ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ის განცხადებით, ოფიციალურ პეკინს არ სურს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციები ჩინეთსაც შეეხოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი უკავშირდება თეთრი სახლის განცხადებას, რომელმაც ჩინეთის მთავრობას მოუწოდა – არ გაეწია ეკონომიკური და სამხედრო დახმარება რუსეთისთვის.
„ჩინეთი ამ კრიზისში ჩართულ მხარეს არ წარმოადგენს და მას არც სურს, რომ სანქციები მასაც შეეხოს“, – განაცხადა ვანგ იმ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ მედიაში ვრცელდება ცნობები რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო დახმარების მიღების თხოვნით ჩინეთის მთავრობისთვის მიმართვის შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციას არცერთი ქვეყნის ოფიციალური უწყება არ ადასტურებს.
საგულისხმოა, რომ ჩინეთს ოფიციალურად ჯერაც არ დაუგმია რუსეთის სამხედრო აგრესია და არც სანქციები დაუწესებია. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს „კომპლექსურს“ უწოდებს და ამ ეტაპზე უკრაინისთვის მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით შემოიფარგლება.
„რაც არ უნდა სახიფათო იყოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთი და რუსეთი შეინარჩუნებენ თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს და განაგრძობენ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის წინ წაწევას. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას გამოარჩევს მისი დამოუკიდებლობა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩვენი ურთიერთობა მესამე მხარის ჩარევისგან თავისუფალი იყოს,“ – განაცხადა ვანგ იმ გასულ კვირას.
დატოვე კომენტარი