თამამად შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის შედეგად განათლების სფეროში ცვლილებებისა და ინოვაციების შემოსვლის ტემპი დაჩქარდა, რამაც ამ ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის წინაპირობა შექმნა. გაციფრულების შედეგად განათლების გლობალურ ბაზარზე არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი გაჩნდა და, ბაზრის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ზოგიერთი მათგანის „უნიქორნად“ გადაქცევის პოტენციალსაც დავინახავთ. ბოლო დროს, განათლების ინდუსტრია ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველ სფეროდ იქცა – 2021 წელს, მსოფლიო მასშტაბით, ედტექ-კომპანიებმა $20 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდეს.
განათლების გაციფრულების გლობალური ტრენდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ქართველების მიერ გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ედტექ-სტარტაპი Edumentors-ი, რომელიც უცხოელი ინვესტორების მიერ $5 მილიონადაა შეფასებული. www.edumentors.co.uk – ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც უმოტივაციოდ დარჩენილ მოსწავლეებს სწავლის ხალისსა და მოტივაციას უბრუნებს. თუმცა განსხვავებულია Edumentors-ის მიდგომა – ბავშვების სწავლების საქმეს კომპანია საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტებს ანდობს, რომლებიც მათთან საერთო ენას იოლად პოულობენ და სწავლის პროცესს ხალისით ავსებენ. ისე კი, კონკრეტულ საგნებში ტუტორინგის გარდა, სტუდენტები ბავშვებს საუნივერსიტეტო ცხოვრებისაკენ გზის გაკაფვაშიც ეხმარებიან.
სტარტაპის ბაზარზე გამოჩენიდან მალევე, Edumentors-ი მშობლებისა და ბავშვების საყვარელ საგანმანათლებლო პლატფორმად იქცა. ამ საინტერესო ბიზნესმოდელს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნინო დვალიძემ შემთხვევით მიაგნო, როცა პანდემიის გამო უმოტივაციოდ დარჩენილი შვილისთვის სტუდენტი-ტუტორები მოძებნა.
„სკოლის შემდეგ დამატებით გაკვეთილებზე დასწრება ბავშვებისთვის იოლი არ არის. თუ ბავშვს ტუტორთან ურთიერთობა არ უხარია, გაკვეთილზე შესვლას ვერაფრით აიძულებ. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა დავინახე სწავლის პროცესში სტუდენტების ჩართვით. მას მერე, დამატებით გაკვეთილებზე დასწრება ჩემს შვილს აღარ დაზარებია და თან, სულ რამდენიმე თვეში, პროგრესი ისეთ საგნებშიც მივიღეთ, რომლებიც ბავშვს საერთოდ არ უყვარდა“, – ამბობს ნინო დვალიძე.
თუმცა, როგორც ნინო ამბობს, ეს პრობლემა უნივერსალურია, რაც მას დიდ საბაზრო პოტენციალს უქადის – სწორედ ეს იქცა Edumentors-ის ბიზნესმოდელის გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე ტესტირების ბიძგად. რაც შეეხება ნინოს, მას განათლების სფეროს სიღრმისეული ცოდნა და ანტრეპრენიორობის გამოცდილება აქვს – ის Mynanny-ის თანადამფუძნებელი და 500Global-ის აქსელერაციის პროგრამის ალუმნია.
Edumentors-ის განვითარების გზაზე ნინოს თორნიკე ასათიანი შეუერთდა, რომელიც London Business School-ის ბიზნესადმინისტრირების აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ საერთაშორისო ჯანმრთელობის ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ჩართული სტარტაპის, PCL Health-ის საოპერაციო დირექტორი იყო. თუმცა ამ საქმიდან გამოსვლის გადაწყვეტილება თორნიკემ მარტივად მიიღო და ნინოსთან ერთად Edumentors-ის განვითარებაზე გადაერთო.
„ამ იდეის პოტენციალი თავიდანვე დავინახე. ნინომ საკუთარ შვილს გადაუჭრა პრობლემა, რომელიც მილიონობით მშობელს აწუხებს, მსოფლიო მასშტაბით. საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტები შეუდარებელი მენტორები არიან – სწავლაზე გულაცრუებულ ბავშვებს ხალისს უბრუნებენ და თავდაჯერებულობას უმაღლებენ“, – ამბობს Edumentors-ის თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი, თორნიკე ასათიანი. თუმცა ეს ყველაფერი როდია: თორნიკეს თქმით, Edumentors-ს კარგად გაწერილი ბიზნესმოდელი აქვს, რომლის საშუალებით მომხმარებლის მოზიდვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი, რაც, თავისთავად, ბიზნესის უკიდეგანო მასშტაბირებას უწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად Edumentors-ი გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე გაეშვა, კომპანიის დამფუძნებლებს ბიზნესის განვითარების გლობალური ამბიცია ჰქონდათ – დღეს სტარტაპს მომხმარებლები შვიდი ქვეყნიდან ჰყავს. სწორედ ასეთი სწრაფი ზრდის დამსახურებაა ის, რომ პირველი საინვესტიციო რაუნდისას კომპანიამ იმაზე გაცილებით უფრო დიდი ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე მოთხოვნილი ჰქონდა – დღეს თანადამფუძნებლები კომპანიის საერთაშორისო ექსპანსიისთვის შესაფერის სტრატეგიულ ინვესტორს არჩევენ. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელ, ირლანდიელ, ამერიკელ და ავსტრალიელ ინვესტორებთან ერთად, Edumentors-ის პირველ საინვესტიციო რაუნდს ცნობილი ქართული სტარტაპის, Pulsar.ai-ის თანადამფუძნებელი, ზაალ გაჩეჩილაძეც შეუერთდა.
„ნინომ და თორნიკემ სწორ ბიზნესმოდელს მიაგნეს, რასაც სტარტაპის სწრაფი ზრდა ადასტურებს. მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მხოლოდ ახლა იწყება და Edumentors-ს შესაძლებლობა აქვს, ამ პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. ქართველი ანტრეპრენიორების ამ წამოწყებაში სიამოვნებით ჩავერთე, რადგან საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მხარდაჭერა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა“, – ამბობს Pulsar.ai-ის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი, ზაალ გაჩეჩილაძე.
პირველი საერთაშორისო საინვესტიციო რაუნდის შედეგად, Edumentors-ი $5 მილიონად არის შეფასებული. განვითარების საწყის ეტაპზე კომპანია ევროპულ ბაზარზე აპირებს თავის დამკვიდრებას, ხოლო სამომავლოდ – ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გეგმავს მასშტაბირებას.
დატოვე კომენტარი