5 საუკეთესო ინვესტიცია ქალებისათვის

5 საუკეთესო ინვესტიცია ქალებისათვის

არასტანდარტულ ფინანსურ კაპიტალდაბანდებებს, რომლებიც კოლექციონირებას უკავშირდება და ინვესტირების ობიექტებისადმი ემოციური დამოკიდებულებით გამოირჩევა, სპეციალისტებმა ასეთი სახელი დაარქვეს – “ინვესტიცია გატაცებებში”. მამაკაცების “საინვესტიციო ვნებების” საგნებს შორის დომინირებს საათები, სპორტული და რეტროავტომობილები, სამკერდე ნიშნები და მარკები, ასევე – სპორტული კლუბები. იმის შესახებ, თუ რა საინვესტიციო ვნებებით არიან შეპყრობილი ქალები, Forbes Woman-ს კომპანია Oracle Capital Group-ის რუსეთში ბიზნესის განვითარების დირექტორმა, იულია მაკეევამ უამბო.

“ერთხელ, პერსონალურ ბანკირად მუშაობისას, სეიფის გახსნის ცერემონიალს დავესწარი, რომლის დროსაც მემკვიდრეები ანდერძის თანახმად მათთვის დატოვებულ სიმდიდრეს უნდა გაცნობოდნენ, – იხსენებს იულია. – სეიფის ერთ-ერთ განყოფილებაში – საკმაოდ მოზრდილში, დაახლოებით ნახევარმეტრიანში – ნამდვილი განძი აღმოჩნდა: 14 კილოგრამის წონის ათობით ოქროს მონეტა. ყოველი მათგანი საკოლექციო გახლდათ, და თითოეულის ნამდვილობას ექსპერტის მიერ გაცემული სერტიფიკატი ადასტურებდა. მემკვიდრეებისთვის ეს სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან არავინ იცოდა, რომ მოანდერძე, თურმე, სიცოცხლეში ნუმიზმატიკით იყო გატაცებული. თუმცა კი, ამ საკითხს პრაგმატულად რომ მივუდგეთ, მემკვიდრეები მეტ მოგებას ნახავდნენ, სეიფში მონეტების ნაცვლად ოქროს ზოდები ან ფული რომ აღმოჩენილიყო”.

ექსპერტის რჩევები Forbes Woman-ის მკითხველებს, თუ რა ნივთების დატოვება ჯობია მემკვიდრეებისთვის და რაში უნდა ჩადოთ ფული, რომ სიცოცხლეშივე სიამოვნება მიიღოთ.

ხელოვნება

რა შევიძინოთ: ძველი ევროპელი მხატვრებისა და იმპრესიონისტების ფერწერა, ასევე ე.წ. Blue Chips, ანუ იმ მსხვილი, ლიკვიდური და სანდო კომპანიების აქციები და ფასიანი ქაღალდები, რომელთაც სხვა კომპანიებისგან მოგებისა და დივიდენდების სტაბილური მაჩვენებლები გამოარჩევს.

სად შევიძინოთ: Christie’s-ის, Sotheby’s-ის, Bonhams-ისა და სხვა საერთაშორისო აუქციონებზე. და აუცილებლად მიმართეთ ნდობით აღჭურვილ არტდილერს.

რჩევა: შეიძინეთ და შეინახეთ

არასტანდარტული ინვესტიციების სპეციალისტების აზრით, ფულის დაბანდების ყველაზე პოპულარული ობიექტები ხელოვნების ნიმუშები გახლავთ. უპირველესად, შეფასების თვალსაზრისით, ეს საინტერესო აქტივებია, და მეორე, ყველას, ხელოვნების სფეროში ყველაზე გაუთვითცნობიერებულ ადამიანებსაც კი, რასაკვირველია, აქვთ სახლი და ამ სახლის კედლებზე რაღაცის ჩამოკიდება სურთ. ყველაზე ხშირად სწორედ ფერწერულ ტილოებს ყიდულობენ. ეს არჩევანი იმითაც არის განპირობებული, რომ ფერწერა უფრო ლიკვიდურიცაა და არტბაზარზე მეტი რაოდენობითაც არის წარმოდგენილი, ვიდრე ხელოვნების სხვა ნიმუშები. მაგრამ აქ ყველაფერს მყიდველის გემოვნება განსაზღვრავს. როგორც ერთმა ნაცნობმა ინვესტორმა ამიხსნა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას ძალიან მაღალი საინვესტიო პოტენციალის მქონე სურათის ყიდვის საშუალება მიეცემა, მაგრამ ეს ნამუშევარი არ მოსწონს, ის ამ გარიგებაზე უარს იტყვის.

ხელოვნების ნიმუშებში ინვესტირება ორმაგად მოგებიანია: შენაძენი თვალსაც ახარებს და ფულის დაბანდების საუკეთესო გზასაც წარმოადგენს, ამიტომ ბევრისთვის ხელოვნებისადმი ინტერესი ასევე მათი მემკვიდრეებისთვის მაღალლიკვიდური აქტივების შექმნის საშუალებაცაა. ფასიანი ქაღალდებისგან განსხვავებით, “მშვენიერ საგნებში” ფულის დაბანდების ვადა ათწლეულებით გამოითვლება, მათზე მოთხოვნა კი ყოველთვის სტაბილურია.

2008 წლის კრიზისის შემდეგ რუსული აუდიტორიის გემოვნება გარკვეულწილად შეიცვალა: თუკი მანამდე ინვესტორები აქცენტს რუსულ ხელოვნებაზე აკეთებდნენ, დღევანდელ ტრენდად “მარადიული ფასეულობებია” აღიარებული – ძველი ევროპული სკოლის ოსტატები, სააუქციონო სახლების Blue Chip-ები, იმპრესიონისტები. ამავე დროს არ განელებულა ინტერესი საზღვარგარეთის თანამედროვე ხელოვნებისადმი. უნდა აღინიშნოს, რომ რუსი ბიზნესვუმენების ინტერესი ამ უკანასკნელისადმი განსაკუთრებით აქტუალურია.

ამ ბოლო დროს ახალი ტენდენცია გამოიკვეთა – ბაზარზე კვალიფიციური ინვესტორები გამოჩნდნენ და, რაც საინტერესოა, მათ უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. უკვე მეხუთე წელია, რაც მოსკოვში კოლექციონერებისა და ექსპერტების სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ძირითადად ის ქალები სწავლობენ, რომლებიც ან უკვე არიან კოლექციების მფლობელები, ან კოლექციონერობას აპირებენ და ამიტომ საკუთარი კომპეტენციის დონის ამაღლებისთვის ზრუნავენ. ეს ფაქტი კი იმის დამადასტურებელია, რომ ქალებს კვალიფიცირებული ინვესტორობა შეუძლიათ – იმის მიუხედავად, თუ ვის ფულს ხარჯავენ.

საკუთარი კოლექციების განთავსება-შენახვას კოლექციონერები უმეტესწილად საზღვარგარეთ არჩევენ. ეს ძირითადად უსაფრთხოების მიზნით კეთდება, თანაც ბევრ რუს მეწარმეს საზღვარგარეთ “საგვარეულო ბუდე” აქვს მოწყობილი.

რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ სადაც არ უნდა გადაწყვიტოთ შეძენილი ხელოვნების ნიმუშის შენახვა, მთავარია, რომ ეს ქონება სწორად გააფორმოთ, რადგანაც ეს, მართალია ლამაზი, მაგრამ მაინც აქტივია. ხშირ შემთხვევაში კოლექციები – ისევე როგორც მთელი რიგი სხვა არამატერიალური ფასეულობები – რეგისტრირდება საოჯახო ფონდების საშუალებით შეღავათიანი საგადასახადო იურისდიქციის მქონე ქვეყნებში, რათა მემკვიდრეებისთვის გადაცემის შემთხვევაში მათ მფლობელებს, ევროპული გადასახადების გამო, დიდი თანხის გადახდა არ მოუხდეთ. ასევე, რასაკვირველია, უსაფრთხოების მიზნითაც.

იშვიათი ძვირფასი ქვები

რა შევიძინოთ: ვარდისფერი, წითელი და ცისფერი ბრილიანტები, ასევე 30 კარატზე მეტი წონის ბრილიანტები.

