500 Georgia-ს მესამე ნაკადის Demo Day იმართება

500 Georgia-ს მესამე ნაკადის Demo Day იმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Georgia-ს მესამე ნაკადის Demo Day იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი გამორჩეული ტექნოლოგიური სტარტაპი იღებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა და ახლა ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე ახალი ბიზნესშესაძლებლობების აღმოჩენაზე მუშაობენ. შესაბამისად, დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად მონაწილეები პოტენციურ ინვესტორებს საკუთარ იდეებს აცნობენ, საქმიან ურთიერთობებს ამყარებენ და გაფართოების ახალ შესაძლებლობებს ეძებენ.

მათ შორისაა 13 სტარტაპი:

  1. Bonpara აზერბაიჯანული სტარტაპია, რომელიც ორხან აჰმადოვმა და ნიჯატ ასადოვმა დააფუძნეს. პლატფორმა საკუთარ მომხმარებლებს ეხმარება, დაზოგონ რაც შეიძლება მეტი ფული, ბიზნესს კი ეხმარება მეტი პროდუქტი გაყიდოს და ახალი მომხმარებლები მოიზიდოს.
  2. Epoint ციფრული გადახდის აგრეგატორი და ელექტრონული კომერციის პლატფორმაა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აზერბაიჯანსა და მთელ მსოფლიოში. სტარტაპი ზეინალ კარიმზადამ და ჰასან ჰასანოვმა 2021 წელს დააფუძნეს და დღეს უკვე ისინი 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები არიან.
  3. Gotcha ჰამო ვეთუნცისა და ანა გევორგიანის მიერ დაფუძნებული სტარტაპია. ის ქცევითი მეცნიერების კვლევისა და სახის მიმიკების ანალიზის საფუძველზე ადამიანის მიკროემოციებს ამოიცნობს.
  4. iDialogue ოლესია ალექსანდროვასა და ნატალია ბუთის მიერ შექმნილი სტარტაპია, რომელიც მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის შესწავლაში ეხმარება მსოფლიო მასშტაბით. საამისოდ კი სტარტაპი ინოვაციურ და ეფექტიან მეთოდებს იყენებს.
  5. Kings International – პლატფორმა, რომელიც მასწავლებლებს ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში ეხმარება. ირაკლი ვეკუამ და ირაკლი ჯინჯიხაძემ პანდემიის პერიოდში გადაწყვიტეს, მასწავლებლებისთვის შეექმნათ პლატფორმა „Kings“, რომელიც მათ ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში დაეხმარებოდა. სწორედ ამ იდეით ისინი ცოტა ხნის წინ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდნენ.
  6. KovZy – პლატფორმა, რომელიც რესტორნებისთვის გაყიდვების არხს ქმნის. KovZy ალექსანდრე ცინცაძისა და სანდრო დარსაველიძის მიერ შექმნილი პლატფორმაა, ქმნის პირდაპირი გაყიდვების არხს და რესტორნებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ონლაინ გადახდები და მომხმარებლებს დროულად მიაწოდონ შეკვეთები.
  7. Liveboard ოთხი თანამოაზრის მიერ დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც სპეციალურად ონლაინ მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი. ის მასწავლებლებს ეხმარება, მართონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესი და მთელი სასწავლო პროცესი ერთ პლატფორმაზე აწარმოონ.
  8. Praktika ინგლისური ენის შემსწავლელი პლატფორმაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ის ადამ ტურაევმა და ილია ჩერნიაკოვმა გერმანიაში დააფუძნეს.
  9. Pyme – ასე ეწოდება პლატფორმას, რომელიც მიმდინარე წლის მარტში საიმონ მიტჩელმა, ბილალ მოტივალამ და სალეჰ მოტივალამ დააფუძნეს. სტარტაპი ერთგვარი მარკეტინგული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს WEB3-ში მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება.
  10. QuickShipper ქართული სტარტაპია, რომელიც მარიამ ახვლედიანმა, ლევან კილაძემ და ილია გიჯაშვილმა დიდი გამოცდილების ფონზე დააარსეს. ეს არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ბიზნესებს შეუძლიათ ნებისმიერი არხიდან შემოსული შეკვეთების მართვა, მათი დაბინავება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი. ეს სტარტაპი ცოტა ხნის წინ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა.
  11. Tass Vision 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის ერთ-ერთი ფინალისტია, რომელიც 2019 წელს უზბეკეთში შახზოდ უმირზაკოვმა და ჯამშიჯონ ხაკიმჯონოვმა დააფუძნეს. სტარტაპი ვიდეოკონტენტის ანალიზის ერთგვარი ინსტრუმენტია, რომლის ალგორითმებიც საშუალებას აძლევს საცალო მოვაჭრეებს, ვიზიტორთა აქტივობის ანალიზითა და ავტომატური რეკომენდაციების მიღების გზით გააუმჯობესონ საკუთარი ბიზნესის ეფექტიანობა.
  12. Text’nPayMe ინოვაციური პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც ტრანზაქციის განხორციელება ნებისმიერ აპლიკაციაშია შესაძლებელი. სტარტაპი თავისი უნიკალური იდეით ცოტა ხნის წინ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა.
  13. Voiceloft აზერბაიჯანში დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხმოვანი მონაცემების შეგროვებით მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს. Voiceloft 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს შორისაა.

 

ცნობისთვის, ამ დრომდე, 500 Georgia-ს ფარგლებში, ოცდაათი საერთაშორისო და ლოკალური სტარტაპი გადამზადდა, რის შემდეგაც მათი ჯამური ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია – ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *