"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

ფილმების სტრიმინგ-სერვისი მკვდარია - Netflix-ი მხოლოდ დასაწყისია

Forbes-WEB-22042115

ამასწინათ Netflix-მა 2022 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელმაც ინვესტორები საგონებელში ჩააგდო, რადგან ფილმებისა და სერიალების ყველაზე პოპულარულმა სტრიმინგ-სერვისმა ორასი ათასი გამომწერი დაკარგა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის – მეორე კვარტალში კომპანია ორი მილიონი გამომწერის დაკარგვას ვარაუდობს.

მოდი, პირდაპირ ვიტყვი: ჩემთვის Netflix-ის უღიმღამო ფინანსური შედეგი და შემდეგი კვარტლის კიდევ უფრო პესიმისტური პროგნოზი სულაც არ ყოფილა მოულოდნელი. პირიქით, ამ ფაქტმა ერთხელ და სამუდამოდ დამარწმუნა იმ მოსაზრების სისწორეში, რომელსაც კერძო საუბრებისას უკვე რამდენიმე წელია, ვაყალიბებ,: გრძელვადიან პერსპექტივაში, სტრიმინგ-სერვისი არამდგრად ბიზნესმოდელს ეფუძნება, რაც ამ ბიზნესს სამარეს უთხრის – Netflix-ი კი ამ ტენდენციის ყველაზე ნათელი სიმბოლოა.

ისე კი, სანამ Netflix-ის ბიზნესმოდელის ნაკლოვანებებზე გადავალ, ამ კომპანიის გლობალურ (და ამერიკულ) ბაზარზე ტრიუმფალური შემოსვლა უნდა მიმოვიხილო. საქმე ისაა, რომ რეალურად საკუთარი სიდიადე Netflix-მა 2011 წელს დაანახა მსოფლიოს, როცა სატელევიზიო ინდუსტრიის ვეშაპებს აჯობა და ლეგენდარული „ბანქოს სახლის“ ჩვენების უფლება მოიპოვა. იმ დროს Netflix-ის გამოჩენა ტრადიციული სატელევიზიო ქსელების ქვიშის მოედანზე ძალიან წააგავდა იმ მომენტს, მწყემსი დავითი რომ გამოვიდა ფილისტიმელ გოლიათთან საბრძოლველად – შეიძლება ითქვას, რომ Netflix-მა დაამარცხა კიდევაც თავისი გოლიათები, რადგან მას მერე კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობამ ექსპონენციური ზრდა განაგრძო.

თუმცა Netflix-ის წარმატებას მხოლოდ სატელევიზიო გიგანტების მოუქნელობას ვერ დავაბრალებთ: მომხმარებელთა მოსაზიდად განსაკუთრებულად ეფექტიანი  აღმოჩნდა პლატფორმის ის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლებს სერიალების ყველა სერიის მიყოლებით ყურების შესაძლებლობას აძლევს – ჩვენი ცხოვრება ზედმეტად დინამიკურია იმისთვის, რომ ის სატელევიზიო ბადეებს მოვარგოთ. მოგვიანებით Netflix-მა პლატფორმაზე არაერთი საკულტო ფილმი და სერიალი დაამატა და საერთოდ, დასავლური პოპკულტურის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

თუმცა ყველაფერი ეს კარგია მაშინ, როცა კომპანია მონოპოლისტია (ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით, ცხადია). Netflix-ის უკიდეგანო წარმატების ფონზე, საქმეში NBCUniversal-ის Peacock-ი, AppleTV+, Warner Bros. Discovery-ი, Hulu, Paramount +, HBO Max-ი, Amazon Prime Video და Disney+ ჩაერთნენ – მოკლედ, გამოვიდა ისე, რომ სტრიმინგ-სერვისში ფილმებსა და სერიალებზე მომუშავე ლამის ყველა კომპანია ჩაერთო.

ამგვარმა კინემატოგრაფიულმა კაკოფონიამ Netflix-ის სერვისს უნიკალურობა დაუკარგა, რის გამოც კომპანია საკუთარი ფილმებისა და სერიალების წარმოებაზე გადაერთო, მაგრამ სიმართლეს ვერ გავექცევით – რამდენიმე გამონათების გარდა, ეს პროდუქტი მაყურებლისთვის დიდად მიმზიდველი არ არის – ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში.

ახლა კი დროა, სივრცე ანალიზს დავუთმოთ. საქმე ისაა, რომ ეკონომიკურად, ზემოხსენებული კომპანიების სრული უმრავლესობა ერთისა და იმავე ტიპის პროდუქტს აწარმოებს – სიმარტივისთვის წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ზემოთ  ხსენებული კომპანია ბოთლებში დაფასოებულ სასმელ წყალს აწარმოებს. რეალურად, უმეტეს შემთხვევაში და ceteris paribus, ბოთლის წყალი იმდენად იდენტური პროდუქტია, რომ მომხმარებელი ბევრიდან რომელიმეს მოიხმარს.