სად შევიძინოთ: ისრაელის საიუველირო ბირჟა, საერთაშორისო სააუქციონო სახლები. შესყიდვა გამოცდილი საიუველირო აგენტების მეშვეობით ხდება (ძიება off-market).

რჩევა: შეიძინეთ და შეინახეთ

ბრილიანტები რომ ქალის საუკეთესო მეგობრებია, ფაქტია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ, როდესაც საიუველირო ნაწარმს სახელგანთქმული თუ არცთუ ისე ცნობილი ბრენდისგან ყიდულობთ, თქვენ ნაკეთობის ღირებულის გარდა 200-300%-ს თვით ბრენდს უხდით და თუ საიუველირო ნაწარმის მოთხოვნა შეიძლება შეიცვალოს, მისი შემადგენელი ანუ იშვიათი ძვირფასი ქვების ფასი არათუ იცვლება, დროთა განმავლობაში იზრდება კიდეც. ამიტომაც ძვირფასი ქვების შეძენა საუცხოო, ჭეშმარიტად ქალური ინვესტიციაა – ეს ქვები ხომ თავისთავად ხელოვნების ნიმუშებია!

ბოლო ასი წლის განმავლობაში იშვიათი ქვების ფასმა მყარი სტაბილურობა შეინარჩუნა და ნებისმიერი რევოლუციების, ეკონომიკური კრიზისებისა თუ პოლიტიკური რეჟიმების ცვლილებების პირობებშიც კი თავისი ღირებულების არც ერთი პროცენტი არ დაუკარგავს. ძვირფასი ქვების, მათ შორის ბრილიანტების, ფასის ყოველწლიური ნამატი 10-15%-ს აღწევს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ძვირფასი ქვების ღირებულება კრიზისებისა და მსოფლიო რეცესიების დროს მხოლოდ იზრდება.

განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს ის ქვები, რომელთა მსოფლიო მასშტაბით უკვე მოძიებული და ცნობილი მარაგები ან გამოილია ან გამოლევის საშიშროების წინაშეა. სამწუხაროა, მაგრამ ძვირფასი ქვების საბადოების თანდათანობით გაქრობა მიმდინარე ტრენდია, და ამ პროცესის მხოლოდ განვითარებას უნდა ველოდოთ.

“მოგებიანი შენაძენის” დახასიათება: პირველი ხარისხის სიწმინდის მქონე 30-კარატიანი იშვიათი ძვირფასი ქვა Excellent დაწახნაგებით. დღეს იშვიათი ქვების რიცხვში შედის, მაგალითად, ბირმული ლალი, რომლის მარაგები, ფაქტობრივად, ამოწურულია და რომელთაგან საუკეთესო ნიმუშების ერთი კარატის ფასი $300 000-სა და $500 000-ს შორის მერყეობს. თუ მათ ფასს 2000 წლების დასაწყისის ღირებულებას შევადარებთ, აშკარა განსხვავებასაც დავინახავთ – როდესაც ამ ქვის მოპოვება ჯერ კიდევ ხდებოდა, მისი ფასი $20 000 – $30 000 იყო ერთი კარატისათვის.

გაყიდვების ჰიტი: ჰიტ-ლისტში შესულია ასევე ავსტრალიური ვარდისფერი ბრილიანტები, რომელთა ფასი 40-50%-ით მყისიერად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ერთადერთი მომპოვებელი შახტი დაიხურა. უიშვიათესი ძვირფასი ქვების ნუსხაში შევიდა ასევე კოლუმბიური ზურმუხტი, რომლის მოპოვებაც, ფაქტობრივად, დასრულებულია. მუდამ ფასობს ფერადი – ვარდისფერი და ყვითელი – ბრილიანტები.

ასეთი ქვების შეძენა, მიუხედავად მათი ზღაპრულად მაღალი ფასისა, საკმაოდ სპეციფიკური ამოცანაა. დაინტერესებული ინვესტორები მათ სპეციალური აგენტების მეშვეობით, სააუქციონო სახლების ვაჭრობებზე ეძებენ, ან, უფრო ხშირად, off-market- ის საშუალებით. შესყიდვა ძირითადად ამ გზით ხდება, რადგან ძალიან იშვიათი ქვები იმ საოჯახო რელიკვიებს წარმოადგენს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა ხოლმე და მათი მფლობელები გაყიდვის ფაქტის სააშკარაოზე გამოტანას ერიდებიან.

რჩევა: მე, როგორც ბანკირი, გირჩევთ ქვის ყიდვის შემდეგ ის მხოლოდ სპეციალურ სეიფში კი არ შეინახოთ, არამედ მიმართოთ, მაგალითად, შვეიცარიულ ბანკებს, რომლებიც ძვირფასი ქვების შესანახი სპეციალური საცავებით არიან აღჭურვილი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ძვირფასეულობა გირაოს სახით დატოვოთ და ბანკის სარფიანი კრედიტით ისარგებლოთ.

ღვინო და კონიაკი

რა შევიძინოთ: Premier Cru Classe- ის კატეგორიის (ანუ First Growths) ფრანგული ღვინოები. მწარმოებლები: Ausone-ი, Cheval Blanc-ი, Haut Brion-ი, Lafite Rothschild-ი, Latour-ი, Margaux, Mouton Rothschild-ი, Petrus-ი. მე-19 საუკუნის კონიაკები.

სად შევიძინოთ: ლონდონის ღვინის საერთაშორისო ბირჟა (Livex), ღვინის საერთაშორისო გამოფენები, VIN­EXPO (საფრანგეთი), საერთაშორისო სააუქციონო სახლები.

რჩევა: შეიძინეთ და შეინახეთ

პრინციპში, ეს ყველაზე საინტერესო ინვესტიციაა, რადგანაც სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, აქ “ცოცხალ ობიექტში” ხდება ფულის ჩადება: ღვინო სიცოცხლეს აგრძელებს მას შემდეგაც, რაც მას ბოთლებში ჩამოასხამენ.

ინვესტორი ეჩვევა იმ აზრს, რომ თუკი თავის შენაძენს სათანადოდ მოუვლის, მას არაფერი დაემართება, მაგრამ შესაძლოა, ღვინომ მოულოდნელად არასასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ და ბოთლის ყველაზე ფრთხილი შენახვის პირობებშიც კი უეცრად სრული დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეთ. ღვინის შეძენისას ინვესტორები უპირველესად მილეზიმს (მოსავლის აღების წელს) აქცევენ ყურადღებას, რომელიც ყოველწლიურად გადაიხედება ხოლმე. თუ დაფიქსირდა, რომ რომელიმე წლის მოსავლის ღვინო დამჟავდა, თქვენ კი სწორედ ამ შატოს და ამ მოსავლის ღვინო შეისყიდეთ, ესე იგი თქვენმა ინვესტიციამ არ გაამართლა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ღვინოს არაფერი დაემართა, ეს კონკრეტული მილეზიმი დისკრედიტებულია.

ამიტომ ღვინოში ინვესტირება გარკვეულ რისკ-ფაქტორსაც შეიცავს, მართალია, შესაძლოა გაგიმართლოთ და 200%-იანი მოგება ნახოთ, მაგრამ ასევე არსებობს ალბათობა, რომ იშვიათ, ძალიან კარგ ღვინოში უზარმაზარი თანხა გადაიხადოთ და მერე ეს ღვინო მეგობრებთან ერთად მიირთვათ.

2011 წლამდე ღვინის ბაზარზე არსებობდა ასეთი ცნება – “მოდური შენაძენი”. მაგალითად, 2007 წელს აზიელი ინვესტორების საყვარელი კაპიტალდაბანდების ობიექტი Сhateau Lafite Rothschild-ი გახლდათ და არაფრით გამორჩეული 2004 წლის მოსავლის ამ მარკის ერთ ყუთს 1400 ევროდ შეიძენდით, 2012 წლის შემოდგომაზე კი იმავე ღვინის გაყიდვას 8600 ევროდ შეძლებდით და 200%-იან მოგებასაც ნახავდით. დღეს ღვინის ბაზარი სტაგნაციას განიცდის: ღვინის ინდექსების მოგება წლიურად დაახლოებით 1%-4%-ს უდრის. მხოლოდ ამერიკული ღვინოების ინდექსი ინარჩუნებს არცთუ ურიგო შედეგს – წლიურ 14%-ს. კრიზისმა შესამჩნევად დაარეგულირა ღვინის ბაზარი და ინვესტორებიც მხოლოდ ფუნდამენტური ანალიზის შემდეგ არჩევენ და ყიდულობენ ღვინოებს.

