IMF-ი და მსოფლიო ბანკი უკრაინას $5 მილიარდზე მეტს გამოუყოფენ

IMF-ი და მსოფლიო ბანკი უკრაინას $5 მილიარდზე მეტს გამოუყოფენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი უკრაინას $5 მილიარდზე მეტს გამოუყოფენ,  – ამის შესახებ საფინანსო ინსტიტუტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ.

„ჩვენი ინსტიტუტები უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მიწოდებაზე ერთობლივად მუშაობენ და ახლა, ამ დახმარების სასწრაფო წესით გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ… IMF-ი უკრაინისათვის გადაუდებელი დახმარების გამოყოფას სწრაფი ფინანსირების ინსტრუმენტის გამოყენებით გეგმავს – ამ გადაწყვეტილებას ჩვენი საბჭო მომავალ კვირას განიხილავს. ამასთანავე, ვაგრძელებთ მუშაობას „Stand-By Arrangement“ პროგრამით, რომლის ფარგლებშიც, დღეიდან – ივნისის ბოლომდე, უკრაინას დამატებით $2.2 მილიარდს გამოვუყოფთ”, – ვკითხულობთ ერთობლივი განცხადების იმ ნაწილში, რომელიც IMF-ის მიერ გამოყოფილ ფინანსურ სახსრებს ეხება.

მსოფლიო ბანკს რაც შეეხება, ეს ფინანსური ინსტიტუტი, მომავალ თვეებში, უკრაინას $3 მილიარდს გამოუყოფს, რომლის პირველი ნაწილის, ანუ $350 მილიონის გამოყოფის საკითხს მსოფლიო ბანკის საბჭო მიმდინარე კვირასვე განიხილავს.

აღსანიშნავია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი პოლიტიკურ, ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უკრაინის იმ მეზობელ ქვეყნებსაც ჰპირდებიან, რომლებზეც ეს კრიზისი განსაკუთრებულად მოქმედებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *