საქართველოში სამშენებლო კომპანიების ათეულში შემავალი „დაგი“ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სპეციალიზდება. გასულ წელს განხორციელებულ პროექტებს შორისაა ვაკის პარკისა და ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაცია. დამფუძნებელი გოგი გულორდავა, რომელიც „დაგის“ პროექტებს ქვეყნის სავიზიტო ბარათად აღიქვამს, შარშანდელ შედეგებსა და მომავალი წლის გეგმებზე მოგვითხრობს.
ბატონო გოგი, ვინაიდან 2021 წელი ახლახან გავაცილეთ, მისი შეჯამებით დავიწყოთ. რა შედეგებით დაასრულეთ გასული წელი? რა გამოწვევები გქონდათ?
2020 წლისგან განსხვავებით, გასულ წელს პანდემიის შედეგებთან პირისპირ შეხვედრა მოგვიწია. 2021 წლის გამოწვევა კვლავ პანდემია და მისი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შედეგები აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ „დაგის“ თანამშრომლების 96% ამ ეტაპზე ვაქცინირებულია. ამასთან, ზედმიწევნით ვიცავთ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისთვის საჭირო ზომებს.
2020-2021 წელს ჩვენ არა მხოლოდ დავასრულეთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, მაგალითად, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, 9 მარტისა და დედაენის ბაღების რეაბილიტაცია, ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაცია, თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ კოლეჯების მშენებლობა და მრავალი სხვა, არამედ დაწყებულ პროექტებსაც ვაგრძელებთ და ახალი უმნიშვნელოვანესი პროექტებიც წამოვიწყეთ.
მათ შორის გასულ წელს მთავრობის მიერ დაანონსებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამით გათვალისწინებული პროექტებიც არის?
დიახ, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ერთდროულად საქართველოს 16 ქალაქში უკვე ვახორციელებთ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ეტაპზე მშენებლობა მიმდინარეობს ქუთაისში, ვანში, თერჯოლაში, წყალტუბოში, ხონში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, ახმეტაში, მარტვილში, აბაშაში, სენაკში, ჩხოროწყუში, ფოთსა და ზუგდიდში. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელი სახლების ფასადებს, ყველა შენობაზე გამოყენებულია ენერგოეფექტიანი, თბოსაიზოლაციო მასალა, ხდება სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა და საფეხმავლო ნაწილის კეთილმოწყობა, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია.
საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორისგან განსხვავებით, პანდემიას და კრიზისს მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე შედარებით ნაკლები გავლენა აქვს, რადგან მსგავსი პროექტების დამკვეთი ხშირად თავად სახელმწიფოა. ამის ფონზე, საინტერესოა, როგორ აისახა 2020- 2021 წლები თქვენს სექტორზე?
პანდემიურ პერიოდში სამუშაოების წარმოებას, რა თქმა უნდა, თავისი სირთულეებიც ჰქონდა, როგორიცაა მასალების იმპორტი, მუშახელის მობილიზაცია, თუმცა თანამშრომლების გაორმაგებული ენთუზიაზმით დაბრკოლებებს მეტ-ნაკლები წარმატებით გავუმკლავდით. ზოგადად, ჩვენი სექტორისთვის, 2020-2021 წელი დატვირთული, აქტიური და საინტერესო იყო. რაც შეეხება გამოწვევებს, ეს ცხოვრების მთავარი გაკვეთილია, რომლის გადალახვისას სწავლობ, იზრდები და კიდევ უფრო უკეთესი ხდები. ესაა იდეა, რომლის ირგვლივაც ვითარდება „დაგი“.
18 წელი ბაზარზე და 300-ზე მეტი განხორციელებული პროექტი. როგორია „დაგის“ შემდგომი განვითარების სტრატეგია?
ჩვენი შემდგომი განვითარების სტრატეგია ძალიან მარტივია – საქართველოში დავნერგოთ რაც შეიძლება მეტი თანამედროვე მშენებლობის კონცეფცია. ამაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ტექნოლოგიები, ასევე მეთოდოლოგია; გადავამზადოთ რაც შეიძლება მეტი მუშახელი და შევქმნათ რაც შეიძლება მეტი პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდება. ალბათ სწორედ ესაა „დაგის“ წარმატების საიდუმლოც და შემდგომი განვითარების მთავარი სტრატეგიაც.
