„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, კომპანია აჩერებს რუსეთში დაგეგმილ ყველა საინვესტიციო პროექტს, მათ შორის ბაზარზე ახალი პროდუქტების განთავსებას, აგრეთვე კომერციულ, ინოვაციურ და საწარმოო პროექტებში ინვესტირებას.
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ ასევე აამოქმედა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციაში წარმოების შემცირებას.
„ჩვენთვის შოკისმომგვრელია უკრაინაში მიმდინარე ომი და უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უდანაშაულო ბავშვებს, ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც აგრესიის შედეგად იტანჯებიან. ჩვენ ვუერთდებით იმ მილიონობით ხმას, რომლებიც ომის შეწყვეტასა და მშვიდობის აღდგენას ითხოვენ“, – განაცხადა იაცეკ ოლზაკმა, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინაში ჩვენი ათასზე მეტი თანამშრომლისთვის უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ სამი კრიტიკული მისიის განხორციელების პროცესში: დავეხმარეთ 800-ზე მეტი ადამიანს უკრაინიდან ევაკუაციაში, მათ შორის ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონებიდან; უზრუნველვყოფთ სასწრაფო დახმარებას უკრაინაში დარჩენილი თანამშრომლებისთვის და ვეხმარებით გუნდის იმ წევრებს ლოგისტიკური, სამედიცინო, ფინანსური და სხვა პრაქტიკული საშუალებით, რომლებმაც თავშესაფარი მეზობელ ქვეყნებში იპოვეს. ამ რთულ პერიოდში, ჩვენ, რა თქმა უნდა, უწყვეტად ვაგრძელებთ ჩვენი უკრაინელი თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებას“, – აღნიშნავს იაცეკ ოლზაკი.
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარული დახმარების პროცესში, რათა უზრუნველყოს უკრაინელი ხალხისა და უკრაინაში დარჩენილი კომპანიის თანამშრომლების მხარდაჭერა. კომპანია, სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს საკვების, მედიკამენტების და სხვა საბაზისო საჭიროების ნივთების მიწოდებას.
5 დღეში, „ფილიპ მორისის“ თანამშრომლების მიერ დაფუძნებულმა საქველმოქმედო ფონდმა შემოწირულობის სახით 300,000 აშშ დოლარი შეაგროვა უკრაინის დასახმარებლად, კომპანიამ კი ეს თანხა გააორმაგა. დამატებით, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით 10 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
„მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, ჩვენმა დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შევაჩეროთ ყველა დაგეგმილი საინვესტიციო პროექტი და ავამოქმედოთ გეგმა, რომელიც შეამცირებს რუსეთის ფედერაციაში ჩვენი კომპანიის საწარმოო აქტივობებს. აღნიშნული ინიციატივის პარალელურად, ჩვენ დავეხმარებით რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამშრომლებს და გავაგრძელებთ მათთვის ანაზღაურების გადახდას“, – აღნიშნა იაცეკ ოლზაკმა.
დატოვე კომენტარი