მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის მიერ Twitter-ის 9.2%-იანი წილის შეძენისა და დირექტორთა საბჭოს წევრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში სოციალური ქსელის ადმინისტრაცია ფუნდამენტური ცვლილების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და ტვიტების რედაქტირების/შეცვლის ღილაკის დამატებას აანონსებს.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე ილონ მასკმა საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. „გსურთ თუ არა რედაქტირების/შეცვლის ღილაკი?“ – ამ შეკითხვით მიმართა მასკმა საკუთარ 80 მილიონამდე გამომწერს.
გამოკითხვაში მონაწილეობა 4.5 მილიონამდე მომხმარებელმა მიიღო, მათი 73% კი მხარს უჭერს Twitter-ზე რედაქტირების ღილაკის დამატებას.
Twitter-ის ცნობით, რედაქტირების ფუნქციის დამატებაზე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და აღნიშნული პროცესი არ უკავშირდება ილონ მასკის გამოკითხვას. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, ახალი ფუნქციის გამოცდა სამ თვეში დაიწყება და თავდაპირველად ის მხოლოდ Twitter-ის პრემიუმ სერვისის, Blue-ს გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ზოგადად, რედაქტირების ღილაკი თითქმის ყველა თანამედროვე სოციალურ ქსელში გვხვდება, გარდა Twitter-ისა. აღნიშნული საკითხი არაერთხელ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი. მომხმარებელთა დიდ ნაწილს სურს ისეთი რედაქტირების ფუნქციის არსებობა, როგორიც Facebook-ზეა წარმოდგენილი, სადაც ნაჩვენებია როგორც ახალი პოსტი, ასევე რედაქტირების ისტორიაც.
Twitter-ის სამომხმარებლო პროდუქციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯეი სალივანის განცხადებით, რედაქტირების ღილაკი Twitter-ის ისტორიაში ყველაზე მოთხოვნადი ფუნქციაა, რომლის დამატებისგან მენეჯმენტი წლების განმავლობაში თავს იკავებდა, რადგან ის გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული. მისი განმარტებით, გრამატიკული შეცდომების გამოსწორება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა დროის ლიმიტის დაწესებისა და ცვლილებების ისტორიის საჯაროდ გამოქვეყნების გარეშე, შესაძლოა, ზოგიერთმა მომხმარებელმა ტვიტებით არაკეთილსინდისიერად ისარგებლოს და წარსულში მომხდარი საჯარო დისკუსიის თუ განცხადების შინაარსი არსებითად შეცვალოს და დაამახინჯოს.
დატოვე კომენტარი