ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Tesla-მ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში უზარმაზარი ქარხანა გახსნა. დიდი ხნის მოლოდინი კი მალე დასრულდება და Tesla გერმანიაში პირველი ელექტრომობილის წარმოებას ნოემბრიდან დაიწყებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, 9 ოქტომბერს ქარხნის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიების დროს განაცხადა, რომ ბერლინის ქარხანა Model Y კროსოვერების გამოშვებას ნოემბერში ან დეკემბერში დაიწყებს. ერთადერთი გამოწვევა, რაც კომპანიას დარჩა – სამეწარმეო პროცესის სისრულეში მოყვანაა.
აღმასრულებელი დირექტორის გათვლებით, ბერლინის გიგანტურ ქარხანას 2022 წლის ბოლოსათვის კვირაში 5,000-დან 10,000-მდე ელექტრომობილის წარმოება შეეძლება. ილონ მასკმა დამატებით აღნიშნა, რომ კომპანია ელექტრომობილებისათვის საჭირო ელემენტებს გერმანული სადგურის აშენებამდე ჩინეთიდან მიიღებს. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ გერმანულ გიგანტურ ქარხანას Tesla-ს შემოსავლებზე დიდი გავლენა არ ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის აშენება გეგმურად მიმდინარეობს, ილონ მასკის კომპანიის წინააღმდეგ მაინც არაერთი სამართლებრივი დავა არსებობს. მათი უმეტესობა კი გარემოსდაცვით გარანტიებსა და საჯარო კონსულტაციების პროცესს შეეხება. შესაძლოა, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა ქარხნისათვის საბოლოო ნებართვის გაცემისაგან თავი შეიკავონ ან მისგან დამატებითი გარანტიები მოითხოვონ.
სანაცვლოდ, Tesla-მ პირობა დადო, რომ ქარხნის აშენებისათვის მოჭრილი ხეების სანაცვლოდ გარემოს დაცვისათვის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. გარდა ამისა, ქარხანა მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის გამოყენებასაც. არის თუ არა ეს უკანასკნელი საკმარისი ევროპული ნებართვის მისაღებად, ამას მომდევნო რამდენიმე კვირა გვიჩვენებს.
ფოტო: PATRICK PLEUL/POOL/AFP
დატოვე კომენტარი