თამამად ვიტყვი, რომ სტრიმინგ-სერვისების ბაზარზე ანალოგიური სიტუაციაა, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსით: საქმე ისაა, რომ ბოთლის წყლის ბიზნესისგან განსხვავებით, ფილმებისა და სერიალების ტიპურ მომხმარებელს, დროის გარკვეული მონაკვეთის, პირობითად, ერთი თვის განმავლობაში ერთი რომელიმე სტრიმინგ-პლატფორმის ყურება კი არ სურს, არამედ ყოველი მათგანის – გააჩნია, რის განწყობაზეა ის. ადამიანები, რომლებსაც სუპერგმირებზე გადაღებული ეპიკური ფილმები უყვართ, უყურებენ როგორც Disney-ის შვილობილი Marvel-ის ფილმებს, ასევე Warner Bros.-ის შვილობილი DC-ის ფილმებს. თუმცა ეს საკმაოდ პრობლემურია, რადგან ამ შემთხვევაში, მომხმარებელი ერთდროულად Disney+-ისა და HBO Max-ის მომხმარებელი უნდა იყოს, რაც, დღევანდელი მონაცემებით, მას სულ მცირე $17.98 დაუჯდება, ყოველთვიურად. წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანს მეგაპოპულარული Squid Game-ის ყურება უნდა – ამისთვის მან Netflix-ი უნდა გამოიწეროს და თვეში, სულ მცირე, $9.99 გადაიხადოს. და თუ მას ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზის ფილმების ყურებაც უყვარს, მაშინ Amazon Prime Video-ც უნდა გამოიწეროს, თვეში $8.99-ად.

სწორედ ამ უაზრო ფინანსურ მოთხოვნებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მომხმარებლებს ურჩევნიათ, ფილმებისა და სერიალების სტრიმინგისთვის საერთო ანგარიშები ჰქონდეთ. ეს კი სტრიმინგ-პლატფორმების პირდაპირი მტერია, რომლის დამარცხება ძალიან, ძალიან რთულია.

მოდი, ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ: მაღალი ხარისხის სტრიმინგ-სერვისის მისაღებად თვეში ათი დოლარის გადახდა  არცთუ ისე რთულია – ისევ ამერიკული სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, Starbucks-ის ორი-სამი ფრაპუჩინოს ამბავია. თუმცა საქმე ისაა, რომ სტრიმინგ-სერვისის მომხმარებლების ერთ პლატფორმასთან მიჯაჭვება არაბუნებრივი და აბსურდულია, ხოლო ამ მიზნის შეუძლებლობაზე აღარაფერს ვამბობ.

აქვე უნდა ვთქვა, რომ სტრიმინგ-სერვისის გამოწერის ბიზნესმოდელი, თავისთავად, ფულის შოვნის საკმაოდ კარგი გზაა, უბრალოდ – არა კინოინდუსტრიისთვის. ამ ბიზნესმოდელს საუცხოოდ იყენებენ სპორტული სტრიმინგ-პლატფორმები, რადგან პროდუქტი, რომელსაც ისინი აწარმოებენ (ამ შემთხვევაში ლაივ-თამაშების სტრიმინგს ვგულისხმობ და არა დოკუმენტურ ფილმებსა და სერიალებს) – იდენტური და მარტივად ჩანაცვლებადი არ არის. ამ მხრივ, ძალიან კარგი ხედვა აქვს Setanta Sports-ს, რომელიც ერთ პლატფორმაზე აჩვენებს როგორც წამყვანი საფეხბურთო და საკალათბურთო ლიგების თამაშებს, ასევე ჩოგბურთის წამყვანი ჩემპიონატების მატჩებს, F1-ის რბოლებსა და UFC-ის ბრძოლებს. მარტივად რომ ვთქვა, ეს არის პლატფორმა, რომელიც ფაქტობრივად ყველა სპორტულ მოვლენას აერთიანებს, თან – საკმაოდ მისაღებ ფასად.

დღევანდელ რეალობაში Setanta Sports-ის მოდელის მქონე ფილმებისა და სერიალების ისეთი სტრიმინგ-პლატფორმის შექმნა ალბათ შეუძლებელია, რადგან ლამის ყველა დიდ კონოსტუდიას საკუთარი პლატფორმა აქვს. ამგვარი მიდგომა Netflix-ს თავის დროზე რომ აერჩია, დღეს, სულ მცირე, ეს ბლოგი არ დაიწერებოდა და ვინ იცის, კიდევ რა იქნებოდა სხვანაირად.