თქვენ ძირითადად სახელმწიფო მნიშვნელობის სპეციფიკური პროექტების განხორციელებაზე მუშაობთ. რა დაბრკოლებებს აწყდებით ამ პროცესში? ბიუროკრატია? ტექნოლოგიები? კვალიფიციური მუშახელი? კანონმდებლობა?
კერძო სექტორთან შედარებით, მეტი ბიუროკრატიაა და ასეც უნდა იყოს, რადგანაც საჯარო სექტორში პროექტის დაფინანსების წყარო უმთავრესად ბიუჯეტია. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელების თანხების ხარჯვაც მეტად უნდა კონტროლდებოდეს.
დაბრკოლებებიც არის, მაგალითად, სამშენებლო სფეროში მასალების ფასის რადიკალური ზრდა. კერძო სექტორთან მასალების გაძვირების საკომპენსაციოდ უფრო მარტივია მოლაპარაკებების წარმოება, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 619-ე განკარგულების საფუძველზე შესაძლებელი გახდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ით გაზრდა გაძვირებული სამშენებლო მასალების საკომპენსაციოდ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული განკარგულებით გათვალისწინებული წესების დაზუსტებასა და განმარტებაზე და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში პრაქტიკაშიც გამოვიყენებთ ამ ბერკეტს.
კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი – ტენდერების სისტემაა. რამდენად სამართლიანია შესყიდვების პროცესი? რას შეცვლიდით ამ კუთხით, თქვენ რომ მთავრობის მხრიდან უფლებამოსილი პირი იყოთ?
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობა იცვლება. ცვლილებების დიდ ნაწილს მივესალმებით, თუმცა, ჩვენი აზრით, პრობლემური საკითხები კანონის პროექტშიც არის. ამ საკითხებს აქტიურად განვიხილავთ კოლეგებთან და შესაბამის უწყებებთან.
თქვენ ამბობთ, რომ „დაგი“ მუდმივად ცდილობს მშენებლობის პროცესში ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებას. ვის გამოცდილებას ეყრდნობით და როგორ ხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა? რა აკლია სექტორს ამ კუთხით?
„დაგი“ ცდილობს, აჰყვეს მსოფლიო მშენებლობის ტრენდებს და დანერგოს ტექნოლოგიური ინოვაციები, რისთვისაც პერიოდულად ევროპიდან ჩამოგვყავს სპეციალისტები და ვახორციელებთ კადრების გადამზადებას. ასევე, პანდემიამდელ პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდით სხვადასხვა კონფერენციასა და გამოფენაში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი იყო ინოვაციური მასალები და ტექნოლოგიები. ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე უცხოურ პარტნიორ კომპანიასთან, რათა ჩვენი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაში დაგვეხმარონ და სრულყოფილად შეასწავლონ მათთან უკვე პრაქტიკაში დანერგილი ტექნოლოგიები.
რომელი პროექტების დასრულება გაქვთ წელს გეგმაში?
2022 წელს „დაგი“ ჩვეული შემართებით აგრძელებს ყველა მიმდინარე პროექტს. მათ შორისაა ისტორიული მნიშვნელობის მქონე რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაციაც. პროექტის სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურების სრულ რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. ეს ისტორიული საბაგირო გზა პირველად 1959 წლის 1 მაისს ამუშავდა და 1990 წლის 1 ივნისამდე ფუნქციონირებდა. სულ მალე ეს საბაგირო კვლავ თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდება.
ასევე მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა პოლიტკოვსკაიას N31-ში, რომელიც დაახლოებით ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება.
გრძელდება თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯების მშენებლობაც ხაშურში, წყალტუბოსა და ბორჯომში. ამ რეგიონებს სულ მალე შეემატებათ თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები; მიმდინარეობს თბილისის 86-ე საჯარო სკოლის პროექტიც. ასევე, 2022 წელს დასრულდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის II კორპუსების რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს დასრულდება ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობაც, რომელიც ეკომიგრანტებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი.
აპირებს თუ არა „დაგი“, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს?
მზადება დაწყებული გვაქვს და პარტნიორ ორგანიზაციებთან განვიხილავთ საინტერესო პროექტებს. ამ ნაწილში პანდემიამ შეგვაფერხა, თუმცა დღის წესრიგში საკითხი კვლავაც დგას. დაგველოდეთ, წლის ბოლოს შეიძლება სიახლეებიც დავაანონსოთ.
დატოვე კომენტარი