დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ახლახან შვიდ რუს ოლიგარქს მკაცრი სანქციები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულთა სიაში ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩიც მოხვდა, რომელსაც ბრიტანეთმა ქვეყანაში ყველა აქტივი გაუყინა. შედეგად, რუსი მილიარდერი კლუბის გაყიდვას ვეღარ შეძლებს. ბრიტანეთის მთავრობამ ეს ნაბიჯი რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გადადგა.
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე თვის დასაწყისში გაავრცელა. როგორც ჩანს, რუს მილიარდერს, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში პუტინთან დაახლოებულ პიროვნებად არის მოხსენიებული, სანქცირებულთა სიაში მოხვედრა აშინებდა, თუმცა ამისგან თავის არიდება მაინც ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ ახალი სანქციების მიხედვით, „ჩელსის“ მფლობელს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაც ეკრძალება.
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ინგლისის პრემიერ-ლიგაში ასპარეზობის გასაგრძელებლად კლუბი სპეციალურ ლიცენზიას მიიღებს. გარდა ამისა ცნობილია, რომ „ჩელსის“ მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, ასევე ფეხბურთელების ტრანსფერები აეკრძალება.
შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს 140 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ის სანქციების დაწესებამდე კლუბის გაყიდვას 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგად იმედოვნებდა.
დატოვე კომენტარი