ამგვარად, Netflix-ს მხოლოდ რამდენიმე გამოსავალი აქვს და, ჩემი აზრით, ოპტიმალური შედეგის მიღწევა მხოლოდ მათი კომბინირებით შეიძლება. Netflix-ი სრულად უნდა გადაერთოს საკუთარი ფილმებისა და სერიალების წარმოებაზე და ეს უნდა გააკეთოს მაქსიმალურად კარგად და ხარისხიანად, რისთვისაც, სავარაუდოდ, ჰოლივუდის ტოპ-პროდიუსერებისა და მათი კავშირების გადმობირება იქნება საჭირო. მარტივად რომ ვთქვათ, Netflix-ი კინოსტუდიად უნდა იქცეს. დაგვიანებული და რეალური არის ეს გადასვლა თუ არა – თავისთავად, საინტერესო სადებატო თემაა.

თუმცა აქ კიდევ ერთი ნიუანსი იჩენს თავს: Netflix-ი არის სტრიმინგ-პლატფორმა, რომელმაც ფილმების გადაღება დაიწყო, ხოლო Disney-ი არის კინოსტუდია, რომელიც სტრიმინგ-სერვისის ბიზნესში შევიდა. ამ ორ მდგომარეობას შორის ძალიან დიდი სხვაობაა, რადგან ის ძალთა ბალანსს სრულად არღვევს და Netflix-ს კიდევ უფრო წაგებიან პოზიციაში აყენებს. თამამად ვიტყვი, რომ Marvel-ისა და DC-ის მსგავს ფილმებს სუპერგმირებზე ვეღარავინ გადაიღებს, რადგან უკვე ათწლეულებია, რაც ეს ბაზარი კონსოლიდირებულია. ამასთანავე, ეს ფილმები არასდროს იქნება Netflix-ზე, რადგან ორთავე ზემოხსენებულ კომპანიას საკუთარი სტრიმინგ-პლატფორმა აქვს. სხვაგვარად რომ ვთქვა, კინოსტუდიებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად იარსებონ, მაგრამ კინოსტუდიების გარეშე არსებობა Netflix-ისთვის წარმოუდგენელი რამაა.

ისე კი, მთელი ტექსტი კინოსტუდიებს მივუძღვენი, მაგრამ არაფერი მითქვამს იმ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებიც უკვე დიდი ხანია, რაც სტრიმინგის ბიზნესში არიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტრიმინგ-პლატფორმების მომავალი სწორედ Apple-სა და Amazon-ს ეკუთვნით, რადგან მათ აქვთ ამ ბიზნესის მასშტაბირების უნიკალური შესაძლებლობა და ეს სულაც არ შემოიფარგლება მათ საბანკო ანგარიშებზე არსებული კოლოსალური თანხებით. საქმე ისაა, რომ Apple-სა და Amazon-ს შეუძლიათ, სტრიმინგ-სერვისის ფასი საგრძნობლად შეამცირონ და ის საკუთარ სხვა პროდუქტებსა და სერვისებს მიაბან – თუ, მაგალითად, ადამიანი iPhone-ს ყოველთვიური გამოწერით შეიძენს (და მალე ეს შესაძლებელი გახდება), ის Apple+-ის გამოწერაზე დიდ ფასდაკლებას მიიღებს. ცხადია, რომ ეს ამ იდეის ერთადერთი და ძალიან ვიწრო გამოვლინებაა, მაგრამ ჩემს სათქმელს ჰყოფნის.

ასეთ პლატფორმებთან კონკურირება Netflix-ს კიდევ უფრო გაუჭირდება, რადგან რეალურად, კონტენტის კუთხით, ის სხვებზე დამოკიდებული ძალიან მოუქნელი კომპანიაა. ამგვარად, გრძელვადიან პერსპექტივაში Netflix-ის გადასარჩენად არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი, მაგრამ ის კომპანიის ბიზნესმოდელის თავდაყირა დაყენებას გულისხმობს. საკუთარი ფილმებისა და სერიალების წარმოების და პლატფორმაზე აწ უკვე გამოსული საკულტო და არცთუ ისე საკულტო ფილმებისა და სერიალების განთავსების გარდა, Netflix-მა უნდა მოიზიდოს ყველა ის კომპანია და მცირე, ე.წ. „ინდი-კინოსტუდია“, რომელთა პროდუქტი სხვა პლატფორმებზე არ გვხვდება. თუმცა ეს საკმარისი არ იქნება – იმისთვის, რომ Netflix-ი გადარჩეს, მან, რაც უნდა უცნაური იყოს, პირატული Adjaranet-ის მსგავსი ბიზნესმოდელი უნდა დანერგოს, საკუთარ სერვისზე წვდომა უფასო გახადოს და კონტენტის მონეტიზაცია რეკლამირებით დაიწყოს. ამგვარად, Netflix-ი გავა გაცილებით უფრო დიდ მასშტაბზე, ვიდრე სხვაგვარადაა შესაძლებელი და გრძელვადიან პერსპექტივაში – გადარჩება კიდეც. თუმცა Netflix-ი აღარასდროს იქნება ის, რაც უწინ იყო, რადგან ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა.

გააზიარე