საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, სავარაუდოდ, უკვე მეორედ ქალი გახდება. ბულგარეთის მოქალაქე კრისტალინა გეორგიევა ერთადერთი კანდიდატია. ოფიციალური ინფორმაცია სავალუტო ფონდმა საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა. გეორგიევა ამჟამად მსოფლიო ბანკის უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის თანამდებობას იკავებს. საბოლოო გადაწყვეტილებას სსფ–ს საბჭო 4 ოქტომბრამდე მიიღებს.
აქამდე სავალუტო ფონდს კრისტინ ლაგარდი ხელმძღვანელობდა. ის საქმიანობას ევროპის ცენტრალურ ბანკში გააგრძელებს.
გეორგიევა მსოფლიო ბანკში 1993 წლიდან მუშაობს. მას IMF-ის ხელმძღვანელობა რთულ პერიოდში მოუწევს. ფონდის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკური ზრდა ნელდება. კერძოდ, კი მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა სსფ–ს პროგნოზით 3.2%–ით გაიზრდება. შედარებისთვის 2018 წელს ზრდა 3.6% იყო, 2017 წელს კი 3.8%.
66 წლის გეორგიევას კიდევ ერთი გამოწვევა იქნება ე.წ. სავაჭრო ომი. ბოლო წლებში მის წინამორბედ კრისტინ ლაგარდს აქტიურად მოუწია მუშაობა როგორც აშშ–ს, ასევე ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და როგორც ჩანს მსგავსი დღის წესრიგი ექნება კრისტალინა გეორგიევასაც.
კიდევ ერთ გამოწვევად რჩება ფონდის დაფინანსებების სწორად განკარგვა. კერძოდ, უკრაინა და პაკისტანი კვლავ იმ ქვეყნებად რჩებიან, რომლებიც სავალუტო ფონდისგან მსხვილ დაფინანსებას იღებენ, თუმცა კვლავაც ვერ აღწევენ ფინანსურ და ფისკალურ სტაბილურობას.
დატოვე კომენტარი