კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა

კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა

საქართველოს ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან ათწლეულების განმავლობაში მოუვლელობის, ხშირად არასათანადოდ ჩატარებული სარეაბილიტაციო ან თვითნებური სარემონტო სამუშაოებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოში უხეში ჩარევების გამო.

ამ მხრივ განსაკუთრებით ალბათ თბილისი და ბათუმი უნდა გამოვყოთ. ამის მიზეზია  არასრულყოფილი საკანონმდებლო გარემო და ინსტიტუციონალური მოწყობა, ცნობიერების ამაღლების საჭიროება, არასაკმარისი კვალიფიციური კადრები საპროექტო და სამშენებლო-საშემსრულებლო დონეებზე, მწირი საბიუჯეტო თანხები მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროების ფონზე. ნაშენი მემკვიდრეობა ისტორიულ ქალაქებში თავმოყრილია ცენტრალურ უბნებში, სადაც მაღალია უძრავი ქონების ფასი და დიდია დაინტერესება სამშენებლო ინვესტიციების მხრიდან. ამ ზეწოლის გამო ხშირად საფრთხის ქვეშ დგება როგორც ცალკეული ძეგლები, ასევე მთლიანად ისტორიული განაშენიანების ბედი.

ქალაქის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო განვითარებას დიდი სიფრთხილე და მაღალპროფესიონალური მიდგომა სჭირდება, რათა ყოველი ახალი ნაგებობა ჩაეწეროს კულტურულ მემკვიდრეობით გარემოში და ამავე დროს გაამდიდროს იგი. თბილისი სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ აქ სხვადასხვა პერიოდისა და სტილის არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ერთიან მრავალფეროვან ურბანულ გარემოს ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტთან ერთად, რომელიც ქალაქის ისტორიას გვიყვება.

კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებაა, რომელსაც საერთაშორისო ქარტიების დონეზე ვალდებულებად იღებენ ცივილიზებული სამყაროს ქვეყნები, მათ შორის საქართველოც. დამოკიდებულება მემკვიდრეობის მიმართ პირდაპირ მეტყველებს საზოგადოების კულტურული განვითარების დონეზე და ყოველი თაობის ვალია როგორც ღირებული ახლის შექმნა, ასევე მემკვიდრეობის გაფრთხილება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა. ეს ორი რამ ერთმანეთს ხელს სულაც არ უშლის და სწორი დაგეგმვის შემთხვევაში სწორედ მათი თანაარსებობა წარმოადგენს მდგრადი განვითარების საფუძველს. ეს არათუ ეწინააღმდეგება ეკონომიკური განვითარების პრინციპებს, არამედ პირიქით, ნაშენი მემკვიდრეობა შემოსავლის დიდი წყაროა ქალაქებისა და სახელმწიფოებისთვის, უფრო დიდი, ვიდრე ახალმშენებლობა. ეს კარგა ხანია, იციან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

“ძველი შენობები – ეს ახალი ეკონომიკაა. დღეს ისტორიული შენობების დაცვა არა მხოლოდ მათი დაცვისათვის ხდება; ამას გრძელვადიანი ეკონომიკური ბიძგი გააჩნია”, – ამბობს დონოვან რიპკემა,  ვაშინგტონში მდებარე უძრავი ქონებისა და ეკონომიკური განვითარების ფირმა Place Economics-ის ხელმძღვანელი. ხშირად გვესმის, რომ ქალაქს სჭირდება ინვესტიციები, განვითარება და ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ რაც შეეხება არქიტექტურული და ურბანული მემკვიდრეობის დაცვას ძველ უბნებში, ამასთან დაკავშირებით ცნობილია ამერიკაში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში არსებული კვლევები და გამოცდილება, რომელიც ისტორიული შენობების შენარჩუნება-განვითარების ფინანსურ და სოციალურ სარგებლიანობას უსვამს ხაზს. ეს გამოცდილება კი უჩვენებს, რომ ძველი შენობებისა და უბნების რეაბილიტაცია წარმოშობს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე ახალი მშენებლობა. მაგალითად, ამერიკის ერთ-ერთ ავტომწარმოებელ შტატში, ძველი ქუჩებისა და უბნების რეაბილიტაციაში ჩადებული ყოველი ერთი მილიონი დოლარი წარმოქმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე ავტოინდუსტრია. რიპკემას თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ამ სფეროში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა, რომლებმაც გამოავლინეს ისტორიულ შენობათა დაცვის ეკონომიკური გავლენის ოთხი ძირითადი ფაქტორი: სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახის შემოსავალი, კერძო საკუთრების გაზრდილი ღირებულება, ცენტრისა და ცალკეული უბნების გამოცოცხლება და კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარება.

მაგალითად, დელავერში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძველი შენობების რეაბილიტაციამ ყოველ ერთ მილიონ ჩადებულ დოლარზე წარმოქმნა 14.6 სამუშაო ადგილი, როდესაც ახალმა მშენებლობებმა – 11.2, წარმოებამ კი –  9.2. ჯორჯიის შტატის მთავარ ინდუსტრიებშიც მსგავსი სურათია. ერთი მილიონის ინვესტიცია იძლევა 3.5 სამუშაო ადგილს ავტომშენებლობაში, 4-ს – კომპიუტერების წარმოებაში, 8.7 სამუშაო ადგილს – საჰაერო ტრანსპორტირებაში, 10.4 – მეფრინველეობაში და 18.1 ადგილს – ძველი შენობების აღდგენაში.

რაც შეეხება უძრავი ქონების ღირებულებას, ისტორიული უბნების რეაბილიტაცია ფასს არა მარტო ისტორიულ შენობებს უმატებს, არამედ ამ შენობების ახლო განთავსებულ საკუთრებასაც. გაყიდვების ფასზე ამგვარმა ნამატმა ფილადელფიაში 131 პროცენტი შეადგინა. ტეხასის ცხრა ქალაქში, უძრავი ქონების გაზრდილი ღირებულება 5-დან 20 პროცენტამდე მერყეობს.

ბოლო 25 წლის მანძილზე, უბნებისა და ქუჩების რევიტალიზაციაზე 45 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ამან შედეგად გამოიღო 83,000 (ნეტო) ახალი ბიზნესი, 370,000 (ნეტო) ახალი სამუშაო ადგილი, შენობათა რეაბილიტაციისა და მშენებლობის 199,000 პროექტი, ამბობს რიპკემა.

ურიცხვი კვლევა ასევე გვაჩვენებს ისტორიული დაცვის გავლენას იტორიული მემკვიდრეობის ტურიზმზე. ფილადელფიაში ამგვარი ტურიზმის ანგარიშზე 45,000 სამუშაო ადგილი და 975,000,000 დოლარი წლიური მოგებაა. არკანზასის შტატში ტურისტების მთელი რაოდენობის 16 პროცენტი ითვლება ისტორიული მემკვიდრეობის ტურისტად, მაგრამ ისინი სხვა ტურისტებზე 30 პროცენტით მეტ ფულს ხარჯავენ და ორჯერ დიდხანს რჩებიან.

რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეკონომიკური ეფექტი, რიპკემას თქმით, “ეს მთლიანი სურათის მხოლოდ ნაწილია, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას აგრეთვე გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები აქვს”.

საფრანგეთში მთლიანად კულტურის სფეროდან ქვეყნის ბიუჯეტში შესულმა თანხამ 2013 წელს გადააჭარბა ავტოინდუსტრიიდან მიღებულ თანხებს. რევიტალიზებულ უბნებში ავტომატურად საგრძნობლად იზრდება კერძო ბიზნესის აქტივობა კაფეების, რესტორნების, მაღაზიების, სასტუმროებისა და სხვა ტიპის მომსახურების სახით. ნებისმიერი ქალაქის კარგად შენარჩუნებულ ისტორიულ ცენტრში ბევრად მაღალია უძრავი ქონების ფასი. გამოკითხვები აჩვენებს, რომ კერძო კომპანიების გადაწყვეტილებაში ოფისის განთავსების შესახებ, მთავარი ფაქტორი ისტორიულ ცენტრში მდებარეობაა. მსოფლიოში ტურიზმის მიმართულებებიდან ყველაზე დიდია კულტურული მემკვიდრების ტურიზმი, რომლის წილიც არის 55%, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი აქტიური ტურიზმის სექტორის ხვედრითი წილი. კულტურული მემკვიდრეობის ტურისტები სხვებთან შედარებით უფრო დიდხანს რჩებიან, ხარჯავენ 30%-ით მეტ თანხას და ხშირად ბრუნდებიან უკან. ევროპისა და აზიის მრავალი ქალაქი, რომლებმაც სათანადო ყურადღება დაუთმეს ისტორიულ უბნებს, იზიდავენ საერთაშორისო დაფინანსებას მემკვიდრეობის მოვლისათვის და გაზრდილ ინვესტიციებს. მსოფლიო მემკვიდრეობისა და იუნესკოს სიაში მოხვედრის შემდეგ კი ქალაქებში ჩადის მილიონობით ტურისტი, რაც ამ ქალაქების შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო ხდება. ეს ყველაფერი ეკონომიკურ მხარესთან ერთად საგრძნობლად აისახება სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე.

“მემკვიდრეობა რისკის ქვეშ ყველაზე მეტად მაშინ დგება, როდესაც ფული ძალიან ცოტა ან ძალიან ბევრია”, – ამბობს ესტერ ვან სტეკელენბურგი, Urban Discovery-is დამფუძნებელი, ურბანული ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიდერლანდებიდან, რომელიც ოც წელზე მეტია, ადგილობრივ ხელისუფლებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უძრავი ქონების დეველოპერებს ეხმარება კულტურული მემკვიდრეობის აქტივების კაპიტალიზებაში და რომელსაც აზიის ქვეყნებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

ევროპისა და აზიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ესტერ ვან სტეკელენბურგი ასევე ამბობს, რომ ახალ მშენებლობებთან შედარებით კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 10-20%-ით მეტ სამუშაო ადგილს ქმნის და 40%-მდე ნაკლებ სამშენებლო მასალას მოითხოვს. მისი თქმით, ჩინეთის ქალაქი ლიჯიანგი, რომელიც ტრადიციული ჩინური არქიტექტურით არის მდიდარი და ერთ დროს მიძინებული ქალაქი იყო, დღეს ყოველწლიურად 11 მილიონ ტურისტს მასპინძლობს და 1.6 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს, მაშინ როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა 140 ათასს შეადგენს.

მალაიზიის ქალაქ მელაკამ კულტურული მემკვიდრეობა და მასთან დაკავშირებული ტურიზმი პრიორიტეტად 1985 წლიდან დაისახა და ამ კუთხით ხანგრძლივი და სწორი მუშაობის შედეგად 2007 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოხვდა, რის შედეგადაც აქ ყოველწლიურად ოთხ მილიონამდე მნახველი ჩადის. ჩინეთის კიდევ ერთი ქალაქს, მაკაოს, მისი კულტურული მემკვიდრეობის სანახავად 2001 წელს 9 მილიონი ტურისტი ეწვია. მას შემდეგ რაც მაკაოს ისტორიული ნაწილი ასევე მოხვდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 2005 წელს, ტურისტების რაოდენობა იმავე წელს გაორმაგდა, 2010 წელს 22 მილიონამდე გაიზარდა, 2012-ში კი 28 მილიონს მიაღწია. აქ, ისევე, როგორც  თითქმის ყველა ისტორიულ ქალაქში, რომელიც სათანადოდ უფრთხილდება და  ავითარებს კულტურულ მემკვიდრეობით ნაწილს, საცალო ვაჭრობის გაყიდვების 60% ძველ ქალაქში ხდება.

ესტერ ვან სტეკელენბურგს სხვა მაგალითებიც მოჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, თუ რა გავლენას ახდენს კულტურული მემკვიდრეობა უძრავ ქონებაზე. ინგლისში ისტორიულ შენობებში უძრავი ქონების ფასი საცხოვრებელ ფართზე 25-35%-ით უფრო მაღალია, ხოლო საოფისეზე – 60%-ით. სინგაპურში ისტორიულ ცენტრთან ახლოს მდებარე შენობები 10-20%-ით უფრო მაღალ ფასად ქირავდება. აქ ისტორიულ ადგილებში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ღირებულება ათი წლის მანძილზე გაიზარდა 200%-ით, ხოლო საბინაო ამხანაგობების კუთვნილ საცხოვრებელ შენობებში – 150%-ით.

“ნიდერლანდების სარესტავრაციო ფონდის მიერ დახარჯული ერთი ევრო კერძო სექტორის მიერ ინვესტირებულ სამ ევროს იზიდავს. ეს პირდაპირ ქმნის სამუშაო ადგილებს, ხოლო ძეგლის აღდგენის გადადება რესტავრაციას ყოველ წელს 15%-ით აძვირებს”, – ამბობს პეტერ ფონ ფოლენროენი ნიდერლანდების სარესტავრაციო ფონდიდან.

თუმცა, რა თქმა უნდა, ფულის გადახდისას, მყიდველს სურს, ჰქონდეს გარანტია, რომ ის ისტორიული გარემო, სადაც მან ინვესტირება მოახდინა, მომავალში არ შეიცვლება და დაცული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუარესებული გარემო გამოიწვევს ფასების ვარდნას. რეაბილიტირებულ უბნებში ფაქიზი განახლების მიდგომებით საჭიროა ფუნქციური მრავალფეროვნების შენარჩუნება, განსაკუთრებით, საცხოვრებელი ფუნქციის გაფრთხილება, რათა ეს უბნები არ დაიცალოს უმნიშვნელოვანესი სოციალური კომპონენტისაგან და არ იქცეს ზედმეტად ტურისტულ და გადატვირთულ ადგილად, სადაც მხოლოდ უსულო შენობები დარჩება.

ისტორიულ ზონებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და სამშენებლო რეგულაციების მხრივ თბილისმა ბოლო წლებში გარკვეული დადებითი ნაბიჯები გადადგა. თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება არასაკმარისი თანხები, სარესტავრაციო სამუშაოების ხარისხი და ცალკეული უხეში ჩარევები (მაგ., მირზა შაფის ქუჩა და პანორამა თბილისი) მისი ისტორიული დაცვის და ბუნებრივი ლანდშაფტის ზონებში. ამ პრობლემების და ისტორიული ნაწილის მართვის მხრივ ნაკლოვანებების გამო თბილისი ჯერ ვერ ახერხებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოხვედრაზე წარმატებული განაცხადის გაკეთებას. ნებისმიერი განვითარება დაფუძნებული უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და მდგრადი განვითარების პრინციპებზე, რაც ისტორიული ქალაქების ეკონომიკური წარმატების  წინაპირობაც არის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *