ვან გოგის ტილო, რომელიც დახურულ კარს მიღმა 100 წელზე მეტ ხანს ინახებოდა, 13.09 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონ Sotheby’s-ის განმარტებით, აღნიშნული თანხა რეკორდულია – იგი ჰოლანდიელი მხატვრის ყველაზე ძვირად გაყიდული ნახატია საფრანგეთში.
ფერწერული ტილო 1887 წელსაა შესრულებული. სპეციალისტებმა იცოდნენ ნამუშევრის არსებობის შესახებ, თუმცა მისი მხოლოდ შავ–თეთრი ფოტო იყო ხელმისაწვდომი.
მონმარტრის ქუჩის სცენა იმ სერიის ნაწილია, რომელიც ვან გოგმა პარიზში ძმასთან – თეოსთან ცხოვრებისას შეასრულა (1886-1887 წლებში). ნახატზე ხედავთ ქარის წისქვილს; იმ დროისთვის მონმარტრი პარიზის ჩრდილოეთ პერიფერიას წარმოადგენდა. ცნობილი ტაძარი საკრე–კიორი, რომელიც დღეს ამ ტერიტორიის დიდ ნაწილს იკავებს, შენების პროცესში იყო.
ვან გოგის ხელოვნების ექსპერტი – მარტინ ბეილი აღნიშნავს, რომ სწორედ პარიზში აღმოაჩინა მხატვარმა იმპრესიონიზმი, რამაც მას ფერთა ძიებისკენ უბიძგა. ნახატის ღირებულებას ისიც ზრდის, რომ ნამუშევრის ხილვა წლების განმავლობაში მხოლოდ მფლობელისა და მისი მეგობრებისთვის იყო შესაძლებელი.
დატოვე კომენტარი