რადიკალურად განსხვავებული სურათია კონიაკის ბაზარზე – მისი ფასი ღვინის ინდექსის კორექტირების დროსაც კი არ ეცემა, რადგან აქ გრადაციის სხვა პრინციპი მუშაობს: რარიტეტებს შორისაა ე.წ. “ნაპოლეონის დროინდელი” კონიაკები, რომელთაც ხელოვნების ნიმუშებს უტოლებენ. ასეთი კონიაკის ღირებულებამ შესაძლოა ასი ათას გირვანქა სტერლინგს გადააჭარბოს. ერთი ჩემი ნაცნობი ინვესტორი, კონიაკების უდიდესი კოლექციის მფლობელი ლონდონიდან, სამართლიანად ამაყობს 1839 წლის გამოშვების კონიაკით, რომელიც დღეს 140 000 ევროდ ფასდება.

ღვინოში ინვესტირების სპეციფიკა ცნობილია – ის მოთმინებას საჭიროებს. საკოლექციო ღვინოებს, “შატოს წესების” თანახმად, ნაკრების სახით ყიდულობენ, ამიტომ განსაზღვრული მოსავლის პროდუქციის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება და რაც უფრო მომთმენია ინვესტორი, მით მეტი შანსი აქვს მას, თავისი შენაძენით კარგი მოგება ნახოს.

“საინვესტიციო ღვინის” ოთხი კატეგორია არსებობს. მაგალითად, კატეგორია Secondary (first growth value) გულისხმობს საფრანგეთის წამყვანი მეურნეობების მიერ ახალჩამოსხმული პრემიუმ-ღვინოების შეძენას. ამ კატეგორიის ღვინოებს მაღალი პოტენციალი და მცირე რისკიანობა ახასიათებს. აი, Secondary — new stars კატეგორია კი იმ ინვესტორებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც რისკის არ ეშინია.

რუსეთში ასეთი ღვინოები არ შემოაქვთ. ისინი სპეციალურ საცავებში ინახება. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის საბაჟო საწყობებში ექსკლუზიური ღვინის კოლექციისთვის განკუთვნილი სპეციალური ნაკვეთურები არსებობს.

რჩევა: ღვინოში ინვესტირების ყველაზე უსაფრთხო, მაგრამ, ჩემი აზრით, მოსაწყენი მეთოდი ასეთია – ამოირჩიეთ ღვინის ფონდი, რომლის პროფესიონალები თქვენს კაპიტალს უკვე არჩეულ ღვინის აქტივებში დააბანდებენ.

უძრავი ქონება

რა შევიძინოთ: სახლ-მუზეუმები, ისტორიული ვილები და ზურმუხტის სანაპიროს პირველი ზოლზე, უშუალოდ ზღვის პირას მდებარე სახლები.

სად შევიძინოთ: ინგლისი (ლონდონის ჩათვლით), საფრანგეთის სამხრეთი მხარე.

რჩევა: შეიძინეთ და გააქირავეთ.

როდესაც საინვესტიციო ვნებებზე ვსაუბრობთ და საქმე კაპიტალის უძრავ ქონებაში (თუნდაც ყველაზე ექსკლუზიურში) დაბანდებას ეხება, უპირველესად რუსი ინვესტორები გვახსენდება. დღეს, თუკი ფული გაქვს, იჯარით ყველაფრის აღება შეგიძლია – ნებისმიერი ზომისა და კლასის უძრავი ქონების, თვით არქიტექტურული ძეგლების ჩათვლით, მაგრამ მხოლოდ რუს კლიენტებს, როგორც კი უნიკალურ უძრავ ქონებას იჯარით აიღებენ, უჩნდებათ სურვილი, ამ ძვირად ღირებული კვადრატული მეტრების სრულუფლებიან მფლობელებად გადაიქცნენ. რუსისთვის რთულია იმ აზრის გათავისება, რომ სახლი შეიძლება დროებითი თავშესაფარი იყოს. რუსული მენტალობიდან გამომდინარე, სახლი ის ციხესიმაგრეა, რომელიც სამუდამოდ უნდა გეკუთვნოდეს. ამიტომ ძვირად ღირებულ და იშვიათ უძრავ ქონებაში ნებისმიერი კაპიტალის დაბანდება რუს ინვესტორში არასახუმარო ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ის, მისი აზრით, არა მხოლოდ ციხე-კოშკს ყიდულობს, არამედ ამ ისტორიულ ნაგებობაში “საგვარეულო ბუდეს” იშენებს. თუმცა კი, როგორც ინვესტიციური, ისე წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით, ევროპული ციხესიმაგრეების ყიდვას რეკომენდაციას ვერ გავუწევ: ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან არალიკვიდური აქტივია.

დღეს იშვიათი უძრავი ქონების მაძიებლები ფოკუსირებას ძირითადად ინგლისსა და საფრანგეთის სამხრეთზე ახდენენ – ეს ის რეგიონებია, რომლებზე ფასიც, ბაზარზე ნებისმიერი სიტუაციისგან დამოუკიდებლად, ზრდას განაგრძობს. ამ ქვეყნების უძრავი ქონების შეძენა, ერთი მხრივ, დიდი ფუფუნებაა, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი ყოველწლიური მოგების გარანტია.

ინგლისის უძრავ ქონებას დღეს არა მხოლოდ რუსეთი, მთელი მსოფლიო ყიდულობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლონდონში კვადრატული მეტრის ფასი 20-30%- ით გაიზარდა – და ეს ციფრები ყველაზე მოკრძალებული გამოთვლის შედეგად მივიღეთ.

ყველაზე კარგი ინვესტიციაა გასაყიდად გამოტანილი ისტორიული ნაგებობების, სახლ-მუზეუმების შეძენა, რომელთა რიცხვი ძალიან მცირეა. ერთი ჩემი კოლეგა თავისი კლიენტისთვის “საინტერესო წარსულის” მქონე სახლს ეძებდა. ლონდონის პრესტიჟულ უბან Mayfair-ში მან მოიძია სახლი, რომელიც მე-19 საუკუნეში (1830 წ.) სკოლა გახლდათ, თავის დროზე ამ სკოლაში ლევ ტოლსტოი სწავლობდა (ეს ფაქტი დოკუმენტებით დასტურდება). მწერალს ისე მოეწონა ამ შენობის არქიტექტურა (სახლი ოქტაგონის ფორმის იყო), რომ რუსეთში დაბრუნებულმა ამ ტიპის სკოლების მშენებლობა დაიწყო. ნაგებობაში “რუსული სული” ტრიალებს – კედლებს დღემდე ამშვენებს ტოლსტოისციტატებიანი ძველი გრავიურები. რეზიდენციასთან ერთად შეთავაზებული იყო საკმაო ზომის საკარმიდამო ნაკვეთი, გაშენებული ბაღით.

სახლის ინტერიერი მთლიანად გადაკეთებულია – ის ყველა თანამედროვე კომუნიკაციითაა აღჭურვილი, მაგრამ ამავე დროს დატოვებულია მე-18 საუკუნის ანტიკვარული ავეჯი, რომელიც, სხვათა შორის, ასევე სააუქციონო ლოტი გახლდათ. საერთოდ მსგავსი სახლების გაყიდვა თავისი ავეჯითურთ კარგ ტონადაა მიჩნეული – ავეჯი და დეკორი ხომ სახლის შემადგენელი ნაწილია.

სახლის მფლობელ ფრანგს სურდა, შენობა თავისი თანამემამულისთვის მიეყიდა, მაგრამ ჩემმა კოლეგამ დაარწმუნა გამყიდველი – სახლის რუსეთთან ისტორიული კავშირების გამო და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პირობით – ეს ნაგებობა სწორედ მისი კლიენტისთვის დაეთმო. მყიდველიც კმაყოფილი დარჩა: შვიდი წლის წინ მან 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და მიუხედავად იმისა, რომ მყიდველს მოგების იმედი არ ჰქონდა, დღეს ეს უძრავი ქონება 50 მილიონზე არანაკლები ღირებულებისაა.

თუკი საფრანგეთში აპირებთ უძრავი ქონების ყიდვას, გირჩევთ თქვენი ფული ლაჟვარდოვან სანაპიროზე დააბანდოთ. 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროსაც კი, როდესაც ექსკლუზიური უძრავი ქონების ფასები მთელ მსოფლიოში დაეცა, ამ რეგიონში მათი ღირებულება არ შეცვლილა. საუკეთესო შეთავაზებაა ლაჟვარდოვანი სანაპიროს პირველ ხაზზე მდებარე სახლები. რასაკვირველია, თავისთავად ეს ნაგებობები უნიკალურია და ამიტომ მათი შესყიდვა ყოველთვის off-market ხორციელდება.

რჩევა: უძრავ ქონებაში ინვესტირებას მოგებიანს გახდით, თუკი კრედიტით რეფინანსირებულ გარიგებას დადებთ, რაც გადასახადებზე ეკონომიის საშუალებას მოგცემთ. მაგალითად, საფრანგეთში ასეთი შენაძენისთვის 2-3%-იან კრედიტს აიღებთ, რაც სავსებით შეესატყვისება ფუფუნების საგნებზე დაწესებულ გადასახადებს, რომელთაც “ძვირად ღირებული კვადრატული მეტრების” მფლობელები იხდიან. და თუკი სახლს კაპ-ფერაზე 40 მლნ ევროდ შეიძენთ, მას მაშინვე გააქირავებთ და ამისთვის წლიურ 4-5%-ს მიიღებთ, კრედიტის გადასახდელის გამოკლებითაც კი მოგებული დარჩებით.

იახტები და ნავები

რა შევიძინოთ: 45-მეტრიანი და მეტი ზომის ნავი/იახტა

სად შევიძინოთ: მეორადი ბაზარი

რჩევა: გაყიდეთ

რამეს თუ შეესაბამება ტერმინი “ინვესტირება გატაცებებში” – ეს იახტებია, რადგანაც ნავების სიყვარული თავისთავად ჰობია და მათი ყველა მფლობელი თავისი გემოვნების შესაბამისად აშენებს ან ყიდულობს ნავებსა თუ იახტებს. ამიტომ, ფინანსური უკუგების თვალსაზრისით, იახტებში კაპიტალის დაბანდება ნაკლებად მოგებიანი სვლაა. ნავის საბაზრო ფასი მის ზომასა და იმ გემთმშენზეა დამოკიდებული, რომლის პროდუქციის ყიდვასაც აპირებთ, რადგანაც, თავის მხრივ გემთმშენების რანჟირებაც ხდება. და თუ დიდი ნავი – 45 მეტრზე მოზრდილი – უფრო ლიკვიდურია, მცირე ზომის, მაგალითად, სპორტული ნავების ბაზარი მეტად სპეციფიკურია. ერთმა ჩემმა ნაცნობმა ძალიან ლამაზი, 28-მეტრიანი იახტა გემთმშენ Pershing-ს შეუკვეთა და მასში 15 მილიონი დოლარი გადაიხადა, დღეს კი ამ, ავტომობილ Ferrari-ს მსგავს, იახტას $3 მილიონადაც ვერ ყიდის.

რჩევა: იახტის აშენებას, მისი მეორად ბაზარზე და აუცილებლად კრედიტით ყიდვა ჯობია. იახტინგში ინვესტიციამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ. ერთი მხრივ, ეს ლამაზი და მოსახერხებელი ინვესტიციაა – იახტაზე ზაფხულის არდადეგების გატარება მართლაც გარკვეული ცხოვრების წესის მიმანიშნებელია, მეორე მხრივ კი მის შესანახად და მომსახურე პერსონალისთვის ხელფასების გადასახდელად საკმაოდ დიდი თანხების გაღება მოგიწევთ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *