რეგულატორის გამოწვევები ენერგეტიკაში

რეგულატორის გამოწვევები ენერგეტიკაში

“როცა ბალანსი დაცულია” – ირინა მილორავა ფიქრობს, რომ ეს სლოგანი ყველაზე უკეთ გამოხატავს იმ საქმიანობის არსს, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სემეკში ჩამოყალიბდა. მისთვის არასდროს ყოფილა პრიორიტეტული პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება, პირიქით – მას ეს შეუძლებლადაც კი მიაჩნია მარეგულირებლის საქმიანობაში. გამოწვევებით სავსე ექვსწლიან საქმიანობასა და მის მონაგარზე ირინა მილორავა, სემეკის ყოფილი თავმჯდომარე, FORBES GEORGIA-ს ესაუბრა.

ქ-ნო ირინა, რას გამოყოფდით ელექტროენერგეტიკის მიმართულებით ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სემეკის მიერ განხორციელებულ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად?

ექვსი წლის განმავლობაში ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, მარეგულირებელი კომისია გამხდარიყო ევროპული სტანდარტების შესაბამისი ორგანიზაცია. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა და, ფაქტობრივად, კომისია ჩამოყალიბდა როგორც ახალი, თანამედროვე ტიპის ორგანიზაცია მკაფიოდ განსაზღვრული მისიით, ხედვითა და ღირებულებებით. ამ პერიოდში კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავდა ის ვალდებულებები, რაც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერითა და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში (Energy Community) გაწევრიანებით აიღო: ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაცია, კონკურენციის განვითარება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ინსტიტუციურად და ფუნქციურად ძლიერი და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბება. ჩვენ პრაქტიკულად არსებითად უნდა შეგვეცვალა ენერგეტიკული ბაზრების სტრუქტურა, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის მომზადებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონი ენერგეტიკის შესახებ ჯერ კიდევ არ არის მიღებული, მოქმედი კანონის ფარგლებში ჩვენ შევიმუშავეთ ახალი ნორმატიული აქტები, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და სამომავლო რეფორმების სამართლებრივ წინაპირობას ქმნის. რა თქმა უნდა, ამ კუთხით პირველ რიგში გამოვყოფ “ქსელის წესებს”, რომლებიც აერთიანებს გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის წესებს და პირველად ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს ქსელის გამართული ფუნქციონირებისათვის. ამავე დოკუმენტით დამკვიდრდა საბალანსო ბაზრის საწყისი ელემენტებიც. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ე.წ. გამჭვირვალობის რეგულაციის ამოქმედება, რომელიც ავალდებულებს გადაცემის ლიცენზიატს, საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომი გახადოს. ეს ინფორმაცია წარედგინება არა მარტო ადგილობრივი ქსელით მოსარგებლე და დაინტერესებულ პირებს, არამედ ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელსაც (ENTSO-e), რომელიც ოპერირებას უწევს გამჭვირვალობის პლატფორმას.

გარდა ამისა, სამივე სექტორისთვის შემუშავდა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაფუძნებული ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი. დანაკარგების გაანგარიშება მნიშვნელოვანი კომპონენტია როგორც ტექნიკური, ასევე სატარიფო მიმართულებით.

ზემოთ ხსენებული ტექნიკური ასპექტების გარდა, რა შეიცვალა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უშუალოდ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგეტიკის სექტორში?

ყველა ის დოკუმენტი, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, მართალია, ერთი შეხედვით ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მათი საბოლოო მიზანი მომხმარებლებისათვის პროდუქტისა და მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაა. ცვლილებები ეხება როგორც საბითუმო, ისე საცალო მომხმარებელს. მკაფიო გახდა სექტორებში მოქმედი კომპანიებისა და მომხმარებლების ურთიერთობის პრინციპები – ახლა უკვე ერთიანი წესი არეგულირებს იმას, თუ რა უფლებები და ვალდებულებები აქვთ მომხმარებლებსა და კომპანიებს ერთმანეთის მიმართ, სად ირღვევა მომხმარებელთა უფლებები, რა სანქციებია გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში და ა.შ. მაგალითად, როდესაც ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესზე ვსაუბრობთ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა სარგებელს იღებს ამ წესებით უშუალოდ მომხმარებელი? პასუხიც და შედეგიც ძალიან კონკრეტულია – დანაკარგების შემცირების ვალდებულებასთან ერთად, რაც წესების უმთავრესი მოთხოვნაა, სამომხმარებლო ტარიფში უფრო ნაკლები ხარჯი აისახება და, შესაბამისად, მომხმარებელიც უფრო ნაკლებს გადაიხდის. კომისიის მიერ მიღებული ყველა დოკუმენტი ორმხრივი სარგებლის შემცველია და ითვალისწინებს როგორც კომპანიის, ასევე მომხმარებლების ინტერესებს.

ბუნებრივი გაზის სექტორსაც მინდა, რომ შევეხოთ და ამ სექტორში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზეც ვისაუბროთ.

ბუნებრივი გაზის სექტორშიც დავამტკიცეთ “ბუნებრივი გაზის ქსელის წესები”, რომლებიც განსაზღვრავს ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის მართვისა და ქსელით სარგებლობის პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს, ბუნებრივი გაზის ხარისხობრივ მახასიათებლებს, ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ კომპანიებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს. წესებით დარეგულირდა ისეთი საკითხები, როგორიცაა ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება, ურთიერთობა სისტემით მოსარგებლესა და ტრანსპორტირების ლიცენზიატს შორის. ბუნებრივი გაზის სექტორში ერთ- ერთი კრიტიკული საკითხი იყო ახალი მომხმარებლების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. მთავრობის გაცხადებულ პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებას, აუცილებლად სჭირდებოდა ადეკვატური პასუხი კომისიის მხრიდანაც. 2013 წლამდეც მოქმედებდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალ მომხმარებლებს ამ პროცესში გარკვეული პრობლემები ხვდებოდათ, რაც, გარკვეულწილად, ამ პროცესში კომისიის არასაკმარისმა ჩართულობამ გამოიწვია. შედეგად მივიღეთ უზარმაზარი ინვესტიცია ბუნებრივი გაზის სექტორში (გამანაწილებელი ქსელების სახით), რომლითაც მომხმარებლები ვერ სარგებლობდნენ. მოსახლეობისათვის ბუნებრივი გაზით სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, რაც არა მარტო შესაბამისი სამართლებრივი აქტების დახვეწაში, არამედ კონტროლისა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვაში გამოიხატა, გაიზარდა იმ დასახლებათა რაოდენობა, სადაც შესაძლებელია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება სემეკის მიერ დადგენილი მიერთების საფასურით (მათ შორის, ე.წ. “400-ლარიანი პაკეტით”).

ბუნებრივი გაზის მოხმარებასა და ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურას შორის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლისათვის პირველად გამოვიყენეთ კლიმატის შესახებ სტატისტიკური მონაცემი – გრადუს დღე (Degree Day), რომელიც ზომავს დღის საშუალო გარე ტემპერატურასა და საბაზისო ტემპერატურას შორის სხვაობას.

ბუნებრივი გაზის მოხმარების უსაფრთხოება იყო კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა ბუნებრივი გაზის სექტორში. მართალია, ეს საკითხი უშუალოდ კომისიის კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა, მაგრამ საკითხის განსაკუთრებული სიმწვავის გათვალისწინებით, ჩვენ გულდასმით ვიმუშავეთ ცვლილებათა პაკეტზე, რომელმაც კომპლექსურად უნდა მოაგვაროს ეს საკითხი.

რა იყო წყალმომარაგების სექტორში მთავარი გამოწვევა და რა პროექტები განხორციელდა არსებული სირთულეების დაძლევისთვის?

წყალმომარაგების სექტორში ჩვენს მთავარ გამოწვევას წყალმომარაგების სისტემებში დანაკარგები  წარმოადგენს. განსხვავებით ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებისგან, ეს არ გახლავთ ორგანიზებული ბაზარი – ამ სექტორში ოპერირებს მხოლოდ ერთი სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია სრულ ციკლზე – წყლის მოპოვებიდან მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდებამდე. შესაბამისად, რეგულაციებიც შედარებით ნაკლები სჭირდება მარეგულირებლისგან, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ საკმაოდ რთული სექტორია, ვინაიდან მის რეგულირებაში ჩართულია არაერთი უწყება: სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი მუნუციპალიტეტები და ა.შ. შესაბამისად, ამ სექტორის სწორი განვითარებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ უწყებების კოორდინირებული საქმიანობა და გადაწყვეტილებები.

პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სექტორშიც სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცება იყო, რომლითაც, ერთი მხრივ, დადგინდა წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშების პრინციპები და წესი, და, მეორე მხრივ, გამოყენებულ იქნება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების პრინციპები, რაც წყალმომარაგების ლიცენზიატს აძლევს შესაძლებლობას, დანახარჯების დადგენილ სამიზნე მაჩვენებელზე მეტად შემცირების გზით მიიღოს ეკონომიკური სარგებელი.

შემდეგი ნაბიჯი წყალმომარაგების ლიცენზიატების საქმიანობის სისტემური მონიტორინგი იყო – შევიმუშავეთ წყალმომარაგების ლიცენზიატების სალიცენზიო საქმიანობის კონტროლის გეგმა, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა ყველა ლიცენზიატის ინფრასტრუქტურა. სალიცენზიო მოთხოვნებში აისახა წყალმომარაგების კომპანიების ვალდებულება, უზრუნველყოს მომხმარებლისათვის შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდება და წყალარინება (მათ შორის, ჩამდინარე წყლის იზოლირება, გატარება, გაწმენდა და წყალსატევებში ჩაშვება) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შესაბამისად.

დაბოლოს, შემუშავდა ინვესტიციების შეფასების წესის პროექტი, რომლის მიზანიცაა, კომისიამ წინასწარ შეაფასოს ინვესტიციების შემდგომი მოსალოდნელი შედეგები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი ასახვა სამომხმარებლო ტარიფში. ანალოგიური პროექტი შემუშავდა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორშიც და ეს წესები, დამტკიცების შემთხვევაში, თავიდან აგვაცილებს სამომხმარებლო ტარიფში ისეთი ინვესტიციების ასახვას, რომლებიც არაგონივრული და დაუსაბუთებელია.

რა შეიცვალა ბოლო ექვს წელიწადში სემეკის ზოგად მიდგომებსა და მსოფლმხედველობაში?

კომისიისთვის მთავარი იყო და არის საქმიანობის გამჭვირვალობა. სემეკი ის ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარი კომპეტენციებიდან გამომდინარე ყოველთვის არაპოპულარული იყო და იქნება, რადგან ის ადგენს სამომხმარებლო ტარიფებს. მიუხედავად იმისა, რომ სატარიფო რეგულირება კომისიის საქმიანობის მხოლოდ ერთ- ერთი მიმართულებაა და სექტორების განვითარების თვალსაზრისით გაცილებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, კომისიის მიმართ საზოგადოების ინტერესი სწორედ ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით იზრდება.

ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ყველა გადაწყვეტილება და, განსაკუთრებით, სატარიფო რეგულირების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, საზოგადოებისათვის ყოველთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სანდო ყოფილიყო. კითხვები ჩნდება იქ, სადაც ინფორმაციის ნაკლებობაა და ამიტომ ყველა კითხვა, რომლებიც ამ პროცესში შეიძლება ჰქონდეს დაინტერესებულ მხარეს, აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებულად პასუხგაცემული მარეგულირებლის მხრიდან. დაინტერესებული მხარეები კი ამ პროცესში გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – ესენი არიან პოლიტიკოსები, მედია, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და, რა თქმა უნდა, სექტორის მომხმარებლები. მიმაჩნია, რომ ექვსი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მაქსიმუმი გავაკეთეთ – ტარიფების დადგენის პროცესში გავხსენით და ხელმისაწვდომი გავხადეთ ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც სატარიფო გადაწყვეტილების საფუძველია. რა შედეგები მოიტანა ასეთმა ღიაობამ? მახსოვს, ტარიფთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე კითხვები წლების განმავლობაში არსებობდა და აქტუალობას არ კარგავდა, თუმცა შესაბამისი ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი. ახლა გვაქვს ის სიტუაცია, რომ ტარიფის გაანგარიშების შესახებ ინფორმაცია და განმარტებითი ბარათები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე და მარტივად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. გამჭვირვალობის კუთხით კიდევ ერთ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია ის, რომ 2014 წლიდან ტარიფების დადგენა კომისიამ არა მემორანდუმებზე დაყრდნობით, არამედ სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე დაიწყო. მემორანდუმებით ტარიფის დადგენის პრაქტიკა გამართლებულია გარდამავალ პერიოდში, თუმცა ეს არ არის საუკეთესო პრაქტიკა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვა იყო კომისიის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტი და ყველას გვახსოვს, რომ მარეგულირებელმა ამ საკითხზე ბევრი იმუშავა. რომ შევაჯამოთ, რა პროექტები განხორციელდა ამ კუთხით გასული წლის განმავლობაში?

ზოგადად, არსებობს აზრი, რომ კომუნალურ საწარმოებთან ხელშეკრულების არარსებობის პირობებში მომხმარებელი დაუცველი ან ნაკლებად დაცულია, თუმცა ეს ასე არ არის. კომისიის მიერ შემუშავებული აქტები სრულად ფარავს კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის ყველა შესაძლო ასპექტს და იცავს მომხმარებლებს. ასეთი ძირითადი დოკუმენტებია “მიწოდებისა და მოხმარების წესები”, აგრეთვე მომსახურების ხარისხის წესები სამივე სექტორისათვის. ეს უკანასკნელი 2013 წლამდე მხოლოდ ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის არსებობდა, თუმცა გასულ წელს მიღებულმა ერთიანმა განახლებულმა დოკუმენტმა სამივე სექტორი მოიცვა. შედეგად, მომხმარებლის ქსელზე მიერთებიდან დაწყებული, კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის სტანდარტებით დამთავრებული, ყველა საკითხი მოქცეულია რეგულირების ქვეშ.

თავისთავად, გამართული წესების არსებობა მომსახურების მაღალი სტანდარტის გარანტია არ არის. ამიტომ, წესების მიღების პარალელურად, აუცილებელი გახდა მონიტორინგის სისტემის შექმნა იმის დასადგენად, რომ დაგვენახა, თუ როგორ ემსახურებიან კომპანიები მომხმარებლებს განაცხადით მიმართვის შემდეგ.

ამისათვის შევქმენით ინოვაციური პროექტი – ელექტრონული ჟურნალი, რომლის საშუალებითაც დროის რეალურ რეჟიმში ვხედავთ, რა რეაგირებას ახდენს კომპანია ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მომხმარებლის განცხადებაზე. ვადევნებთ თვალყურს, თუ როგორ ხდება მომსახურების ხარისხის წესების დაცვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ორიენტირებული იყო კომუნალური მომსახურების გამარტივებულ მიღებაზე, უკავშირდება იუსტიციის სახლს. კომისიისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტით მომხმარებლებს მივეცით შესაძლებლობა, მარტივად მოეხდინათ აბონენტად რეგისტრაცია და აბონენტის ცვლილება იუსტიციის სახლის მეშვეობით. ეს იყო ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტი, რომელიც, იმედია, მომავალშიც გაგრძელდება და იუსტიციის სახლის მეშვეობით მეტი მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი.

სემეკის ბოლო ექვსი წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტების მიზანს წარმოადგენდა სემეკის, როგორც მარეგულირებელი ინსტიტუტის, მაღალკვალიფიციური საქმიანობა, რომელიც რეგულირებად სექტორებს გახდიდა უფრო მიმზიდველს პოტენციური ინვესტორებისთვის, ასევე ბაზარზე არსებულ სუბიექტებს განვითარების პერსპექტივას შეუქმნიდა. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით?

კომისიის სლოგანი – “როცა ბალანსი დაცულია” – ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც მომხმარებლების, ასევე ინვესტორების მისამართით. კომისიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბალანსი საკვანძო სიტყვაა. სამივე სექტორი, რომელთაც ვარეგულირებთ, კაპიტალტევადი სექტორებია და მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ინვესტორს უნდა ჰქონდეს მყარი გარანტია, რომ მის მიერ ინვესტირებულ კაპიტალზე მიიღებს სამართლიან უკუგებას და ინვესტიციას დაიბრუნებს. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში დღემდეა განცდა, რომ, მაგალითად, სასმელი წყალი უნდა იყოს უფასო, ტარიფები უნდა იყოს დაბალი, თუმცა ამავდროულად გვავიწყდება, რომ ენერგეტიკაც და წყალმომარაგებაც ბიზნესია, სადაც ინვესტორი ისევე მოელის უკუგებას ინვესტიციაზე, როგორც ნებისმიერ სხვა სექტორში, იმ განსხვავებით, რომ ბუნებრივი მონოპოლისტების შემთხვევაში უკუგების დონეს მარეგულირებელი კომისია განსაზღვრავს. ამასთან, თუ ინვესტორისგან მაღალი ხარისხის მომსახურებას ვითხოვთ, ამ ხარისხის უზრუნველყოფას შესაბამისი ინვესტიცია სჭირდება, რაც თავისთავად გავლენას ახდენს ტარიფზე.

სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ჩვენ სერიოზული მუშაობის შედეგად მივიღეთ სამივე სექტორისთვის, გასაგები და ნაცნობია ინვესტორისთვის, რადგან ეფუძნება ევროპულ პრაქტიკას, საკმარის სტიმულებს ქმნის სექტორში ინვესტირებისთვის, არის დაბალანსებული, დეტალური და მაქსიმალურად გამორიცხავს კონკრეტულ საკითხებზე სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მარეგულირებელი გარემოს განჭვრეტადობა კი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა ინვესტირებისთვის.

რამდენად რთული იყო თქვენთვის სემეკის ხელმძღვანელობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში? ხშირად გიწევდათ კომპრომისზე წასვლა?

კომისიის თავმჯდომარეობა რთული გამოწვევაა – სემეკის თავმჯდომარეობა იმის გაცნობიერებას ნიშნავს, რომ მოგიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებითაც არც ხელისუფლება, არც მომხმარებელი და არც კომპანია არ იქნება კმაყოფილი. თუმცა სწორად მიღებული, დაბალანსებული გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში აუცილებლად მოიტანს შედეგს. ჩვენს შემთხვევაში ასეთი შედეგი ქსელურ კომპანიებში გაზრდილი ინვესტიციები და გაუმჯობესებული მომსახურების ხარისხია, რაც წლიდან წლამდე თვალსაჩინოა. როგორც კი კომისია სამართლიანი გადაწყვეტილებების ნაცვლად პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღებას დაიწყებს, დამერწმუნეთ, შედეგი არ დააყოვნებს და ეს შედეგი იქნება უარყოფითი, რის გამოც ისევ და ისევ სექტორი და მომხმარებელი დაზარალდება.

თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებული პროექტებიდან რომელს გამოყოფდით?

თუ კონკრეტულ პროექტზე ვისაუბრებთ, ნეტო აღრიცხვა არის ის პროექტი, რომლის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს – ეს მასშტაბებით პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც პასუხობს არაერთ გამოწვევას: ენერგოეფექტიანობას, განახლებადი ენერგიების განვითარებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლის აქტიურ ჩართულობას ელექტროენერგიის გენერაციის პროცესში. ამ ეტაპზე ამ პროექტის შედეგია დამატებით 2 მგვტ გენერაცია სექტორში, რომელიც წარმოებულია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე და რომელიც ანაცვლებს ტრადიციულ გენერაციას. ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ და მეტი მომხმარებლისთვის დამატებითი სტიმულების შექმნით, დარწმუნებული ვარ, გაცილებით შთამბეჭდავ შედეგს მივიღებთ.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, თუ ამას შეიძლება პროექტი ვუწოდოთ, რაც ჩემი ექვსწლიანი საქმიანობისას ჩემს კოლეგებთან ერთად კომისიაში განვახორციელე, არის კომისიის აპარატი. ყველა იმ განხორციელებული პროექტის უკან, რომლებზეც ჩვენ დღეს და არამარტო დღეს ვისაუბრეთ, სწორედ რომ არაჩვეულებრივი გუნდი დგას. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, რომლებმაც იციან საქმე, შეუძლიათ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და რომლებიც ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდებიან. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც კი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე ღირებული მოხდა კომისიაში, ეს სწორედ სემეკის, როგორც ინსტიტუტის, განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *