გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ წელს რუსეთი მთვარეზე აპარატს დასვამს. ამის პარალელურად, ჩინელი ასტრონავტები, ქვეყნისთვის რეკორდული ხანგრძლივობის მისიის შემდეგ Tianhe-ს სახელწოდებით ცნობილი კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ. NASA-ს კუთვნილმა ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა კი კომეტა „ბერნარდინელი-ბერნშტაინის“ ზომები დააზუსტა. შედეგად, დადასტურდა, რომ ობიექტი ჩვენთვის დღემდე ცნობილი უდიდესი კომეტაა.
სიახლეებია მედიცინის დარგშიც: FDA-მ ამერიკული კომპანია InspectIR-ის მიერ შექმნილ ჩასაბერ კოვიდ-ტესტს ავტორიზაცია მიანიჭა; mRNA-ვაქცინითა და კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიით მკურნალობის კომბინირებულმა მეთოდმა დადებითი შედეგი აჩვენა. კომპანია Frequency Therapeutics-მა მედიკამენტი შექმნა, რომელსაც დაქვეითებული სმენის აღდგენა შეუძლია. მოცემულ ბლოგში ბოლო დღეებში მეცნიერების სფეროში მომხდარი ამ და სხვა სიახლეების შესახებ მოგითხრობთ.
პუტინის თქმით, წელს რუსეთი მთვარეზე აპარატს დასვამს
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთი პოზიციების გამყარებას კოსმოსშიც ცდილობს. ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, წელს მთვარეზე მისია განხორციელდება, რომლის მიზანიც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე ლენდერის დასმაა.
”წარმატებით უნდა გავუმკლავდეთ კოსმოსური კვლევების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ჩვენ აღვადგენთ მთვარის პროგრამას“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა გააგრძელებს მუშაობას „შემდეგი თაობის კოსმოსურ ხომალდზე“, ისევე როგორც ბირთვულ კოსმოსურ ტექნოლოგიაზე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი Luna 25-ის სახელწოდებით ცნობილი მისიის ფარგლებში მთვარეზე დასაჯდომი მოდულის გაშვებას ზაფხულში, კერძოდ კი 22 აგვისტოს იმედოვნებს. როგორც ცნობილია, კოსმოსში აპარატს „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომიდან რაკეტა Soyuz-2.1b-ის დახმარებით გაგზავნიან. მისიის ხანგრძლივობა ერთი წლით არის განსაზღვრული.
პროექტი ამავე სახელწოდების საბჭოთა კოსმოსური პროგრამის გაგრძელებას წარმოადგენს. მისი განხორციელება გასული ათწლეულის განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა ის არაერთხელ შეფერხდა. Luna 25-ის გაშვების თარიღად თავდაპირველად 2016 წელი იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ მისიის განხორციელება ჯერ 2018 წელს, შემდეგ კი 2021 წელს იგეგმებოდა.
FDA-მ პირველ ჩასაბერ კოვიდ-ტესტს ავტორიზაცია მიანიჭა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ამერიკული კომპანია InspectIR-ის მიერ შექმნილ ჩასაბერ კოვიდ-ტესტს ავტორიზაცია მიანიჭა.
FDA-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოწყობილობამ, რომელიც 2409 ადამიანზე ჩატარებული კვლევისას გამოცადეს, სწორად გამოავლინა კოვიდ-დადებითი ნიმუშები ვირუსით დაავადებული ცდისპირების 91,2%-ში. ასევე აღსანიშნავია, რომ მან ეფექტიანობა ომიკრონის შტამთან მიმართებითაც აჩვენა.
სააგენტოს ცნობით, ჩასაბერი კოვიდ-ტესტი შედეგებს სამ წუთზე ნაკლებ დროში იძლევა. FDA-ის ინფორმაციით, ტესტირების ჩატარება ჯანდაცვის დაწესებულებებში ან მობილური ტესტირების ობიექტებშია შესაძლებელი.
InspectIR-ის პროგნოზით, კომპანია საბოლოოდ ტესტირებისთვის განკუთვნილი დაახლოებით 100 ერთეული მოწყობილობის წარმოებას კვირის განმავლობაში შეძლებს. თითოეულს კი დღეში დაახლოებით 160 ტესტის ჩატარება შეეძლება. InspectIR-ის წარმოების ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით, მოწყობილობამ აშშ-ში კოვიდზე ტესტირების შესაძლებლობები, ყოველთვიურად, დაახლოებით 64,000 ნიმუშით უნდა გაზარდოს.
InspectIR-ის მოწყობილობა ნიმუშებში ისეთ ნაერთებს აღმოაჩენს, რომლებიც Covid-19-ის ინფექციასთან არის დაკავშირებული. ის ამისთვის გაზის ქრომატოგრაფიისა და მასის სპექტრომეტრიის კომბინირებულ მეთოდს ეყრდნობა. ეს არის ანალიზის ტექნიკა, რომელსაც იყენებენ ყველაფერში, საკვების დაბინძურების მონიტორინგიდან ვენერას ატმოსფეროზე დაკვირვებამდე.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი კოვიდ-ტესტირების ტექნოლოგია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას გრიპის ინფექციის ქიმიური მარკერების გამოსავლენად.
Hubble-მა დაადასტურა, რომ „ბერნარდინელი-ბერნშტაინი“ ჩვენთვის ცნობილი უდიდესი კომეტაა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა ჰაბლის ტელესკოპმა კომეტა „ბერნარდინელი-ბერნშტაინის“ ზომები გამოთვალა. შედეგად, NASA-ს აპარატმა დაადასტურა, რომ ობიექტი, რომელსაც ოფიციალურად C/2014 UN271-ის სახელწოდებით მოიხსენიებენ, დღემდე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დიდი კომეტაა.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოთვლით, „ბერნარდინელი-ბერნშტაინის“ ბირთვის დიამეტრი დაახლოებით 128 კილომეტრს შეადგენს. ეს დაახლოებით 50-ჯერ მეტია მეცნიერების მიერ აღმოჩენილი კომეტების დიდი ნაწილის ბირთვთან შედარებით. რაც შეეხება კომეტის მასას, ის 500 ტრილიონ ტონას უტოლდება, რაც ასიათასჯერ აღემატება მზესთან ბევრად უფრო ახლოს ნაპოვნი ტიპური კომეტების მასას.
„ბერნარდინელი-ბერნშტაინი“ მზის სისტემის კიდიდან 35,000 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოემართება. მეცნიერების განცხადებით, ის მზესთან 1,6 მილიარდ კილომეტრზე ახლოს მისვლას ვერ შეძლებს. შედარებისთვის, აღნიშნული დისტანცია ჩვენს მნათობსა და პლანეტა სატურნს შორის არსებულ მანძილს აღემატება.
„ბერნარდინელი-ბერნშტაინის“ შემდეგ ჩვენთვის დღემდე ცნობილი ყველაზე დიდი კომეტა C/2002 VQ94-ია. მეცნიერების გამოთვლით, მისი ბირთვის დიამეტრი დაახლოებით 96,5 კილომეტრს შეადგენს.
mRNA-ვაქცინითა და კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიით მკურნალობის კომბინირებულმა მეთოდმა დადებითი შედეგი აჩვენა
კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოდგენილი კვლევის წინასწარი მონაცემების მიხედვით, კიბოს მკურნალობის ახალმა მეთოდმა, რომელიც იმუნოთერაპიასა და mRNA-ვაქცინას აერთიანებს, დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. კლინიკური ტესტირების პირველი ფაზის მონაცემები მიუთითებს, რომ ექსპერიმენტული მკურნალობა უსაფრთხოა და პოტენციურად ეფექტიანია სხვადასხვა სახის სიმსივნის წინააღმდეგ – მათ შორის მკერდის, მსხვილი ნაწლავის, შარდის ბუშტის, პროსტატისა და ფილტვის კიბოსი.
კვლევა ფოკუსირებულია კიბოს იმუნოთერაპიის განვითარებად ტიპზე, რომელიც CAR-T-უჯრედების თერაპიის სახელწოდებით არის ცნობილი. ეს უკანასკნელი ადამიანის იმუნური T-უჯრედების აღებას, მათ რეპროგრამირებას და კვლავ პაციენტის ორგანიზმში შეყვანას გულისხმობს. ხელახლა დაპროგრამებული T-უჯრედები კიბოს უჯრედების ცილების წინააღმდეგ არის მიმართული.
მკურნალობის ახალი მეთოდი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ რიგში, პაციენტს უტარდება ტრადიციული CAR-T-უჯრედების თერაპია, რამდენიმე დღის შემდეგ კი მის ორგანიზმში mRNA-ვაქცინა შეჰყავთ.
ექსპერიმენტული მკურნალობის პირველ კლინიკურ ცდაში მონაწილეობა 16-მა ადამიანმა მიიღო. მეცნიერებმა მკურნალობის მეთოდის ეფექტიანობა მხოლოდ 14 ცდისპირში შეაფასეს. მათი განცხადებით, ამ 14 პაციენტიდან ექვსის შემთხვევაში სიმსივნის ზომა მნიშვნელოვნად შემცირდა.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ, რის შემდეგაც მეთოდის ეფექტიანობასთან დაკავშირებით უფრო დაზუსტებული პასუხების გაცემას შეძლებენ.
