სირსკი 1965 წელს რუსეთში, ვლადიმირის ოლქში დაიბადა. უკრაინაში სირსკი 1980-იანი წლებიდან ცხოვრობს. სამხედრო განათლება მოსკოვის სამხედრო-სამეთაურო უმაღლეს სასწავლებელში მიიღო და ხუთი წლის განმავლობაში საბჭოთა საარტილერიო კორპუსში იმსახურა. სამხედრო ანალიტიკოსების მოსაზრებით, მისი ბრძოლის ტაქტიკები საბჭოური სამხედრო განათლების გამოვლინებაა.

„თოვლის ლეოპარდი“

ოლექსანდრ სირსკი უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური 2019 წელს გახდა. მანამდე კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა სტატუსით 2014 წლიდან ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტს მეთაურობდა. სირსკის ამ პერიოდში მეტსახელი „თოვლის ლეოპარდი“ შეერქვა.

უდიდესი გამარჯვებები

ოლექსანდრ სირსკის სახელს ბევრი გამარჯვება უკავშირდება. სწორედ ის მეთაურობდა კიევის წარმატებული დაცვის კამპანიას რუსეთის უკრაინაში შეჭრის საწყის თვეებში, რისთვისაც „უკრაინის გმირის“ უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. 2022 წლის ივლისში კი სწორედ მისი გეგმარებით და აღსრულებით შეძლო უკრაინულმა არმიამ წარმატებული კონტრშეტევის განხორციელება და ხარკოვის გათავისუფლება.

ბახმუტი

გასულ წელს, ოლექსანდრ სირსკი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის, ბახმუტის თავდაცვას ხელმძღვანელობდა. ქალაქის მისადგომებთან ბრძოლებს ორივე მხარეს ათასობით მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზოგი სამხედრო ანალიტიკოსი ერთი ქალაქის გამო ასეთი მსხვერპლის გაღების მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. სირსკის განცხადებით, ბახმუტის თავგანწირულმა დაცვამ რუსეთის არმიის ძალისხმევა და საბრძოლო შემართება მნიშვნელოვნად შეასუსტა და ის მეტწილად „ვაგნერზე“ დამოკიდებული გახადა.

სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება

ოლექსანდრ სირსკი მიიჩნევს, რომ მისი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება მისთვის პრიორიტეტია და ის სამხედროებთან ბრძოლის ველზე ხშირად სტუმრობს.