რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ შეერთებული შტატების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტზე გუშინ მეტი კონკრეტიკა შეიძინა. კერძოდ, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინას არა $750 მილიონი, არამედ 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღება გაეგზავნება.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას საერთო ჯამში 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა მიაწოდა. ახალი დახმარების პაკეტის შესახებ უფრო ვრცლად ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ისაუბრა.
„დასვენების დრო არ არის. პრეზიდენტი ზელენსკი დავარწმუნე, რომ ამერიკელი ხალხი კვლავ იდგება მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით თავისუფლებისათვის ბრძოლაში“, – თქვა ჯო ბაიდენმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში.
უფრო კონკრეტულად, შეერთებულმა შტატები შტატები უკრაინას შემდეგი სახის შეიარაღებას უგზავნის:
- 11 ერთეული Mi-17 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც წესით ავღანეთისთვის იყო განკუთვნილი მანამ, სანამ ძალაუფლებას ხელში თალიბანი ჩაიგდებდა.
- 18 ერთეული 155მმ-კალიბრიანი ჰაუბიცა (საარტილერიო დანადგარი). ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ უკრაინას ჰაუბიცებს აწვდის.
- 40 000 საარტილერიო ჭურვი.
- 10 ერთეული AN/TQP-3G ტიპის კონტრ-საარტილერიო რადარი.
- 2 ერთეული AN/MPQ-64 Sentinel-ის ტიპის საჰაერო თვალთვალის რადარი.
- 200 ერთეული M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი.
- 100 ერთეული მულტიფუნქციური ჯავშანმანქანა.
- 300 ერთეული Switchblade ტიპის კამიკაძე დრონი, რომელიც უკრაინას აქამდეც მიაწოდეს დახმარების სახით.
- Javelin-ის 500 ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტა.
- სანაპირო დაცვის უპილოტო კატარღა.
- ქიმიური, ბიოლოგიური და ატომური თავდასხმისაგან თავდასაცავი აღჭურვილობა.
- 30 000 ერთეული ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი.
- C-4 ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობები.
- M18A1 Claymore ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები.
პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკული ჰაუბიცებისა და რადარების სისტემების გამოსაყენებლად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი წვრთნების გავლა დასჭირდებათ.
დატოვე კომენტარი