ჩინელი ასტრონავტები კოსმოსურ სადგურ Tianhe-დან დაბრუნდნენ
ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის (CNSA) ასტრონავტები ჩვენი პლანეტის დაბალ ორბიტაზე მოძრავი Tianhe-ს სახელწოდებით ცნობილი მოდულიდან დედამიწაზე დაბრუნდენ. აღსანიშნავია, რომ მათ კოსმოსში 183 დღე გაატარეს, რაც ქვეყნისთვის რეკორდული ხანგრძლივობის მისიაა.
ხომალდი Shenzhou აზიური ქვეყნის ახალ კოსმოსურ სადგურს Tianhe-ს გამოეყო, დაახლოებით 9 საათის შემდეგ კი მის ბორტზე მყოფი სამი ასტრონავტი ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარე შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში უსაფრთხოდ დაეშვა. ამით მისია Shenzhou 13 დასრულდა.
მისია Shenzhou 13 ჩინეთისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იყო გამორჩეული. მისი ეკიპაჟის წევრი, ვანგ იაპინგი პირველი ქალია, რომელიც Tianhe-ს კოსმოსურ სადგურზე იმყოფებოდა, ასევე – ღია კოსმოსში გავიდა.
ცნობისთვის, აქამდე ყველაზე ხანგრძლივ ჩინურ კოსმოსურ მისიად, რომელშიც ეკიპაჟი მონაწილეობდა, Shenzhou 12 მიიჩნეოდა. მისიის ფარგლებში ზემოხსენებულ მოდულზე გაგზავნილმა ასტრონავტებმა კოსმოსში 92 დღე გაატარეს.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები, ჩვეულებრივ, ექვს თვეს ატარებენ, თუმცა ISS-ის ზოგიერთი მისია ამაზე დიდხანს გრძელდება. მაგალითად, NASA-ს ასტრონავტმა მარკ ვანდე ჰეიმ და „როსკოსმოსის“ კოსმონავტმა პიოტრ დუბროვმა, რომლებიც დედამიწის გარშემო მოძრავი მოდულიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ, სადგურზე 355 დღე გაატარეს.
მეცნიერების მიერ შექმნილ ახალ პრეპარატს სმენის აღდგენა შეუძლია
სმენის დაქვეითება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანში იჩენს თავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 700 მილიონზე მეტი ადამიანი – ანუ მოსახლეობის 10 პროცენტი – ამ პრობლემას უჩივის.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის ვაქცინები, უკუჩვენების სახით, სმენის დაქვეითებას იწვევს, მაგრამ კვლევამ დაადასტურა, რომ ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია.
ახლა კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერების მიერ შექმნილმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Frequency Therapeutics-მა აღნიშნული დაავადების მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავა. ეს უკანასკნელი რეგენერაციული თერაპიის საშუალებით ყურის ლოკოკინაში, სმენაზე პასუხისმგებელი თმის უჯრედების გაზრდას ისახავს მიზნად. ეს უჯრედები აკუსტიკური ტრავმის ან ოტოტოქსინების ზემოქმედების გამო ხშირად ნადგურდება და ძალიან მცირე შანსია, რომ ისინი კვლავ აღდგეს.
კომპანიის მიერ ჩატარებული კლინიკური ცდები 200-ზე მეტ პაციენტს მოიცავდა. კვლევის მიხედვით, ახალმა თერაპიამ ცდისპირების სმენა შესამჩნევად გააუმჯობესა. Frequency Therapeutics-ი კიდევ ერთი ცდის ჩატარებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას 124 ადამიანი მიიღებს. აღნიშნული კვლევის წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში გასაჯაროვდება.
Pfizer-ის ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი
Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივი წარმოების ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც მოქმედების უნარს კორონავირუსის უკვე გამოვლენილი სხვა შტამების მიმართაც შეინარჩუნებს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ 13 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ამასთანავე, Pfizer-ი საკუთარი ვაქცინის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზეც მუშაობს – კომპანიაში სურთ, რომ კორონავირუსისგან ვაქცინა ადამიანს აცრიდან ერთი წლის განმავლობაში იცავდეს.
ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინების ომიკრონის შტამის მიმართ შემცირებული ეფექტიანობის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის მარტში, გამოცემა New England Journal of Medicine-ში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, კორონავირუსის საწყისი შტამებისთვის შექმნილი ვაქცინები აცრიდან ექვსი თვის შემდეგ ომიკრონის მიმართ მგრძნობელობას კარგავენ – ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის აუცილებლობას სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინაზე კიდევ ერთი ამერიკული გიგანტი, Moderna მუშაობს. პრეპარატი კლინიკური ცდების მეორე ეტაპს გადის.
დატოვე კომენტარი