საქართველოში ექთნების დეფიციტია, ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა

საქართველოში ექთნების დეფიციტია, ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტს განიცდის. დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში ზრდის დინამიკით ხასიათდება და 2017 წელს 509.0 შეადგინა (100 000 მოსახლეზე), ის მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.

მთავრობის მიერ დამტკიცებულ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა დანიაში იგივე მაჩვენებელი არის 4.6, გერმანიაში 3.3, უკრაინაში – 2.2, ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობაა 4:1.

საქართველოს მოსახლეობის მქონე ქვეყანას ყოველწლიურად ესაჭიროება დაახლოებით 1200 ექთანი (მხოლოდ ექთანი). ევროპის ქვეყნების საშუალო რაოდენობასთან შედარების საფუძველზე შემოთავაზებულია, რომ ექთნების სამიზნე თანაფარდობა მოსახლეობასთან იყოს 610 / 100 000-ზე – ანუ 27 000 ექთანი.

ექთნების სიმცირე ორი ფაქტით აიხსნება: დაბალი პრესტიჟულობა და ამ სპეციალობის დაუფლებისთვის ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა. კერძოდ, საექთნო საქმის მისანიჭებელი კვალიფიკაციის საბაკალავრო პროგრამა ქვეყნისათვის პრიორიტეტული დარგების ჩამონათვალში არ შედის. შესაბამისად, აღნიშნული კვალიფიკაციის მიმართულებით არ არის უფასო სწავლების პროგრამები და სტუდენტმა დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს სახელმწიფო გრანტის მიღების გზით, პროფესიული პროგრამები კი ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებში.

რაც შეეხება მთავრობის სტრატეგიას, გეგმაში ვკითხულობთ, რომ 2025 წლიდან საექთნო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის/ლიცენზიის/სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში. 2025 წლის შემდეგ ექთნებს რეგისტრაციისთვის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამასთან, განისაზღვრება საექთნო სპეციალობების ნუსხა. დოკუმენტის მიხედვით, გაიზრდება საექთნო სამაგისტრო პროგრამებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *