რუსეთის ხელისუფლება ვიკიპედიას ჯარიმით ემუქრება, მიზეზი - უკრაინაა

რუსეთის ხელისუფლება ვიკიპედიას ჯარიმით ემუქრება, მიზეზი - უკრაინაა

რუსეთის ფედერაციის მთავარი მედია მარეგულირებელი ორგანო, როსკომნადზორი ვიკიპედიას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ იმ ინფორმაციის წაშლას სთხოვს, რომელიც კრემლის ნარატივს ეწინააღმდეგება – წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიკიპედია 4 მილიონი რუბლით, ანუ $49 ათასით დაჯარიმდება.

კონკრეტულად რა ინფორმაციის წაშლას ითხოვს როსკომნადზორი ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვიკიპედიისთვის ცენზურის დაწესების პირველი შემთხვევა არ არის – მარტის დასაწყისში, ვიკიპედიის მფლობელმა ორგანიზაციამ, The Wikimedia Foundation-მა განაცხადა, რომ ცენზურის წინაშე თავს არ დახრიდა.

საინტერესოა, რომ ვიკიპედია ერთადერთი ვებგვერდი არ არის, რომელსაც როსკომნადზორი დაჯარიმებით ემუქრება: ამ კვირას, რუსეთის მთავარმა მედია მარეგულირებელმა განაცხადა, რომ თუკი Google-ი YouTube-დან კონკრეტულ ვიდეოებს არ წაშლიდა, ამერიკული კომპანია 8 მილიონი რუბლით (~$98 ათასი) ან წლიური შემოსავლების 20%-ით დაჯარიმდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, რუსეთში დაბლოკილია Facebook-ი, Instagram-ი და Twitter-ი, ხოლო Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. როსკომნადზორის ამგვარი გადაწყვეტილებები რუსეთის დუმის მიერ მიღებულ კანონებს ეფუძნება, რომელთა თანახმად, აკრძალულია, როგორც უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით სიტყვა „ომის“ გამოყენება, ასევე რუსული ჯარის დისკრედიტაცია და იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ოფიციალურ რუსულ წყაროებს ეწინააღმდეგება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *