ბულგარეთმა და საბერძნეთმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს. თუმცა ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის აღების საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება.
ქვეყნებს შორის ატომური სადგურის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. პროექტის იდეა პირველად 22 თებერვალს, ბულგარეთის ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის, ასენ ვასილევის საბერძნეთიდან დაბრუნების შემდგომ გაჟღერდა. ვასილევის განცხადებით, მიზანი საბერძნეთთან, ბულგარეთის ბირთვული ენერგიის გამოყენების შესახებ, მინიმუმ 20-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებაა.
EURACTIV-ის ინფორმაციით, ათენი და სოფია 12-თვიან საექსპერტო კვლევას ელიან, რა პერიოდშიც ბულგარეთის მმართველ კოალიციას ახალ ატომურ ელექტროსადგურზე შეთანხმება მოუწევს. ვასილევის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან მშენებლობა გარკვეულ ვადებს ექვემდებარება და მინიმალურ ვადად 6-8 წელიწადია განსაზღვრული. გარდა ამისა, ჯერჯერობით, პროექტის ღირებულებაც არ დადგენილა.
ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდარ ნიკოლოვის განცხადებით, პროექტის დაჩქარებულ ვადებში მშენებლობა მხოლოდ კოზლოდუის არსებულ ატომურ ელექტროსადგურზეა შესაძლებელი. როგორც გასულ თვეში გახდა ცნობილი, ბულგარეთის მთავრობა კოზლოდუიზე, სულ მცირე, ერთი ატომური რეაქტორის მშენებლობას გეგმავდა. პროექტის მიმდინარე წელს დაწყების შემთხვევაში, რეაქტორი 2028-2030 წლებისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას. ამჟამად კოზლოდუის ბირთვულ ელექტროსადგურზე სულ ორი მოქმედი ატომური რეაქტორია წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთს ორი გამოუყენებელი რუსული ბირთვული რეაქტორიც აქვს, რომელთა მონტაჟიც რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. რუსეთის მონაწილეობას კი უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები ზღუდავს. გარდა ამისა, ბულგარეთის პრემიერი და “Change Continues”-ის წევრი კირილ პეტკოვიც, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, რუსული რეაქტორების ჩართვის წინააღმდეგია.
რაც შეეხება ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღებას, როგორც EURACTIV-ს საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ განუცხადა, ბირთვული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ვენის კონვენციის თანახმად, არ არსებობს ზუსტი სქემა, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობა სახელმწიფოებზე პროპორციულად გადანაწილდება. აუცილებელია, დაზუსტდეს მექანიზმი, რომელიც საბერძნეთს პროექტში ჩართავს – როგორც აუქციონერის, ანდაც ელექტროენერგიის შემსყიდველის როლით.
გარდა ამისა, EURACTIV-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის მეორე ენერგეტიკული კავშირიც დამყარდება, რომელიც სიმძლავრეს 500 მგვტ-დან 1,600 მგვტ-მდე გაზრდის. წყაროს განცხადებით, ხელშეკრულებას საბერძნეთის ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორი ADMIE-ი გააფორმებს.
დატოვე კომენტარი