ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს მიერ 1932 წელს შესრულებულ ფრანგი მოდელის, მარი-ტერეზა ვალტერის პორტრეტს, სახელწოდებით „Femme nue couchée“ მაისში აუქციონზე პირველად გაიტანენ. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი ხელოვნების ნიმუშის გაყიდვას 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტ თანხად იმედოვნებს.
შეგახსენებთ, რომ პიკასოს მარი-ტერეზა ვალტერთან სასიყვარულო ისტორია აკავშირებდა. 1935 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა.
მარი-ტერეზას ეს პორტრეტი ხელოვნების ნიმუშების შიშველი სხეულის კლასიკური თემიდან ბიომორფულ გადახვევას წარმოადგენს. გამოსახულება ზღვის ბინადარს მოგვაგონებს, თუმცა, ამასთანავე, ტილოზე ქალის პროფილია დახატული.
პიკასომ მარი-ტერეზას შთაგონებით არაერთი ნამუშევარი შექმნა. განსაკუთრებით ძვირად კი ესპანელი მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტები ფასობს. მაგალითად, გასულ წელს აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული მხატვრული ნამუშევარი პიკასოს “Femme assise près d’une fenêtre (Marie-Thérèse)” იყო. 1932 წელს შექმნილ ხელოვნების ნიმუშში 103.4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2010 წელს Christie’s-ის აუქციონზე პიკასოს ნამუშევარი „Nu au Plateau de Sculpteur“ $106 მილიონზე მეტად გაიყიდა.
როგორც ცნობილია, აუქციონი, რომელზეც „Femme nue couchée“-ს გაიტანენ, ნიუ-იორკში 17 მაისს გაიმართება.
დატოვე კომენტარი