სპორტული მონაცემების კომპანია Sportradar-ი საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება. კომპანიის ღირებულება IPO-ზე გატანისას 7.4 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, რაც მის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, კარსტენ კიორლს, მულტიმილიარდერად აქცევს.
კომპანიამ 18-თვიანი ძალიან რთული პერიოდი გაიარა აქამდე მოსასვლელად. სპორტული მონაცემების კომპანია Sportradar-ს არამხოლოდ პანდემიასთან გამკლავება მოუწია, მას ასევე საფრთხე ემუქრებოდა 10-მილიარდიანი SPAC შეთანხმების მიხედვითაც. თუმცა დღეს შვეიცარიული კომპანია ნიუ-იორკში Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე აქციათა განსათავსებლად ემზადება. ამ ნაბიჯის შემდეგ კი მისი დამფუძნებელი მილიარდერი გახდება.
Sportradar-ი გახლავთ კომპანია, რომელიც სპორტულ ლიგებს მონაცემების, თამაშების სტატისტიკის შეგროვებაში და შემდეგ საკუთარი კლიენტებისთვის, მედიაკომპანიებისა თუ ფსონების ოპერატორებისთვის მათ მიწოდებაში ეხმარება. 2018 წელს აშშ უზენაესი სასამართლოს მიერ ლეგალიზაციის შემდეგ, სპორტული აზარტული თამაშები განსაკუთრებით ძლიერი ზრდის შესაძლებლობა გახდა. იმ შემთხვევაში, თუკი სპორტული აზარტული თამაშები 50-ვე შტატში ხელმისაწვდომი გახდება, ამ გზით შეერთებულ შტატებს ყოველწლიურად 19 მილიარდი აშშ დოლარის გამომუშავების შესაძლებლობა ექნება. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ის მხოლოდ 26 შტატსა და დედაქალაქშია ხელმისაწვდომი.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟის კომისიაში წარდგენილი უახლესი დოკუმენტაციის თანახმად, Sportradar-ი 19 მილიონი აქციის გამოშვებას გეგმავს, რომელთა ფასიც IPO-ზე გატანისას $25-დან $28-მდე იქნება.
დატოვე კომენტარი