საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ატაშეების შერჩევას იწყებს. კომერციული ატაშეები თავდაპირველად 6 ქვეყანაში დაინიშნებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შერჩეული კანდიდატები შესაბამისი გადამზადების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ შემდეგ ქვეყნებში – აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. კომერციული ატაშეების შერჩევის პროცესი 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომეერციული ატაშეების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, ატაშეების შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს – განაცხადების გადარჩევა, სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე ფორმით შეფასება (წერითი დავალება, პრეზენტაცია, ენის ცოდნის დადგენა, გასაუბრება და ა.შ.) და სავალდებულო სწავლება.
კანდიდატს მოეთხოვება არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, დადგენილია ასევე უცხო ენების ცოდნის ვალდებულებაც.
დატოვე კომენტარი