221 მილიონი ლარის ინვესტიცია, 10 მიმდინარე და დასრულებული ობიექტი და 500-ზე მეტი დასაქმებული – ეს უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიის” მიერ 2011 წლიდან დღემდე შესრულებული სამუშაოს ძირითადი საზომი რიცხვებია.
ჩვენ თავს მივაკუთვნებთ იმ გარემოს, რომელშიც ვაკეთებთ ბიზნესს და გააზრებული გვაქვს, რომ ნებისმიერი ჩვენი მოქმედება თუ გადაწყვეტილება გავლენას ახდენს და ცვლის ამ გარემოს. შესაბამისად, ჩვენი კომპანიის მისიაა, რომ გარემო შევცვალოთ მხოლოდ უკეთესობისკენ, გავხადოთ ის უფრო სასარგებლო და შევქმნათ სიმეტრიული სარგებელი”, – ამბობს ტარიელ გაბუნია, “სიმეტრიის” გენერალური დირექტორი.
“სიმეტრია” “კაპიტოლ ჯგუფის” წევრია. “კაპიტოლ ჯგუფი” 2006 წელს დაარსდა და სხვადასხვა “ბიზნესსექტორი” გააერთიანა. ჯგუფი ძირითადად ინვესტიციების მოზიდვისა და მათი მართვის მიმართულებით ოპერირებს.
კომპანია “სიმეტრია” მუშაობს როგორც საცხოვრებელი კომპლექსების, ასევე სასტუმროებისა და ბიზნეს- და სავაჭრო ცენტრების მიმართულებით. მათი საქმიანობა პროექტის იდეიდან მის საბოლოოდ დასრულებამდე მენეჯმენტსა და მასზე პასუხისმგებლობის აღებას მოიაზრებს. თითოეულის შემთხვევაში “სიმეტრიის” გუნდი ქმნის კარგად ნაფიქრ ბიზნესგეგმას, კვლევების საფუძველზე შეიმუშავებს საინვესტიციო პროექტს და შემდგომ უზრუნველყოფს ინვესტიციების მოზიდვას და პროექტის განხორციელებას.
კომპანია სასტუმროების რეგიონული ქსელის განვითარების პროექტს “12 სასტუმრო 12 რეგიონში” ახორციელებს. სწორედ ამ პროექტის ნაწილს წარმოადგენს Best Western Kutaisi, რომელიც 2017 წელს გაიხსნა და იყო პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში.
ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ბაკურიანში Four Points by Sheraton-ი. 4-ვარსკვლავიან სასტუმროში 116 ნომერი განთავსდება. სასტუმრო ფუნქციონირებას 2022 წლიდან დაიწყებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარია. კომპანიაში სჯერათ, რომ მსგავსი საერთაშორისო ბრენდის ბაკურიანში შესვლა რეგიონში მეტ ტურისტს მიიზიდავს, რაც რეგიონის განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.
იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდის ფონზე მოთხოვნა სამ- და ოთხვარსკვლავიან სასტუმროებზე განსაკუთრებით მზარდია, არაერთი კვლევა ადასტურებს. სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს კომპანიის რიგით მეოთხე სასტუმრო, რომელიც ძველ თბილისში გაიხსნება. Holiday Inn Express-ი სტუმრებს საუკეთესო, მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. 6-სართულიანი სასტუმრო ავლაბარში შენდება და ის 120 ნომერს გააერთიანებს, მის მართვას კი საერთაშორისო კომპანია Hotel Collection International-ი განახორციელებს. რაც შეეხება დანარჩენ რვა სასტუმროს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს წლებში მათი ჩართულობით სასტუმროები ყველა ტურისტულად აქტიურ რეგიონში გაიხსნება.
“ჩვენი კომპანიისთვის დამახასიათებელია ის, რომ ვართ გაბედულები და ერთგვარი გზის გამკვალავები ახალი ბიზნესპოტენციალის ათვისებაში. ამის შედეგად იქმნება ტრენდი, რასაც მიმდევრები უჩნდებიან და საბოლოო ჯამში იქმნება სარგებელი მთელი რეგიონისთვის”, – ამბობს ტარიელ გაბუნია.
“სიმეტრიის” ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი კურორტი შოვის განვითარებაა. ტერიტორიის 60% პარტნიორი კომპანიის საკუთრებაშია და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მათ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის, 4-სეზონიანი სამკურნალო- გამაჯანსაღებელი კურორტის შექმნა დაიგეგმა.
