რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (REER) არის კონკრეტული ვალუტის (მაგალითად, ლარის) საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსის ცვლილება რამდენიმე ვალუტის მიმართ, სადაც ასევე გათვალისწინებულია ქვეყნებს შორის სამომხმარებლო საქონელზე ფასებს შორის სხვაობა. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსისგან რეალური სწორედ სამომხმარებლო ფასების ინდექსებს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით განსხვავდება. მაგალითად, როდესაც ლარის რამდენიმე ქვეყნის ვალუტასთან კურსის საშუალო ცვლილება დგინდება, ასევე გათვალისწინებულია, ამავე პერიოდში ფასები როგორ შეიცვალა საქართველოსა და იმ ქვეყნებში, რომელთა ვალუტის მიმართ ვადგენთ კურსის ცვლილებას. საქართველოს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი შემდეგი ქვეყნების ვალუტებს მოიცავს: ევროზონა, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, სომხეთი, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი.
რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამოთვლას მაკროეკონომიკური დანიშნულება აქვს. ეს არ არის კურსი, რომლის მიხედვით ვალუტას გავყიდით ან ვიყიდით. ის საგარეო ვაჭრობის პირობების გაუმჯობესების ან გაუარესების მაჩვენებელია, რადგან თუ ფასები საქართველოში მეტად გაიზრდება, ვიდრე საზღვარგარეთ, იმპორტს შეუწყობს ხელს და პირიქით, თუ ფასები საზღვარგარეთ უფრო გაიზრდება, ექსპორტს შეუწყობს ხელს. რეალური კურსი ნომინალური გაცვლითი კურსისა და ფასების დონეების ცვლილების ერთობლივ ეფექტს უჩვენებს. საქართველოში, მაგალითად, თუ ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი იზრდება, მაშინ ლარი რეალურად მყარდება და საქართველოს ექსპორტის კონკურენტუნარიანობა მცირდება, ხოლო ლარის რეალური კურსის შემცირებისას, პირიქით, კონკურენტუნარიანობა იზრდება.
დატოვე კომენტარი