“ჩვენი მიზანი არ არის შოვში უბრალოდ სასტუმროს აშენება. ჩვენი მიზანია, შოვი გახდეს საქართველოში გამორჩეული საკურორტო ზონა, რისი პოტენციალიც შოვს ნამდვილად აქვს. სამწუხაროდ, საქართველოში ერთეული კურორტებია დარჩენილი, სადაც შეიძლება მოხდეს სისტემურად, გეგმის მიხედვით და არა დანაწევრებული განვითარება. ამისთვის ჩვენ შევიმუშავეთ კურორტი შოვის განვითარების გენერალური გეგმა, რაც არის წინაპირობა, რომ შოვი გახდეს ევროპული დონის, მაღალი კლასის გამაჯანსაღებელი კურორტი”, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი. იმისთვის, რომ კურორტი ქაოსურად არ განაშენიანდეს, მათი დაკვეთით გენერალურ გეგმაზე მუშაობა ავსტრიულმა არქიტექტურულმა ბიურო FREILAND-მა ითავა. ეკონომიკურ შესწავლასა და ბიზნესგეგმას კი დიდი ოთხეულის საკონსულტაციო კომპანია EY ასრულებს. მიმდინარეობს შოვის ბალნეოლოგიური პოტენციალის შესწავლაც, რის საფუძველზეც გერმანელი კონსულტანტები სამკურნალო პროცედურების, მათი ჩატარებისთვის საჭირო ტექნოლოგიებისა და მინერალური წყლის რესურსების საჭიროებას განსაზღვრავენ.
ამისთვის საკვლევ პერიოდში, მეპატრონის მიერ 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც ხაზს უსვამს მის განწყობას პროექტისადმი.
შოვში, 140-ნომრიან სასტუმროსთან ერთად, 30 პრემიალური კოტეჯიც უნდა აშენდეს. განვითარების ყველა ფაზის დასრულების შემდეგ კომპლექსი ერთდროულად 1,400 დამსვენებლის მიღებასა და მაღალი ხარისხით მომსახურებას შეძლებს. შეიქმნება 200-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი, რაც ზემო რაჭის რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტიმულს გააჩენს.
საბოლოო ჯამში, შოვის კურორტის განვითარებამ უნდა შექმნას ახალი მიზიდულობის ცენტრი მაღალშემოსავლიანი ტურისტებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რაჭა საქართველოში ერთ- ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანი რეგიონია და პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. საინვესტიციო პროექტი 60 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს.
“სიმეტრიის” კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზი – საცხოვრებელი კომპლექსებია. ქვეყანაში ალბათ იშვიათად შეხვდებით კომპანიას, რომელიც თითოეული პროექტის დაგეგმვისას იმაზეც კი ფიქრობს, საძინებლის ფანჯარაში მზე რა რაკურსით და რომელი მხრიდან უნდა შემოვიდეს, რომელი მცენარე უნდა დაირგოს რეკრეაციულ ზონაში ისე, რომ თქვენი შესაძლო ალერგიული ფონი არ გაამწვავოს, ან რომ კომპლექსის გარე ფასადმა შიდა ინტერიერთან და არქიტექტურასთან ერთად იერსახე დიდი ხნით შეინარჩუნოს.
დეველოპერულ ინდუსტრიაში პირველივე ნაბიჯების გადადგმიდან “სიმეტრიის” გუნდს გააზრებული ჰქონდა, რომ სიმეტრიული სარგებლის მიღება როგორც მომხმარებლისთვის, ისე ქალაქისა და ინვესტორისთვის მათი მთავარი საზრუნავია, ამ სარგებელს ისინი ბევრი საზომით და მათ შორის მათ მიერ აშენებული კომპლექსების დანიშნულებით ზომავენ.
ამ დროისთვის კომპანიის ბალანსზე ორი დასრულებული კომპლექსია – ჟვანიას ქუჩაზე და ლისზე. კომპანიაში სიამაყით ამბობენ, რომ ბინების აბსოლუტურ უმრავლესობას საცხოვრებელი მიზნით ყიდულობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელში კომპანიის მიმართ ნდობის ფაქტორი მაღალია.
კომპანია ბინათმშენებლობის მიმართულებით კი განსაკუთრებულ პროექტს, “სიმეტრია პარკს” ოქროყანაში ახორციელებს. მენეჯმენტის აზრით, ეს პროექტი “სიმეტრიის” სავიზიტო ბარათია, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს კომპანიის ფილოსოფიას.
“სიმეტრია პარკი” პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ოქროყანაში 20 000 კვ/მ ფართობზეა განთავსებული. ის 41 აპარტამენტსა და 31 ინდივიდუალურ სახლს – თაუნჰაუსებს აერთიანებს. მისი კონცეფცია “შინ და გარეთ ჰარმონიის” იდეას ეფუძნება, რაც გულისხმობს თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე მორგებულ, დახურულ საცხოვრებელ უბანს. აქ მნიშვნელოვანია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეების სიმეტრია: როგორც პროექტის გეგმარება და დიზაინი, ასევე ადამიანური ურთიერთობები და სოციალიზაციის იდეა.
“სიმეტრია პარკი’’ პირველ რიგში არის იდეა, ცხოვრების წესი. პროექტის მუშაობას საფუძვლად კვლევა და გარემოს სწორი ანალიზი უდევს. “სიმეტრია პარკის” მთავარი უპირატესობაა ის, რომ ყველა დეტალზე ნაფიქრია და არის დაბალანსებული გარემო ცხოვრებისთვის, რაც ქმნის ჰარმონიას შინ და გარეთ.
პროექტზე ფიქრისას ყველაზე პრინციპული ნაწილი იყო ლოკაციის სწორად შერჩევა. “სიმეტრია პარკი” არ უნდა ყოფილიყო მორიგი სააგარაკე დასახლება, ის უნდა ყოფილიყო ყოველდღიური საცხოვრებელი უბანი, რომელიც თან ქალაქის ნაწილია და ამავდროულად მოშორებულია მისი ხმაურისგან. შედეგად შეირჩა ლოკაცია, რომელიც თბილისის გულიდან რვა წუთის სავალზეა, ახლოს არის ქალაქის ყველაზე დიდ პარკთან და ქალაქის ყველაზე გამორჩეულ რეკრეაციულ ზონასთან.
“ჩვენ ვიფიქრეთ – რა მოხდება, რომ ადამიანებს მივცეთ ქალაქის ხმაურიანი რუტინისგან გათავისუფლების საშუალება. რა მოხდებოდა, რომ თანამედროვე ადამიანს, რომელიც დღის განმავლობაში საქმიანი, აჩქარებული ქალაქის ნაწილია, შეეძლოს უფრო მშვიდ გარემოში გადასვლა, თანაც ისე, რომ არ მოუწიოს ქალაქიდან გასვლა”.
ამას გარდა, “სიმეტრია პარკის” მობინადრეებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი ინფრასტრუქტურა და სერვისები, რომლებიც საცხოვრებლად თუ დასასვენებლად უსაფრთხო და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. მათ შორის: სპორტული დარბაზი, მრავალფუნქციური საბავშვო მოედანი, სკვერი, ველობილიკი, რეკრეაციული თუ კომერციული სივრცეები.
“ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმარისი არ არის, გარემოს მხოლოდ აკვირდებოდე, ამ გარემოს ნაწილი უნდა იყო და გაიაზრო ის პრობლემები, რაც მასში არსებობს. ჩვენი ხედვაც ეს არის – ვაკეთებთ როგორც საკუთარს, არ ვქმნით პროექტებს დღევანდელი სარგებლისთვის, ამიტომაც ხშირად მზად ვართ, მდგრადი ხარისხისთვის მოგების კომპრომისზე წავიდეთ “სიმეტრია პარკიც” პირველ რიგში არის იდეა. იდეა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა და რომელიც აუცილებლად გააერთიანებს მის ირგვლივ “სიმეტრია პარკის” მცხოვრებლებს”, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ტარიელ გაბუნია.
“სიმეტრიისთვის” 2019 წელი საკმაოდ შრომატევადი იყო. სამომავლო პროექტებზე საუბრისას კი აცხადებენ, რომ 2020 წლისთვის კომპანია რამდენიმე ახალ პროექტს დაიწყებს, რის შედეგადაც მათი პორტფელი 100 მლნ დოლარამდე გაიზრდება.
დატოვე კომენტარი